ნეირონული ქსელი 1896 წელს გადაღებულ ფილმს 4K-ში გვაჩვენებს
სხვადასხვა მიზეზის გამო ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე ხშირად უარყოფით კონტექსტში საუბრობენ ხოლმე. მათი გამოყენებით, ბოროტი მიზნებისთვის ნებისმიერი რამის დამონტაჟება შეიძლება, მაგრამ თუ დენის შირიაევის მიერ გადაკეთებულ ვიდეოს ნახავთ, მაშინ მიხვდებით, რომ AI-თ აღჭურვილ ხელსაწყოებს ბევრი კარგი რამის შექმნაც შეუძლიათ.
ესაა 1896 წელს გადაღებული, შავ-თეთრი ფილმი, რომელიც დენისმა 4K (წამში 60 კადრით) გარჩევადობამდე გაზარდა.
ძველ ფილმებს ხშირად სხვადასხვა ვიზუალური ნაკლი აქვთ — გაფუჭებული გამოსახულება, აცდენილი განათება, დარღვეული ფერები. ასეთი ხარვეზები ფილმის სრულად აღქმაში ხელს გვიშლის.
1896 ლუი ლუმიერმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი L’Arrivée d’un train en gare de La Ciotat გადაიღო. ეს იყო 45-წამიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სადაც ჩანს, როგორ უახლოვდება ორთქმავალი ბაქანს.
L’Arrivée d’un train en gare de La Ciotat დღეს მაყურებელზე ისეთ შთაბეჭდილებას ვეღარ ახდენს, როგორც ადრე. მე-19 საუკუნის ბოლოს ხალხს იმისიც კი ეშინოდა, რომ მატარებელი ეკრანიდან გამოვიდოდა.
დენის შირიაევი დაინტერესდა, შეძლებდა თუ არა ნეირონული ქსელების დახმარებით (Topaz Labs' Gigapixel AI და DAIN) ფილმის ხარისხის გაუმჯობესებას.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმი მაინც შავ-თეთრია (რაც თავისუფლად შეიძლება, უბრალოდ დენისის სურვილი ყოფილიყო) ნეირონული ქსელების მიერ დამუშავებული ვიდეო ორიგინალთან შედარებით ბევრად უკეთ გამოიყურება და ის ერთი შეხედვით, შესაძლოა, თანამედროვე სმარტფონით გადაღებულიც გეგონოთ.
რა თქმა უნდა, მიღებული შედეგი იდეალურისგან შორსაა, თუმცა ეს შემთხვევა ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური დასწავლის ალგორითმების პოტენციალს კარგად აჩვენებს. იმედია მომავალში ხელოვნური ინტელექტის მსგავსი სასარგებლო მიზნებისთვის გამოყენების შემთხვევებს კიდევ ხშირად შევხვდებით.
კომენტარები