ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების პროცესის დაჩქარებაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ისრაელის პრეზიდენტის, რუვენ რივლინისგან თანხმობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით,შეხვედრა იერუსალიმში, საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმში მონაწილეობის მიზნით შედგა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ლეგალურად დასაქმების პროცესის დაწყების შესაძლებლობას მისცემს, ხელს შეუწყობს საქართველოდან არალეგალური ნაკადის შემცირებას.

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ელჩის ლაშა ჟვანიას განცხადებით, ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების პროექტი პრაქტიკულად მზადაა, თუმცა მის ხელმოწერას საპარლამენტო არჩევნების პროცესმა შეუშალა ხელი. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება დაეხმარება ასევე ისრაელს საზღვარზე, აეროპორტებში შექმნილი ვითარების დარეგულირებაში, რადგან ბოლო წლებში ხშირია შემთხვევები, როცა ხდება საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაცია.