ქვიშის ქარიშხალი და სეტყვა — ვითარება ავსტრალიაში
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ავსტრალია გამანადგურებელი, მასშტაბური ხანძრის კერებით იყო დაფარული. მეხანძრეები ცეცხლს კვლავ ებრძვიან. გვალვისა და ხანძრებისგან გამომშრალი ახალი სამხრეთ უელსის ტერიტორიას კი ახლა თავს ქვიშის ქარიშხალი და სეტყვა დაატყდა.
გუშინ ქალაქების თავზე ქვიშის ღრუბლები აღიმართა, რომლებმაც არაერთი დასახლება მთლიანად გადაფარეს. ზოგ ქალაქში, მაგალითად, დობოში და პარკესში, ქვიშის ღრუბელმა მზე მთლიანად დაჩრდილა და რამდენიმე წუთი ყველაფერი წყვდიადში მოაქცია.
ქალაქ დუბოში ქვიშის შტორმი განსაკუთრებით ძლიერმა ქარმა გამოიწვია. ავსტრალიის მეტეოროლოგიური ბიუროს მიხედვით, ქალაქში ქარის სიჩქარე 95-107 კმ/სთ-ს აღწევდა.
გვალვით და ქვიშით მოცულმა პატარა ქალაქმა შვება იგრძნო, როცა შაბათს გაწვიმდა. თუმცა, ეს ყველაფერი ექსტრემალურ სეტყვაში გადაიზარდა და ციდან ყინულის ბურთებმა დაიწყო ცვენა.
ნალექმა მთელი სამხრეთ ავსტრალია მოიცვა, ქალაქ კანბერაში კი სეტყვამ მანქანები და ინფრასტრუქტურა დააზიანა.
ახალი სამხრეთ უელსის სახანძრო სერვისების სააგენტოს თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ხანძრის კერების უმეტესობის თავზე გაწვიმდა. თუმცა ეს ცეცხლის ჩასაქრობად საკმარისი არ იყო.
ქვიშის გუშინდელი ქარიშხალი ახალ სამხრეთ უელსში ბოლო კვირის განმავლობაში უკვე მეორე იყო. ქვიშის უზარმაზარი ქარიშხალი რეგიონმა წინა ხუთშაბათსაც გამოიარა.
ავსტრალიისთვის გვალვა უცხო არ არის. თუმცა 2017 წლიდან მოყოლებული, კონტინენტზე ნალექის რაოდენობა რეკორდულად დაბალია. მეცნიერების თქმით, ეს სწორედ კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი სიმპტომია.
უნალექობა ყველაზე მეტად ავსტრალიის სოფლებზე აისახება — სიდნეის შემოგარენში არსებულ დასახლებებს წყალს სატვირთო მანქანებით აწვდიან.
ბევრი მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილებასთან და მის დამაზიანებელ ეფექტებთან საბრძოლველად ავსტრალიამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს. თვის დასაწყისში ქვეყნის მასშტაბით გამართულ აქციებში მონაწილეობა ათეულობით ათასმა ადამიანმა მიიღო, ისინი მთავრობას კლიმატის პრობლემებთან მიმართებაში უფრო აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდებდნენ.
კომენტარები