ეს ხოჭო ერთადერთი ცხოველია, რომელიც ნავიგაციისთვის ირმის ნახტომს იყენებს
პატარა მწერს — ფუნაგორიას, რომელიც, როგორც სახელი მეტყველებს, მეტწილად ექსტრემენტების გორაობით ირთობს თავს, ერთი საინტერესო უნარი აქვს.
ეს ხოჭოები, რომლებსაც ჩვენგან საკმაოდ განსხვავებული მხედველობა აქვთ, ნავიგაციას ცაზე დაკვირვებით ახერხებენ. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ისინი მოძრაობენ "ირმის ნახტომის", ჩვენი გალაქტიკის სპირალის მიმართულებით, რომელიც ღამით, მოწმენდილ ცაზე, ჩვენც შეგვიძლია დავინახოთ.
მას შემდეგ, რაც ფუნაგორია ექსკერემენტებისგან ბურთს მოზელს, მისი მთავარი მიზანი სწორ ხაზზე გადაადგილებაა, რაც შეიძლება შორს სხვა ხოჭოებისგან, რადგან არის ალბათობა, რომ რომელიმე ჩასაფრებულმა კოლეგამ მას საკუთარი შრომის ნაყოფი წაართვას.
თუ ფუნაგორია თავის ექსკრემენტის ბურთს დაკარგავს, საქმის დაწყება ახლიდან მოუწევს, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ფუნაგორიამ სწორ ხაზზე, გადახვევების გარეშე იმოძრაოს.
უკვე დიდი ხანია მეცნიერებმა იციან, რომ ვარსკვლავებს ნავიგაციისთვის არაერთი ხოჭო იყენებს. ხოჭოები ხედავენ პოლარიზებულ სინათლეს მზის გარშემო, რომელიც ადამიანისთვის უხილავია, თუმცა ხოჭოები ამ სინათლეს კომპასივით იყენებენ.
მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ ღამით ფუნაგორიები გადასაადგილებლად მთვარის პოლარიზებულ სინათლეს იყენებდნენ. თუმცა, როდესაც მკვლევრების ჯგუფი ფუნაგორიების შესასწავლად სამხრეთ აფრიკას ეწვია, რეალობა ოდნავ უფრო ჩახლართული აღმოჩნდა.
ფუნაგორია სწორ ხაზზე გადაადგილებას უმთვარო ღამეების დროსაც იგივე წარმატებით ახერხებდა, რაც მკვლევრებისთვის საკმაოდ უცნაური იყო.
"თავიდან არ ვიცოდით რითი აგვეხსნა ეს", — განაცხადა მკვლევარმა ერიკ ვარანტმა, "მაგრამ შემდეგ მოგვაფიქრდა, რომ ნავიგაციისთვის მათ, შესაძლოა, ვარსკვლავები გამოეყენებინათ."
მკვლევრებმა ხოჭოები პლანეტარიუმში მოათავსეს, რათა დარწმუნებულიყვნენ ღამით რომელ ციურ სხეულებს იყენებდნენ ისინი ნავიგაციისთვის.
ისეთ შემთხვევაში, როცა ცაზე ვარსკვლავები საერთოდ არ ჩანდა, მაგრამ მოჩანდა "ირმის ნახტომი', ფუნაგორიები ნავიგაციას თავისუფლად ახერხებდნენ.
ეს მკვლევრებისთვის მინიშნება იყო, რომ ამ ხოჭოების ნავიგაციის საიდუმლო, სწორედ ირმის ნახტომში იმალებოდა. ამის დასაბუთებისთვის მკვლევრებმა ხოჭოებს თავზე პატარა გაუმჭვირვალე ნაჭერი დააკრეს, რის გამოც ხოჭოები ირმის ნახტომს ვეღარ ხედავდნენ.
თავზე ნაჭერ-დაკრულმა ხოჭოებმა უმისამართოდ დაიწყეს წინ და უკან მოძრაობა. ამგვარად, მკვლევრებმა ბუნებაში პირველი შემთხვევა აღმოაჩინეს, სადაც მწერი, ნავიგაციის მთავარ საშუალემად იყენებდა არა ვარსკვლავებს ან მთვარეს, არამედ უშუალოდ ირმის ნახტომის მიმართულებას.
კვლევის ავტორის, ერიკ ვარანტის თქმით, ფუნაგორიების ნავიგაციის ტექნიკას, შესაძლოა, სხვა ხოჭოები და მწერებიც იყენებენ.
ნებრასკა-ლინკოლნის ენტომოლოგიის დეპარტამენტის, შონ დ. ვიპლის თქმით, საინტერესოა რამდენად უარყოფითად აისახება "სინათლის დაბინძურება" ხოჭოების და სხვა მწერების ნავიგაციაზე.
კომენტარები