შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას
ფოტო: Science
ასტროფიზიკოსებმა დაადგინეს, თუ რა კანონზომიერებით აფრქვევს შავი ხვრელები მატერიის მძლავრ ნაკადებს ვარსკვლავების შთანთქმისას. ეს ობიექტები იმდენად მკვრივია, რომ გარკვეული ზღვრის — მოვლენათა ჰორიზონტის — მიღმა მათ უძლიერეს მიზიდულობას სინათლე და მატერიაც კი ვეღარ უსხლტება.
მნათობი ე.წ. სპაგეტიფიკაციის პროცესში ნადგურდება. ამ დროს შავი ხვრელი მათ შემადგენელ აირებსა და პლაზმას "წელავს". ის ვარსკვლავის მატერიის დაახლოებით ნახევარს შთანთქავს, დანარჩენი ნაწილი კი კოსმოსში მძლავრი ნაკადების სახით იტყორცნება. ეს ამოფრქვევები იმდენად მასშტაბურია, რომ მთელი გალაქტიკის ევოლუციაზე შეუძლია ზემოქმედება.
"საბოლოოდ, ვარსკვლავის მხოლოდ ის ნახევარი შთაინთქმება, რომელიც შავ ხვრელთან ძალიან ახლოს აღმოჩნდება", — ამბობს დასავლეთ ავსტრალიის კერტინის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი, ადელ გუდვინი.
აქამდე ასტროფიზიკოსებისთვის ეს პროცესი სრულიად არაპროგნოზირებადი იყო. ამოფრქვევა ვარსკვლავის განადგურებიდან ზოგჯერ ერთი, ზოგჯერ კი სამი ან ხუთი წლის შემდეგ ფიქსირდებოდა.
ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში მეცნიერებმა რადიოტელესკოპების გამოყენებით 20 ე.წ. მოქცევითი რღვევის მოვლენა (ზემასიური შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის შთანთქმის პროცესი) შეისწავლეს. რადიოსიხშირე ერთადერთია, რომელიც კოსმოსში გამოტყორცნილი მატერიის მოძრაობაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა.
კვლევამ აჩვენა, რომ მატერიის ნაკადები ვარსკვლავის შთანთქმის ციკლის ორ კონკრეტულ ფაზად იყოფა. პირველი ეტაპი მაშინ იწყება, როცა შავი ხვრელის "კვების" ტემპი ყველაზე მაღალია; მეორე ფაზა კი მნათობის განადგურებიდან ასობით ან ათასობით დღის შემდეგ დგება, ანუ ზუსტად მაშინ, როცა შთანთქმის სიჩქარე მაქსიმალური მაჩვენებლის 2%-ამდე ეცემა.
მეცნიერებისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ ეს 2%-იანი ზღვარი შედარებით მცირე (მზეზე 10-50-ჯერ მასიური) შავი ხვრელების შემთხვევაში არსებობს. ახალმა დაკვირვებებმა დაადასტურა, რომ იდენტური მექანიზმი გიგანტურ, ზემასიურ შავ ხვრელებზეც ვრცელდება, რომელთა მასაც მზისას ასობით ათასჯერ ან მრავალ მილიარდჯერ აღემატება.
საბოლოო ჯამში, დასტურდება, რომ ნებისმიერი ზომის შავი ხვრელები მატერიის ნაკადს შთანთქმის ციკლის ერთსა და იმავე ეტაპზე გამოყოფს. ეს უმნიშვნელოვანესი მიგნება მეცნიერებს საშუალებას მისცემს, ზუსტად იწინასწარმეტყველონ ამოფრქვევის დრო, რაც რადიოტელესკოპებით დაკვირვების ძვირფას საათებს დაზოგავს და სამყაროს ამ ყველაზე ექსტრემალური ობიექტების სტრუქტურის უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება.
კომენტარები