ინდონეზიაში ერთ-ერთი მღვიმის კედელზე აღმოაჩინეს ნახატი, რომელზეც ასახულია სცენა, თუ როგორ ნადირობენ ნახევრად ადამიანისა და ნახევრად ცხოველის ფორმის ფიგურები ჯუჯა კამეჩსა და ღორზე.

ზოგიერთი მკვლევრის თანახმად, ეს ნახატი აქამდე აღმოჩენილი შემთხვევებიდან მსგავსი ტიპის მხატვრობის უძველესი ნიმუშია — მისი ასაკი დაახლოებით 44 000 წლით თარიღდება.

ეს ნახატი იმითაა გამორჩეული, რომ მასზე ისტორია, ამბავია მოთხრობილი, რომელიც, სავარაუდოდ, ან უბრალო ნადირობის სცენას ასახავს, ან ფოლკლორული წარმოდგენების ერთგვარი ილუსტრაციაა.

ფოტო: Ratno Sardi/Griffith University

ნახატი 2017 წელს ერთ-ერთი სამეცნიერო ექსპედიციისას მოულოდნელად აღმოაჩინა ადამიანის ევოლუციის კვლევის ავსტრალიური ცენტრის არქეოლოგმა, ადამ ბრუმმა, რომლის აღმოჩენის შედეგებიც პირველად ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა:

"თავზარდაცემულები ვიყავით ამ ნახატის მნიშვნელობის გაცნობიერებით, რადგან ვხვდებოდით, რომ, შესაძლოა, ეს მღვიმისა და გამოქვაბულის მხატვრობის ყველაზე ძველე ნიმუში ყოფილიყო, რისი ნახვაც ამ პლანეტაზეა შესაძლებელი", — განაცხადა ადამ ბრუმმა.

ფოტო: Ratno Sardi/Griffith University

ინდონეზიის კუნძულ სულავესის სამხრეთით მდებარე ერთ-ერთ მღვიმეში აღმოჩენილი ნახატი, სავარაუდოდ, უძველეს მითოლოგიურ წარმოდგენებს ასახავს. მსგავსი ტიპის აქამდე აღმოჩენილი ნახატები ძირითადად 20 000 წლით თარიღდებოდა, შესაბამისად, ეს ნახატი ორჯერ უფრო ძველია.

მღვიმის მხატვრობის ასაკის დადგენა მთელ რიგ სირთულეებთანაა დაკავშირებული, თუმცა მკვლევრებმა მინერალური ნივთიერების ანალიზით დაადგინეს, რომ კედელზე გამოსახული სცენის ასაკი მინიმუმ 35 100-დან 43 900 წლამდე მერყეობს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის უძველესი მხატვრობს ნიმუში, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში აქამდე აღმოუჩენიათ: გასულ წელს სამხრეთ აფრიკაში იპოვეს ქვის ნატეხი, რომელზეც უძველესი მხატვრობის ფრაგმენტია მხოლოდ შემორჩენილი და ის 73 000 წლით თარიღდება. თუმცა ინდონეზიაში სულ ცოტა ხნის წინ ნაპოვნი ნიმუში უნიკალურია თავისი სიუჟეტური და ფოლკლორული დატვირთვით, რადგან მსგავსი შინაარსის ნახატი, რომელიც ამდენ ათასწლეულს ითვლის, აქამდე არ აღმოუჩენიათ.