დღეს მთვარის დაბნელებაა — ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ სულ თვარის სამი სხვადასხვა ტიპის დაბნელება არსებობს — სრული, ნაწილობრივი და პენუმბრალური. დღეს კი სწორედ ამ უკანასკნელი ტიპის დაბნელების მომსწრენი გავხდებით. მანამდე კი ისიც განვმარტოთ, თუ რას ნიშნავს ეს.
ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ჩრდილი ყოველთვის მუქი შავი არ არის. მაგალითად, ერთ დღეს, როდესაც გარეთ მზეში აღმოჩნდები, შენს ჩრდილს დააკვირდი და მიხვდები, რომ მისი კიდეები მკვეთრი არ არის. დღისით, როცა სინათლის სხივები ყველა მხრიდან გეცემა, წარმოქმნილი ჩრდილის კიდეები ნაკლებად მუქი და ნაკლებად მკვეთრია. "დღის" ჩრდილები განსხვავდება ხელოვნური სინათლის წყაროს შედეგად დაცემული ჩრდილებისგან, იმიტომ, რომ დღისით სინათლე უკეთ იფანტება და მას ბევრი რამ ირეკლავს. ხოლო ჩრდილის იმ ნაწილს, რომელიც გაღიავებული და ნაკლებად მკვეთრია, პენუმბრა (ნახევარჩრდილი) ეწოდება.
დღეს საქართველოს ტერიტორიიდან მთვარის ნახევარჩრდილული დაბნელება გამოჩნდება და ამ ფენომენის ხილვა უფრო ფართო მასშტაბებში შეგიძლიათ. 10 იანვარს მთვარის პენუმბრალური დაბნელება საქართველოს დროით 21 საათსა 7 წუთზე დაიწყება. მთვარის ქვედა ნაწილზე კი დედამიწის ნახევარჩრდილის დანახვას შეძლებთ. მთვარის პენუმბრალური დაბნელება მსოფლიოს გარკვეულ ნაწილებში არ გამოჩნდება, ისე როგორც ეს ქვემოთ მოცემულ რუკაზეა ასახული.
მთვარის დაბნელებას ძირითადად სამ ფაზად გამოყოფენ ხოლმე. როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს დროით დაბნელება 21:07-ზე დაიწყება. 23:10-ზე ჩრდილი მარცხენა კიდედან ცენტრისკენ დაიძრება, ამ მომენტისთვისაც მთვარე ყველაზე ნაკლებად ნათელი იქნება. 01:12-ზე კი მთვარის დაბნელება დასრულდება.
წელს კიდევ რამდენიმე მთვარის დაბნელების მომსწრენი გავხდებით — 5 ივნისს, 5 ივლისსა და 30 ნოემბერს.
კომენტარები