გუგლის დახმარებით მეცნიერებმა ტვინის უპრეცედენტოდ დეტალური რუკა შექმნეს
გუგლის და JRC-ის (Janelia Research Campus) მეცნიერებმა ხილის ბუზის ტვინის 3D მოდელი წარმოადგინეს, სადაც 20 მილიონამდე სინაფსია წარმოჩენილი. ამჟამად ეს ცხოველის ტვინის ყველაზე დეტალურია სურათია, რაც კი არსებობს.
მოდელი უზარმაზარი მიღწევაა ტვინის თანამედროვე დასურათების ტექნიკაში. ეს "რუკა" რომელსაც კონექტომას ეძახიან, ხილის ბუზის ტვინის 1/3-ის დეტალურ სურათს იძლევა.
ტვინის დასურათებას და ტვინში გაბმული ფიზიკური კავშირების შესწავლას კონექტომიკა ჰქვია. ბევრი მეცნიერისთვის კონექტომიკას ნეირომეცნიერებაში დიდი გამოყენება შეიძლება ჰქონდეს, თუმცა მას კრიტიკოსებიც ჰყავს. ბევრი მეცნიერის მტკიცებით, კონექტომიკის გამოყენებით რაიმე დიდი გარღვევა არასდროს მომხდარა და ამბობენ, რომ ეს რესურსები, სჯობს სხვა საქმეებს მოხმარდეს.
"[ტვინის] ეს რეკონსტრუქცია ტექნოლოგიური საოცრებაა", — ამბობს ნეირომეცნიერი მარკ ჰამფრი, — "თავად რეკონსტრუქცია მნიშვნელოვან სამეცნიერო კითხვებზე პასუხებს არ გვაძლევს, მაგრამ ის შეიძლება საინტერესო საიდულოებების ამოხსნაში დაგვეხმაროს."
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ზუსტად არ ვიცით, რამდენად სასარგებლოა მეცნიერებისთვის ტვინის დეტალური რუკის შექმნა, უნდა ითქვას, რომ დასურათების პროცესს უზარმაზარი შრომა დასჭირდა.
ხილის ბუზის ტვინის ასეთი დეტალური სურათის მისაღებად მეცნიერებმა ბუზის ტვინი ძალიან თხელ, თითქმის უხილავ ფენებად დაჭრეს და ელექტრონული მიკროსკოპით დაასურათეს. შემდეგ ყველა ანათლის ფოტო გააერთიანეს. ყველა კომპონენტის გაერთიანებაში მეცნიერებს გუგლის სპეციალური ალგორითმი დაეხმარათ.
მიუხედავად იმისა, რომ ტვინის 3D რუკა ალგორითმმა შეადგინა, მეცნიერებმა შედეგების სისწორის შემოწმებაში ათასობით საათი დახარჯეს.
როგორც აღვნიშნეთ, 3D რუკა ტვინის მხოლოდ 1/3-ს აღწერს. ხილის ბუზის მთლიანი ტვინი 100 000 ნეირონს შეიცავს, რაც ადამიანის 86 მილიარდ ნეირონთან შედარებით ძალიან ცოტაა, ადამიანის ტვინის სრული დასურათება ამ ეტაპზე, ძალიან შორი პერსპექტივაა.
კონექტომიის პროექტის დამფუძნებლის და ინჟინერ ჯოშუა ვოგელშტეინის მტკიცებით, ტვინის 3D დასურათება შედეგს მომენტალურად არ გამოიღებს. მისი თქმით, კარგი ტექნოლოგიის შექმნასა და მის გამოყენებას შორის დაახლოებით 15 წლიანი შუალედი არსებობს.
სანამ სტატია, რომელშიც მეცნიერები თავიანთ მეთოდოლოგიას დაზუსტებით აღწერენ, საბოლოოდ გამოქვეყნდება, ხილის ბუზის ტვინის3D სურათის ნახვა ყველას შეუძლია.
კომენტარები