წარმოიდგინეთ, რომ პირველად მიდიხართ ქვეყანაში, სადაც არასდროს ყოფილხართ. არ გაქვთ რუკა, GPS, ინტერნეტი და ზოგ შემთხვევაში არც არავინ გახლავთ გვერდით, ვისაც გზას ჰკითხავთ. დანიშნულების ადგილი კი რამდენიმე ათასი კილომეტრითაა დაშორებული.

დაახლოებით ასეთი ამოცანის წინაშე დგება ბევრი გადამფრენი ფრინველი პირველი მიგრაციისას.

"რამდენიმე ათასი კილომეტრი" გაზვიადება ნამდვილად არ არის. 2022 წელს დაახლოებით ხუთი თვის bar-tailed godwit-მა, ანუ დიდი ლია-კუდამ, ალასკიდან ტასმანიამდე 13 560 კილომეტრი შეუსვენებლად იფრინა. მოგზაურობას 11 დღე და ერთი საათი დასჭირდა. გზაში ფრინველი არც საკვების მოსაპოვებლად გაჩერებულა და არც დასასვენებლად.

ზოგი სახეობის შემთხვევაში ასეთი ფრინველი გზას უფროსებისგან სწავლობს, თუმცა მრავალი გადამფრენი ფრინველი პირველ მოგზაურობას გამოცდილი თანამგზავრების დახმარების გარეშე იწყებს. მიუხედავად ამისა, მათ შეუძლიათ სწორი მიმართულებით გაფრენა და იმ რეგიონამდე მიღწევა, სადაც მათი სახეობა ზამთარს ატარებს.

როგორ?!

ერთი მარტივი პასუხი არ არსებობს. ფრინველების ნავიგაცია რამდენიმე სხვადასხვა სისტემის ერთობლიობაა. ისინი იყენებენ მზეს, ვარსკვლავებს, დედამიწის მაგნიტურ ველს, ლანდშაფტს, ზოგ შემთხვევაში სუნსაც კი. ამ ყველაფერს თანდაყოლილი ინფორმაცია და შემდეგ უკვე გამოცდილება ემატება.

სხვა სიტყვებით, ფრინველს ერთი GPS-ის ნაცვლად რამდენიმე სხვადასხვა სანავიგაციო სისტემა აქვს.

პირველი მოგზაურობა, რომელიც დაბადებამდე "დაიგეგმა"

ფოტო: Ebird

განსაკუთრებით საინტერესო ახალგაზრდა ფრინველები არიან. თუ მათ გზა არასდროს გაუვლიათ, საიდან იციან, საით უნდა გაფრინდნენ?

კლასიკური ახსნა ე.წ. "საათი და კომპასის" მოდელია. მისი მიხედვით, ბევრი ახალგაზრდა გადამფრენი ფრინველი მემკვიდრეობით იღებს ერთგვარ პროგრამას: როდის დაიწყოს მიგრაცია, რომელი მიმართულებით იფრინოს და დაახლოებით რამდენ ხანს შეინარჩუნოს ეს მიმართულება.

ეს არ ნიშნავს, რომ ფრინველის გენებში აფრიკამდე დეტალური მარშრუტია ჩაწერილი. უფრო ჰგავს ინსტრუქციას: გარკვეული დროის განმავლობაში იფრინე სამხრეთ-დასავლეთისკენ, შემდეგ შეცვალე მიმართულება და გზა განაგრძე.

გუგულების შემთხვევაში ამბავი კიდევ უფრო საინტერესოა. გუგული კვერცხს სხვა სახეობის ფრინველის ბუდეში დებს, ამიტომ ბარტყს საკუთარი მშობლები საერთოდ არ ზრდიან. შესაბამისად, მათგან ვერც აფრიკისკენ მიმავალ გზას ისწავლის.

მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა გუგულებს მიგრაცია შეუძლიათ.

ექსპერიმენტში მეცნიერებმა მიგრაციაზე მყოფი ახალგაზრდა გუგულები ჩვეულებრივი მარშრუტიდან დაახლოებით 1800 კილომეტრით აღმოსავლეთით გადაიყვანეს. ფრინველებმა კურსი შეცვალეს და სახეობისთვის დამახასიათებელ მიგრაციულ გზას მიუახლოვდნენ.

ეს მიანიშნებს, რომ სულ მცირე ზოგი ფრინველის თანდაყოლილი სანავიგაციო სისტემა შეიძლება უფრო რთული იყოს, ვიდრე მარტივი ინსტრუქცია: "იფრინე ამ მიმართულებით".

მზე საათის გარეშე დიდად ვერ დაგეხმარებათ

ფოტო: rozhlas

დღისით მიგრირებულ ფრინველებს მიმართულების დასადგენად მზის გამოყენება შეუძლიათ.

აქ ერთი პრობლემა ჩნდება: მზე ცაზე მუდმივად მოძრაობს. თუ მხოლოდ მის მდებარეობას დაეყრდნობით, დილით და საღამოს ერთი და იგივე მიმართულება სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდება.

ამიტომ ფრინველები მზის მდებარეობას საკუთარ ბიოლოგიურ საათს უკავშირებენ. მათთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ის კი არ არის, სად ჩანს მზე, არამედ ისიც, დღის რომელი მონაკვეთია.

ორი სისტემა ერთად უკვე საკმაოდ კარგი კომპასია. მზის ამოსვლისა და ჩასვლის პერიოდში დამატებითი მინიშნება ცის პოლარიზებული სინათლის ნიმუშებიც შეიძლება იყოს. ასეთი ინფორმაცია განსაკუთრებით გამოსადეგია მაშინ, როდესაც მზე ჰორიზონტთან ახლოსაა.

ღამით საქმეში ვარსკვლავები ერთვება

ფოტო: peckperk

ბევრი პატარა გადამფრენი ფრინველი ძირითადად ღამით მოგზაურობს. ამ შემთხვევაში მზის კომპასი დროებით გამოუსადეგარია, თუმცა ცაზე კიდევ ერთი უზარმაზარი სანავიგაციო სისტემა რჩება... ვარსკვლავები!

ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ფრინველებს ვარსკვლავიანი ცის გამოყენება მიმართულების დასადგენად შეუძლიათ. საინტერესოა ისიც, რომ მათ უბრალოდ რომელიმე კონკრეტული ვარსკვლავის "მისამართი" არ აქვთ დამახსოვრებული.

დედამიწის ბრუნვის გამო ვარსკვლავები ღამის განმავლობაში თითქოს ერთ წერტილს უვლის გარშემო. ექსპერიმენტული მონაცემები აჩვენებს, რომ ახალგაზრდა ფრინველებს ცის ამ მოჩვენებითი ბრუნვის დაკვირვებით შეუძლიათ ჩრდილოეთის მიმართულების განსაზღვრის სწავლა.

ღრუბლიანი ღამე კი მოგზაურობის დასასრული არ არის. ფრინველებს კიდევ ერთი კომპასი აქვთ, რომლის გამოყენებაც ადამიანს დამატებითი მოწყობილობის გარეშე არ შეუძლია.

კომპასი, რომელიც სხეულშია

ფოტო: AI

ექსპერიმენტებით უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ ფრინველებს დედამიწის მაგნიტური ველის გამოყენება შეუძლიათ.

მათი მაგნიტური კომპასი ჩვეულებრივ კომპასს ზუსტად არ ჰგავს. ბევრი ფრინველი მაგნიტური ველის პოლარობის ნაცვლად ველის ხაზების დახრილობას იყენებს. ეს მათ საშუალებას აძლევს განსაზღვრონ მიმართულება პოლუსისკენ ან ეკვატორისკენ.

კიდევ უფრო საინტერესო კითხვაა: როგორ გრძნობს ფრინველის ორგანიზმი იმას, რასაც ჩვენ საერთოდ ვერ ვგრძნობთ?

ერთ-ერთი წამყვანი ჰიპოთეზა ფრინველის თვალში არსებულ სინათლეზე მგრძნობიარე ცილებს, კრიპტოქრომებს უკავშირდება. სინათლის ზემოქმედებით მათში მიმდინარე ქიმიურ რეაქციებზე დედამიწის სუსტმა მაგნიტურმა ველმაც შეიძლება იმოქმედოს.

ამ ჰიპოთეზის სასარგებლოდ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არსებობს, თუმცა მექანიზმის ყველა საფეხური ჯერ გარკვეული არ არის. მეცნიერები მაგნიტური ველის აღქმის სხვა შესაძლო მექანიზმებსაც იკვლევენ.

ანუ ვიცით, რომ ფრინველებს მაგნიტური ინფორმაციის გამოყენება შეუძლიათ. ზუსტად როგორ მუშაობს ამ სისტემის სრული "ინჟინერია", ჯერ კიდევ გასარკვევია...

კომპასი ერთია, რუკა კი მეორე

ფოტო: Nyheder

მიმართულების ცოდნა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმის ცოდნას, სად იმყოფებით.

თუ თბილისიდან ბათუმისკენ მიდიხართ და ვინმემ მოულოდნელად ერევანში გადაგიყვანათ, იმის ცოდნა, სად არის დასავლეთი, ბათუმში დასაბრუნებლად საკმარისი აღარ იქნება. ჯერ საკუთარი მდებარეობაც უნდა განსაზღვროთ.

ზუსტად ამიტომ განასხვავებენ მეცნიერები ფრინველების "კომპასსა" და "რუკას".

გამოცდილ ფრინველებს შეუძლიათ გამოიყენონ მთები, მდინარეები, სანაპიროები და სხვა ვიზუალური ორიენტირები. ზოგი სახეობისთვის მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს სუნიც. არსებობს მტკიცებულებაც, რომ დედამიწის მაგნიტური ველის სხვადასხვა მახასიათებელი მათ არა მხოლოდ მიმართულების, არამედ მდებარეობის შესახებაც აწვდის ინფორმაციას.

ასაკთან ერთად ეს სისტემა უფრო დახვეწილი ხდება. თანდაყოლილ ინსტრუქციებს გამოცდილება ემატება და ფრინველს უკვე შეუძლია ნაცნობ ადგილებთან დაბრუნება და გზიდან გადახრის უკეთ გამოსწორება.

ერთი სისტემის ნაცვლად ბევრი ინსტრუმენტი

ბათუმი — გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება

ფოტო: Batumiraptorcount

სწორედ აქ შეიძლება იმალებოდეს ფრინველების შთამბეჭდავი ნავიგაციის მთავარი საიდუმლო!

მათ არ აქვთ ერთი უნარი, რომელიც ყველა პრობლემას აგვარებს. თუ მზე ჩანს, მისი მდებარეობა შეიძლება გამოიყენონ. ღამით ვარსკვლავები ეხმარებათ. დედამიწის მაგნიტური ველი დამატებით კომპასს აძლევთ. გამოცდილ ფრინველებს ლანდშაფტი და უკვე ნასწავლი მარშრუტები ეხმარებათ. ზოგ სახეობაში მნიშვნელოვანი ხდება სუნი და სოციალური სწავლაც.

ეს სისტემები ერთმანეთს ავსებს და ზოგჯერ ერთმანეთის გასასწორებლადაც გამოიყენება. ამ სანავიგაციო შესაძლებლობების სანახავად კი შორს წასვლა არ გვჭირდება...

ყოველ შემოდგომაზე მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი ბათუმის მახლობლად გადის. შავი ზღვა და კავკასიის მთები მათ მარშრუტს ავიწროებს და აჭარის თავზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიგრაციული დერეფანი იქმნება.

ფრინველები, რომლებსაც შეიძლება ათასობით კილომეტრი უკვე გამოვლილი ჰქონდეთ და წინ კიდევ ამდენივე ელოდეთ, რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენს თავზე გადიან.

ასევე: სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა

ამ პროცესებზე დასაკვირვებლად წელს აჭარაში NEXT.On.ge-ის გუნდიც გაემგზავრება. "მომთაბარე პოდკასტის" ფორმატში მიგრაციის მთავარ ადგილებს მოვინახულებთ, ფრინველებზე დამკვირვებლებსა და მკვლევრებს შევხვდებით და ვეცდებით ვაჩვენოთ, როგორ გამოიყურება ფრინველების ეს "უზარმაზარი" მოგზაურობა მიწიდან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.