ჯერ კიდევ 1998 წელს, დისნეის ანიმაციის, მულანის გამოსვლასთან დაკავშირებით, მაკდონალდსმა ლიმიტირებულად გამოუშვა სიჩუანის სოუსი. ცოტამ თუ შენიშნა, რომ ეს სიახლე მალევე, შეუმჩნევლად ამოვარდა მენიუდან. მაგრამ ერთ კაცს არასოდეს დაუკარგავს იმის იმედი, რომ სოუსი კვლავ დაბრუნდებოდა მაკდონალდსის ქსელში. ეს კაცი ჯასტინ როილანდი იყო - რიკი და მორტის თანაავტორი. სერიალზე მუშაობისას სოუსისადმი მის ამგვარ სიყვარულზე სცენარისტები იმდენად ხშირად ხუმრობდნენ, რომ ის, საბოლოოდ, მესამე სეზონის სიუჟეტური განვითარების ერთ-ერთ მთავარ თემადაც კი აქციეს. და მერე მოვლენები უცნაურად განვითარდა. მაკდონალდსმა, რომელსაც ხალხის გულის მოგების მარკეტინგული შესაძლებლობა იშვიათად თუ გაუშია ხელიდან, 2017 წელს როილანდის საყვარელი სუნელებიანი სოუსი მხოლოდ ერთი დღით დააბრუნა მენიუში. სოუსის მარაგი თვალის დახამხამებაში ამოიწურა; მეტიც, ზოგიერთ ფილიალში მასზე იმდენად დიდი მოთხოვნა იყო, რომ სერიალის იმ ფანების დასაშოშმინებლად, რომლებიც ბრაზით გაჰყვიროდნენ, სოუსი გვინდაო, პოლიციის გამოძახებაც კი გახდა საჭირო.

ასეთია ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უცნაური ანიმაციის, რიკი და მორტის ძალა. მართლაც, 2013 წლის დებიუტის შემდეგ, სატელევიზიო ქსელის, Cartoon Network-ის ზრდასრულებზე გათვლილი სეგმენტის, Adult Swim-ისთვის განკუთვნილი ამ თითქოსდა ნიშური ანიმაციით მოიხიბლა აბსოლუტურად ყველა — კანიე ვესტით დაწყებული, ახალგაზრდა ფანების არმიით დასრულებული. მას შემდეგ, რაც 2017 წელს მესამე სეზონი გამოვიდა, ის ამერიკელ მილენიალთა ყველაზე პოპულარულ სერიალად იქცა — მაყურებელთა რაოდენობით მან დიდი აფეთქების თეორიასა და თანამედროვე ოჯახსაც კი გადაუსწრო.

ფოტო: Adult Swim

კიდევ ერთი ფაქტი, რამაც ანიმაციის პოპულარობა უფრო თვალსაჩინო გახადა, არის ის, რომ რიკი და მორტი მიზანმიმართულად არ არის გათვლილი ფართო მასებისთვის. კი, ფურცელზე ის, შესაძლოა, უვნებელი ჩანდეს: გენიოსი მეცნიერი, რომელსაც შვილიშვილი განზომილებათაშორის თავგადასავლებში დაჰყავს; თუმცა საქმე ისაა, რომ ეს თავგადასავლები სიურრეალისტური და შოკისმომგვრელად ჩახლართულია. მეცნიერი (რიკი) ემოციური მოძალადე ალკოჰოლიკია, შვილიშვილი (მორტი) კი მუდმივად იმყოფება ისეთი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ, როგორსაც ადამიანთა უმრავლესობის კატატონიურ მდგომარეობაში ჩაგდება შეუძლია. სერიალი ვიზუალურადაც და შინაარსობრივადაც თავბრუდამხვევ გამოცდილებას გვთავაზობს და ის, ამასთან, ძალიან სასაცილოცაა. ამ ყველაფრის პარალელურად კი, როგორღაც, მას იმისთვისაც რჩება დრო და ადგილი, რომ არსებობის ეგზისტენციალურ საკითხებზე დაგაფიქროს. როგორც მორტი ამბობს ერთ-ერთ დასამახსოვრებელ ეპიზოდში: "არავინ არსებობს მიზანმიმართულად; არავის გააჩნია საკუთარი ადგილი; ყველა სიკვდილისთვისაა განწირული; წამოდი, ტელევიზორს ვუყუროთ".

შოუს წარმატებას მეტწილად ანიმაციის შემქმნელებს, დენ ჰარმონსა და ჯასტინ როილანდს უნდა ვუმადლოდეთ. ეს უკანასკნელი ანიმაციის ორივე მთავარ პერსონაჟსაც ახმოვანებს, თუმცა მისი რეალური ხმის ტემბრი მრავალტანჯული 13 წლის მორტის ხმასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე — მისი სადისტი ბაბუის. ანიმაციის შექმნის იდეა მომწიფდა 2006 წელს, როცა როილანდმა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე, Channel 101-ზე წარადგინა რიკი და მორტის წინამორბედი, დაუმუშავებელი ვერსია, სახელად დოკისა და მორტის ნამდვილი ანიმაციური თავგადასავლები, რომელიც ფილმის, უკან მომავალში, პაროდიას წარმოადგენდა. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ჰარმონი და როილანდი ცალ-ცალკე მუშაობდნენ თავ-თავიანთ პროექტებზე. კერძოდ, ჰარმონმა პოპულარული სიტკომი, Community შექმნა; ხოლო როილანდმა საბავშვო საკულტო ანიმაციის, თავგადასავლების დროა, ერთ-ერთი პერსონაჟის, ლემონგრაბის გახმოვანებით გაითქვა სახელი. მათ ერთად მუშაობა მას შემდეგ განაგრძეს, რაც Adult Swim-მა ჰარმონს ახალი ანიმაციური შოუს შექმნა დაავალა. ამ უკანასკნელს მაშინვე როილანდი გაახსენდა და მათ ერთად დაიწყეს იმაზე ფიქრი, თუ როგორ გარდაექმნათ როილანდისეული მოუხეშავი სტილი შედარებით ფართო აუდიტორიისთვის სასიამოვნოდ აღსაქმელ პროდუქტად. ერთობლივი საქმიანობის დაწყებისთანავე აღიარებამ და ჯილდოებმაც არ დააყოვნა. ამ მხრივ, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ემის ჯილდო გამორჩეული ანიმაციისთვის, რაც ზრდასრულთათვის შექმნილი მულტიპლიკაციური ფილმების ოქროს ხანაში ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულ კატეგორიად მიიჩნევა.

კადრი როილანდის მოკლემეტრაჟიანი ფილმიდან, დოკისა და მორტის ნამდვილი ანიმაციური თავგადასავლები.

ფოტო: Justin Roiland

როილანდისა და ჰარმონის ერთობლივი მუშაობის პროცესი, მათივე თქმით, შემოქმედებითობის თვალსაზრისით დაბალანსებული და ჰარმონიულია. ამასთან, ის გაჯერებულია კარგად შეფუთული იუმორითა და სარკაზმითაც. თუ ტონალობის შერჩევასა და ცალკეულ ხუმრობაზე იშვიათ წაკინკლავებას არ ჩავთვლით, როგორც როილანდი ამბობს, მათ არასოდეს უკამათიათ რეალურად მნიშვნელოვან საკითხებზე.

შეიძლება ითქვას, რომ ანიმაციის თანაავტორების ურთიერთობა ბევრად უფრო ჯანსაღია, ვიდრე — რიკისა და მისი შვილიშვილის. შოუს განმავლობაში რიკს მორტის მოგონებებიც წაუშლია, უამრავჯერ ამოუყოფინებია მისთვის თავი სასიკვდილო სიტუაციებში და მისი მშობლების დაშორების მიზეზიც კი გამხდარა. უმეტესწილად, ამ საშინელებათა დაუსრულებელ ციკლზე საბრალო მორტის პასუხი ტერორისა და უნდობლობის განცდით გამოიხატებოდა. თუმცა მეოთხე სეზონის დასაწყისიდან ჩანს, რომ ის წინააღმდეგობის გამოხატვას იწყებს. როგორც როილანდი ამბობს, "მორტის უკვე ნაკლებად ეშინია, რომ რიკს რაღაცები მოსთხოვოს. ის მეტად დაუმორჩლებელია, რაც, მგონია, იმის შედეგია, რომ მან რიკის ყველა დაფარული მხარე იხილა". თუმცა ჰარმონი მაშინვე ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ ეს არ არის მოვლენების იმგვარი განვითარების მომასწავებელი, რომელიც, შეიძლება, იქამდე გაგრძელდეს, სანამ მორტი მძინარე რიკს არ მოკლავს და ამით შოუც არ დასრულდება.

მიუხედავად ძალადობის სცენების სიმრავლისა, რიკი და მორტიმ კორექტულობის ზღვარზე ყოფნა, — როცა იუმორის გამჭრიახობა და სარკაზმი ისეა შენარჩუნებული, რომ სისასტიკეში არ გადადის, — ხელოვნების დონემდე დახვეწა. შესაძლოა, ცხოვრებისგან იმედგაცრუებული მეცნიერის ხედვები რადიკალურობით გამოირჩევა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თავად ეპიზოდები, როგორც წესი, სწორედაც რომ მსგავსი პოზიციისა და ნიჰილისტური იდეების გაქილიკება-გაკრიტიკებას ემსახურება. ჰარმონი თვლის, რომ რიკი წარმოაჩენს კაცობრიობის ყველაზე ცინიკურ და მეწვრილმანურ მხარეებს: "იმ მომენტებში, როდესაც გრძნობ, რომ სამყარო მშვენიერია და ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს, ის, რაც ყველაზე მეტად გაშინებს, როგორც წესი, რიკისეული პოზიციის გაზიარებაა; კერძოდ კი იმ შეხედულების, რომ რასაც განიცდი, მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა, რომელიც დიდხანს ვერ გასტანს".

შოუს თანაავტორები — ჯასტინ როილანდი და დენ ჰარმონი.

ფოტო: The Guardian

თუმცა, როგორც ჩანს, ყველა მაინც ბოლომდე ვერ ჩაწვდა ანიმაციის სარკაზმის არსს. კერძოდ, იმ კატეგორიის ფანები, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ ქალები და სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლები მათთვის მნიშვნელოვან ღირებულებებს ძირს უთხრიან, რიკს არათუ უარყოფით გმირად არ აღიქვამენ, არამედ — სანიმუშო ალფა-მამრის განსახიერებაც კი ჰგონიათ. ჰარმონს აქამდეც უსაუბრია იმ "ზიზღის" შესახებ, რომელსაც მსგავსი ტოქსიკური მაყურებლებისადმი გრძნობს. ეს ადამიანები, მისი თქმით, რიკის სასტიკ მსოფლმხედველობას კონტექსტიდან ამოვარდნილად იყენებენ საკუთარი შეხედულებების გასამყარებლად. 2017 წელს, მას შემდეგ, რაც ანიმაციის თანავატორებმა სცენარისტთა რიგებში მეტი ქალი დაამატეს, გულშემატკივრების ზემოთ ნახსენებმა კატეგორიამ ინტერნეტის საშუალებით ამ სცენარისტების შევიწროება დაიწყო. სწორედ ამას მოჰყვა ჰარმონის ხმამაღალი განაცხადი: "მე მძულს ასეთი ადამიანები". თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში, განსხვავებით წარსულისგან, ჰარმონი მსგავს ფანებზე საუბრისას უფრო წინდახედულ პოზიციას ირჩევს. "მინახავს რიკი და მორტიდან ამოღებული ფრაზები, რომლებიც ინტერნეტში განზრახულისგან სრულიად საპირისპირო კონტექსტითაა გამოყენებული. ამ დროს ხშირად მიფიქრია, ჯანდაბა, მე ხომ ეს სიტყვები კონკრეტულ პერსონაჟს ვათქმევინე და სულაც არ მიგულისხმია ის, რომ მაყურებელს უნდა აეფრილებინა ის იმ დროშასავით, რომლითაც თანამოაზრეების არმიას წაუძღვებოდა წინ", — ამბობს ჰარმონი, — "თუმცა კი, რეალურად, მაყურებელს რაც მოუნდება, იმას იზამს". ჰარმონს მიაჩნია, რომ ფანების ინტერპრეტაციებისთვის ზედმეტად დიდი მნიშვნელობის მინიჭება "სახიფათო უკუკავშირს გამოიწვევს". შედეგად, მან შოუს სახელით საუბარზე უარი თქვა. "ზედმეტად ბევრი გზა არსებობს ნებისმიერი რამის თავდაყირა დასაყენებლად. ასე რომ, სელინჯერის ფაზაში გადავდივარ; ნიჭის გამოკლებით, რა თქმა უნდა", — ხუმრობით ურთავს ის. ამის მიუხედავად, როილანდმა და ჰარმონმა მაინც ვერ შეძლეს ტოქსიკური ფანების გაქილიკებისგან თავის შეკავება, რაც მეოთხე სეზონის პირველ ეპიზოდშივე ვლინდება, როდესაც ალტერნატიული რეალობის ფაშისტი მორტი დაჟინებით მოითხოვს, რომ ის და რიკი ჩვეულ, "პოლიტიკისგან თავისუფალ" თავგადასვლებს დაუბრუნდნენ.

ფოტო: Adult Swim

ამასთან, ჰარმონის ტურბულენტური პროფესიული ისტორიაც გასათვალისწინებელია. საკუთარი აზრის ღიად გამოთქმის მოყვარულ ხელოვანს არაერთხელ შექმნია პრობლემები კოლეგებთან. იგი იმ შოუებიდანაც კი გაუთავისუფლებიათ, რომლებიც თავად შექმნა: ჯერ გადაცემიდან, The Sarah Silvermen Program, გაუშვეს, შემდეგ კი სერიალიდან Community. ამ ბოლო შემთხვევის გარშემო არსებული დეტალები მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც 2018 წელს შოუს სცენარისტმა, მეგან გენზმა ტვიტერზე საჯარო პოსტი დაწერა. პოსტში ის იმაზე მიანიშნებდა, რომ ჰარმონი მას ავიწროებდა, რამაც მის თვითშეფასებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა. ჰარმონმა აღიარა, რომ მართლაც ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურეობრივი პოზიცია და რომ გენზისადმი გრძნობები ჰქონდა: "მე მისი შინაგანი კომპასი დავაზიანე. იქამდე არასდროს მოვქცეულვარ ამგვარად და ამის შემდეგაც აღარასოდეს მოვიქცევი", — განაცხადა მან. საბოლოოდ, გენზმა მიიღო ჰარმონის საჯარო ბოდიში. მთელი ეს პროცესი იშვიათი მაგალითი იყო იმისა, როცა კამპანიის, #metoo, ფარგლებში გაკეთებულ განცხადებას დადანაშაულებული მხარე მგრძნობელობითა და პრობლემის მოგვარების გულწრფელი სურვილით გამოეხმაურა. ინციდენტის დასასრულს გენზმა განაცხადა, რომ ეს იყო "მობოდიშების მასტერკლასი".

ახლა, 2019 წელს რიკი და მორტი უკვე გამოცდილი ფორმულით მუშაობს — ეს ეხება როგორც სცენარს, ასევე დასამახსოვრებელ, მოუხეშავ ვიზუალსაც. ამასთან, ანიმაცია მუდმივად წარმოგვიდგენს ახალ-ახალ, უცნაურ უცხოპლანეტელებს — იქნებიან ესენი ადამიანებისგან მუტირებული ურჩხულები, რომლებსაც რიკი კრონენბერგებს უწოდებს თუ კაცი, რომელიც მთლიანად ჭიანჭველებისგან შედგება. როილანდი ამბობს, რომ "ანიმატორები დამატებით ძალისხმევას დებენ საქმეში, რათა სცენარისტთა ფანტაზიები ოდნავადაც არ შეიზღუდოს... ეს პროცესი ნამდვილად არ ჰგავს ჰანა-ბარბერასეულ მიდგომას, რომლის დროსაც ერთი და იმავე იდეების მუდმივი გამოყენებით გადიხარ ფონს. მომწონს ის ფაქტი, რომ ჩვენ ყოველთვის გვაქვს ახალი, საინტერესო პლანეტების მონახულების შესაძლებლობა". ჰარმონი ხუმრობს კიდეც, რომ იმ წამს, როცა პლანეტების სახელები გამოელევათ, რიკი და მორტის სამყაროც დასრულდება.

კრონენბერგი რიკი და მორტი.

ფოტო: Adult Swim

გასულ წელს ანიმაციას 70-ზე მეტი ეპიზოდის უფლება დაუმტკიცეს. ჰარმონი და როილანდიც დარწმუნებულები არიან, რომ რიკი და მორტი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. "ვფიქრობ, მე და ჯასტინი შოუს ყოველთვის ისეთი განწყობით ვქმნიდით, თითქოს იგი ათას სერიამდე უნდა გაგრძელებულიყო", — ამბობს ჰარმონი და ასევე დასძენს, რომ ანიმაციის შემქმნელებს ჯერ არ დასდგომიათ ისეთი პერიოდი, როცა გამოუვალი სიტუაციისთვის შემონახული იდეების გამოყენება დასჭირდებოდათ. ამის ძირითადად მიზეზად იმას თვლის, რომ ისინი ექსპერიმენტებს არასოდეს უშინდებიან, განსხვავებით სხვა შოუების შემქმნელებისგან, რომლებიც დასაწყისიდანვე მსგავს რისკიან სერიებს ფინალური სეზონისთვის ინახავენ. "ჩენ ყოველთვის ვიყენებთ მიდგომას, რომლის მიხედვითაც გიჟურ იდეებს პირველ რიგში ვასხამთ ხორცს", — ამბობს ჰარმონი, — "ჯერ უნდა დაფიქრდე, რა შეიძლება იყოს მოვლენების ყველაზე მოულოდნელი განვითარება და მერე სწორედ ეს უნდა გააკეთო. არანაირი გადამწყვეტი ბრძოლა არ იქნება ემპირიულ სიკეთესა და ბოროტებას შორის".

ანიმაციის შემქმნელების სულისკვეთება საოცრად წააგავს მესამე სეზონის საპრემიერო ეპიზოდში რიკის მონოლოგს, რომელშიც ის აცხადებს, რომ მას რაიმე ზნეობრივი მიზანი კი არა, სიჩუანის სოუსის ხელში ჩაგდების სურვილი ამოძრავებს. "კიდევ ცხრა სეზონი მორტი... მე მაკნაგეტის ეს სოუსი მინდა!" დაე, დიდხანს გაგრძელდეს რიკის მიერ სიჩუანის სოუსის ძიების თავგადასავალი.