კამერა, რომელიც (პირდაპირი გაგებით) დროსა და სივრცეს ამრუდებს
2005 წელს ხელოვანი ჯეი მარკ ჯონსონი გერმანიაში სპეციალური, განსაკუთრებით ძვირადღირებული ნივთის — ხელნაკეთი ციფრული კამერის შესაძენად ჩავიდა, რომელსაც 360-გრადუსიანი პანორამების გადაღება შეეძლო, თანაც 500-მეგაპიქსელიანი გარჩევადობით.
"15 წლის წინ ეს კამერა ციფრული ფოტოგრაფიის სამყაროში ყველაზე პოპულარული რამ იყო", — აცხადებს ის.
ჯონსონი კამერას ჰოლივუდში, ვიზუალური ეფექტების შესაქმნელად იყენებდა, ის მუშაობდა ისეთ ფილმებზე, როგორიცაა The Matrix, Titanic, და Outbreak. მოგვიანებით კი მან გადაწყვიტა, რომ ეს უნიკალური კამერა შესაძლებლობების ზღვარზე გამოეცადა.
მის მიერ გადაღებული ფოტოები კი საბოლოოდ მსოფლიოს მრავალ მუზეუმში გამოფენილ სერიად იქცა, რომელსაც Spacetime ეწოდა.
ჯონსონს არ გაუმხელია, ზუსტად რა ტექნიკის საშუალებით იღებს ასეთ ფოტოებს. კამერის მოდიფიცირების შედეგად ის ახერხებს, რომ მოძრაობაში მყოფი ობიექტები ფოტოზე ნათლად წარმოაჩინოს, უძრავი ფონი კი — ბუნდოვანი და გაურკვეველი გახადოს.
მისი თქმით, მას ეს იდეა მაშინ მოუვიდა, როდესაც გაიაზრა, რომ პანორამული კამერები გამოსახულებას დროის განმავლობაში ქმნიან. მაგალითად, როდესაც სმარტფონით პანორამულ ფოტოს იღებთ, ამ დროს ერთი მომენტის აღბეჭდვა არ ხდება — კადრის გადაღება 20-30 წამი მიმდინარეობს, ანუ მაშინ, როდესაც კამერას ატრიალებთ.
კამერის პარამეტრების ცვლილებით ჯონსონმა შეძლო, რომ ერთ კადრში ბევრად მეტი რამ ჩაეტია. თუმცა ის თავად აღიარებს, რომ ამ ფოტოების აღქმა ადამიანის ტვინისთვის რთულია, მაგრამ მისი მიზანიც ესაა. ის იმედოვნებს, რომ ამ ფოტოებით ადამიანებს აღქმის შეზღუდვებსა და თავისებურებებზე დააფიქრებს.
კომენტარები