ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა გამორიცხავს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გაზაფხულზე დაგეგმილ სამთავრობო ცვლილებებზე. ამაზე მან დღეს, 28 იანვარს ჟურნალისტების კითხვის პასუხად ისაუბრა:

"ძალიან კარგად შეხმატკბილებულად ვმუშაობთ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს და არ გვცალია ამ ჭორებისთვის".

ეკონომიკის მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას "ტყუილს და "აგორებულ შავ პიარს" უწოდებს.

რამდენიმე კვირის წინ სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაზაფხულიდან სამთავრობო ცვლილებები იგეგმება. კერძოდ, მათი ცნობით, პრემიერ- მინისტრად ისევ ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება, ხოლო ამჟამინდელი პრემიერი, გიორგი გახარია დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გადავა.

გავრცელებული ინფორმაცია დაზვერვის სამსახურის უფროსის, ლევან იზორიას ელჩად გაგზავნაზე გუშინ, 27 იანვარს დადასტურდა. პოსტივის ეთერში ინტერვიუს დროს იზორიამ განაცხადა, რომ თებერვლიდან იგი გერმანიის ელჩად ინიშნება.