ახალი იმუნური უჯრედი, შესაძლოა, "მრავალი ტიპის კიბოს განკურნების" იარაღად იქცეს — კვლევა
მეცნიერები აცხადებენ, რომ იმუნური სისტემის ახლადაღმოჩენილი უჯრედის გამოყენებით, შესაძლოა, ყველა სახის კიბო განიკურნოს.
დიდ ბრიტანეთში, კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს პროსტატის, მკერდის, ფილტვებისა და სხვა ტიპის კიბოს უჯრედების მოკვლის მეთოდი.
კვლევა ჟურნალ Nature Immunology-ში გამოქვეყნდა. ახალი მიდგომა ადამიანებში არ გამოცდილა, თუმცა ავტორები აცხადებენ, რომ მას "უზარმაზარი პოტენციალი" აქვს.
ექსპერტები კი ამბობენ, რომ ჯერჯერობით მკვლევარები ძალიან ადრეულ ეტაპზე იმყოფებიან.
რა აღმოაჩინეს?
იმუნური სისტემა ორგანიზმისთვის თავდაცვის ბუნებრივი მექანიზმია, რომელიც ინფექციებს წინააღმდეგობას უწევს, გარდა ამისა, ის კიბოს უჯრედებსაც ებრძვის, თუმცა ნაკლები ეფექტიანობით.
კვლევის ავტორები ცდილობდნენ ამოეცნოთ განსხვავებული და ჩვენთვის ამ დრომდე უცნობი ის გზები, რომლითაც იმუნური სისტემა, შესაძლოა, კიბოს უჯრედებს უტევდეს.
T-უჯრედები სისხლში არსებული უჯრედები არიან, რომლებიც ორგანიზმს მუდმივად ამოწმებენ და ცდილობენ, რომ შესაძლო საფრთხეები ამოიცნონ. T-უჯრედის ახლადაღმოჩენილი ტიპი კი გამორჩეული იმითაა, რომ მას, შესაძლოა, ჰქონდეს უნარი, რომ მრავალი სხვადასხვა ტიპის კიბოს უჯრედებს შეუტიოს.
"ამ მეთოდს აქვს შანსი, რომ ყველა პაციენტი განკურნოს. ამ დრომდე არავის მიაჩნდა, რომ ეს ოდესმე შესაძლებელი გახდებოდა. ეს აღმოჩენა T-უჯრედების გამოყენებით ქმნის ისეთი განკურნების მეთოდის შემუშავების შესაძლებლობას, რომელიც ყველა ტიპის კიბოს მიმართ ეფექტური იქნება", — აცხადებს BBC-სთან საუბარში კვლევის მთავარი ავტორი ენდრიუ სეველი.
როგორ მუშაობს?
T-უჯრედები ორგანიზმში დარღვევებისა და ნორმიდან გადახრების აღოსაჩენად სხვა უჯრედების ზედაპირებს ასკანერებენ, შემდეგ კი იმ უჯრედებს, რომლებსაც ზედაპირზე "სახიფათო" ცილები აღმოაჩნდებათ, ებრძვიან. ხოლო უჯრედებს, რომლებსაც ზედაპირზე ცილების "სტანდარტული" შემადგენლობა აქვთ, არაფერს უშავებენ.
გუნდმა აღმოაჩინა სპეციფიკური T-უჯრედი, ახალი რეცეპტორით, რომელსაც მრავალი სხვადასხვა ტიპის კიბოს უჯრედის ამოცნობა და მოკვლა შეუძლია. ლაბორატორიაში უჯრედმა კანის, ფილტვების, სისხლის, სწორი ნაწლავის, მკერდის, ძვლის, პროსტატის, საკვერცხეების, საშვილოსნოს და თირკმლის კიბოს უჯრედები წარმატებით გაანადგურა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ მეთოდის გამოყენებისას ჯანმრთელი ქსოვილები არ დაზიანებულან.
T-უჯრედი ახალი რეცეპტორის საშუალებით ახერხებს ამოიცნოს მოლეკულა, რომელიც მრავალი ტიპის კიბოს უჯრედის ზედაპირზე გვხვდება, ეს მოლეკულა ჯანსაღი უჯრედების ზედაპირზეცაა, თუმცა საოცარი ისაა, რომ ეს კონკრეტული T-უჯრედი ახერხებს, რომ ჯანმრთელი არ დააზიანოს და ის დაავადებულისგან განასხვაოს.
"ჩვენ პირველად აღვწერეთ T-უჯრედი, რომელსაც კიბოს უჯრედებზე MR1 მოლეკულის აღმოჩენა შეუძლია — ეს აქამდე არასდროს დაფიქსირებულა", — განაცხადა BBC-სთან ინტერვიუში თანამშრომელმა გარი დოლტონმა.
რატომაა ეს მნიშვნელოვანი?
T-უჯრედებს კიბოს წინააღმდეგ უკვე იყენებენ, იმუნოთერაპიაზე დაფუძნებული მკურნალობა კიბოსთან ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე დამაიმედებელ მეთოდად მოიხსენიება.
ყველაზე ცნობილი მეთოდი CAR-T-ს სახელითაა ცნობილი — ეს გენეტიკურად მოდიფიცირებული T-უჯრედებია, რომლებსაც კიბოს უჯრედების პოვნა და მათი განადგურება აქვთ "ნასწავლი."
ეს მეთოდი გარკვეულ შემთხვევებში ძალიან ეფექტიანია და სრულ გამოჯანმრთელებასაც განაპირობებს ხოლმე, თუმცა ის მაღალსპეციფიკურია და მხოლოდ გარკვეული ტიპის კიბოს მიმართ გამოიყენება.
ეს მეთოდი ლოკალიზებული სიმსივნეების მიმართ შედეგიანი არ არის და ძირითადად მხოლოდ ლეიკემიის წინაღმდეგაა ეფექტიანი.
მკვლევარები აცხადებენ, რომ მათ მიერ ნაპოვნი T-უჯრედის რეცეპტორის საშუალებით, შესაძლოა, კიბოს "უნივერსალური" მკურნალობის მეთოდს მიაგნონ.
როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი პრაქტიკაში?
პირველ რიგში პაციენტისგან სისხლის ნიმუშს აიღებენ, საიდანაც მოხდება T-უჯრედების გამოყოფა, შემდეგ კი გენეტიკური მოდიფიკაციების საშუალებით მათ ისე დააპროგრამებენ, რომ ამ უჯრედებმა კიბოს აღმომჩენი რეცეპტორი აწამოონ.
განახლებული უჯრედებს მეცნიერები ლაბორატორიაში გაზრდიან და გაამრავლებენ, შემდეგ კი პაციენტში შეიყვანენ. სწორედ ეს პროცესი გამოიყენება CAR-T თერაპიის დროსაც.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცდები ჯერ მხოლოდ ცხოველებსა და ლაბორატორიაში გაზრდილ უჯრედებზე ჩატარდა და სანამ მეთოდს ადამიანებზე გამოცდიან, უსაფრთხოების დამადასტურებელი სხვა ცდების ჩატარებაცაა საჭირო.
რას ამბობენ ექსპერტები?
შვეიცარიაში, ბაზელის უნივერსიტეტის მკვლევარები, ლუჩია მორი და ჯენარო დე ლიბერო აცხადებენ, რომ კვლევას "დიდი პოტენციალი" აქვს, თუმცა, მათი თქმით, ის ჯერჯერობით ზედმეტად ადრეულ ეტაპზეა იმის სათქმელად, რომ ის ყველა სახის კიბოს შემთხვევაში იქნება ეფექტიანი.
"ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ ახალი T-უჯრედის იმუნოლოგიური თვისებებით და მათი პოტენციალით", — ამბობენ ისინი.
მანჩესტერის უნივერსიტეტის იმუნოლოგიის პროფესორი დენიელ დევისის თქმით, ამ მომენტში კვლევა ძალიან საწყის ეტაპზეა, რეალური მკურნალობის გზებზე საუბარი კი ადრეა.
"თუმცა ცალსახაა, რომ ეს ძალიან ამაღელვებელი აღმოჩენაა, იმუნური სისტემის შესწავლის და მკურნალობის ახალი მეთოდების განვითარების კუთხით", — ამატებს ის.
რა არის შემდეგი?
ამჟამად მიმდინარეობს ექსპერიმენტები, რათა დადგინდეს ზუსტი მოლეკულური მექანიზმი, რომლითაც ეს კონკრეტული T-უჯრედი ჯანმრთელი უჯრედის დაავადებულისგან გარჩევას ახერხებს.
მკვლევარების აზრით ეს გამოწვეულია უჯრედული მეტაბოლიზმის ცვლილებით, რაც დაავადებული უჯრედის ზედაპირზე განსხვავებული შუალედური ნივთიერებების წარდგენას იწვევს.
ავტორები იმედოვნებენ, რომ უსაფრთხოების დამატებითი ცდების შემდეგ, პაციენტებთან ახალი მეთოდის გამოცდას წლის ბოლოსკენ შეძლებენ.
კვლევის მთავარი ავტორის, ენდრიუ სეველის თქმით, უსაფრთხოების ტესტირების მთავარი კომპონენტი იმაში დარწმუნებაა, რომ მოდიფიცირებული უჯრედები ჯანსაღ უჯრედებს არაფერს დაუშავებენ.
"თუ ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც ავტორები იმედოვნებენ, ეს აღმოჩენა T-უჯრედების გამოყენებით მკურნალობის უნივერსალური მეთოდის შექმნას ჩაუყრის საფუძველს", — ამბობს კარდიფის უნივერსიტეტის, უელსის კიბოს კვლევითი ცენტრის, ინფექციების, იმუნიტეტისა და კიბოს იმუნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი ავენ გალიმორი.
კომენტარები