როგორ გადაურჩა სიცოცხლე პლანეტის ყველაზე დიდ გამყინვარებას
დღეს დედამიწა თბება. თუმცა, 720-635 მილიონი წლის წინ ტემპერატურა საპირისპიროდ იცვლებოდა, ჩვენს პლანეტას კი ნელ-ნელა ყინული ფარავდა — გამყინვარების ეპოქა, რომელიც "თოვლის გუნდა დედამიწის" სახელით არის ცნობილი.
ეს პროცესი სწრაფად, სულ რაღაც რამდენიმე ათას წელიწადში განვითარდა, ყინულმა დედამიწის ზედაპირის თითქმის ყველა წერტილი აითვისა — ხმელეთიც და წყალიც, პოლუსებიც და ტროპიკებიც. ამ დროს სიცოცხლე უმეტესწილად წყალში არსებობდა, ოკეანეები კი, როგორც ვთქვით, ყინულით იყო დაფარული. შედეგად, იქ არსებული სიცოცხლე იზოლირებაში მოექცა, ოკეანის ქვეშ ვეღარც მზის სხივები აღწევდა და ვეღარც ატმოსფერული ჟანგბადი.
"ეს ის ერთი შემთხვევაა, როდესაც დედამიწის თერმოსტატი მოიშალა. არსებობს კითხვა, რომელიც ყველას აწუხებს: როგორ შეძლო სიცოცხლემ ასეთ პირობებში გადარჩენა?", — ამბობს იელის უნივერსიტეტის ბიოგეოქიმიკოსი ნოა პლანავსკი.
გამყინვარებას დედამიწაზე სიცოცხლის მასობრივი გადაშენების გამოწვევა შეუძლია. მიუხედავად ამისა, სიცოცხლე, მათ შორის, ჩვენი შორეული წინაპრებიც, ამ პირობებს როგორღაც მაინც გადაურჩნენ.
ორშაბათს ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა კვლევა და ავტორები აცხადებენ, რომ მათ აღმოაჩინეს ოაზისების კვალი, რომლებიც გამყინვარების ეპოქაში ყინულის საფარის ქვეშ არსებობდა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სწორედ ასეთი ოაზისების წყალობით შეძლო სიცოცხლემ იმდროინდელ მკაცრ პირობებში გადარჩენა.
"თოვლის გუნდა დედამიწა" დაახლოებით ნახევარი მილიარდი წლის წინ უეცრად დასრულდა, თუმცა მის მიერ დატოვებული კვალის ნახვა დედამიწაზე დღესაც შეიძლება.
2015 წელს მელბურნის უნივერსიტეტის მეცნიერები, მაქს ლეხტე და მალკოლმ უალასი ავსტრალიის სამხრეთში, პატარა ექსპედიციაში გაემგზავრნენ, სადაც მოწითალო ფერის ქანები შენიშნეს, რომლებიდანაც ლეხტემ ნიმუშები აიღო.
მომდევნო ორი წლის განმავლობაში მეცნიერი ნამიბიასა და კალიფორნიასაც ესტუმრა, სადაც მან მსგავს მოწითალო ფერის ქანებს მიაგნო.
ეს ქვები ოკეანეებში სწორედ მაშინ ჩამოყალიბდნენ, როდესაც დედამიწა ყინულით იყო დაფარული. ქანების ფერი კი მიანიშნებდა, რომ ისინი დიდი რაოდენობით რკინას შეიცავდნენ — ყველამ ვიცით, რომ რკინა ჟანგბადთან ურთიერთქმედებისას იჟანგება, სწორედ ეს განაპირობებდა ქვების წითელ შეფერილობას.
იმისათვის, რომ რკინა დაიჟანგოს, ჟანგბადია საჭირო. ჟანგბადი ასევე საჭიროა ცხოველების და სხვა ორგანიზმების გადარჩენისთვის. თუ ასეულობით მილიონი წლის წინ, გამყინვარების ეპოქაში ოკეანეებში ჟანგბადი იყო, ეს ნიშნავს, რომ ჟანგბადზე დამოკიდებულ სიცოცხლეს გადარჩენისთვის ბრძოლის შანსი ჰქონდა.
"ეს პირველი დამამტკიცებელი საბუთია იმისა, რომ გამყინვარების ამ ეპოქაში ოკეანეებში ჟანგბადით მდიდარი გარემო არსებობდა", — ამბობს ლეხტე.
თუმცა, როგორ მოხვდა ეს ჟანგბადი ოკეანეებში, ამ დრომდე გაურკვეველი იყო — ოკეანისთვის ჟანგბადის მთავარი წყარო ატმოსფეროა, ხოლო იმ პირობებში, როდესაც ოკეანის ზედაპირი სრულად ყინულითაა დაფარული, წყალში ჟანგბადს არ უნდა ეარსება.
"ეს უჟანგბადო ოკეანეს შექმნიდა, რის შედეგადაც ჟანგბადზე დამოკიდებული ორგანიზმები დაიღუპებოდნენ", — ამბობს ის.
ლეხტემ და მისმა გუნდმა რკინით მდიდარი ქვების ნიმუშე მჟავით დაშალა და მასში რკინის სხვადასხვა იზოტოპის რაოდენობა გამოთვალა.
მათ აღმოაჩინეს, რომ ქვები, რომლებიც იმდროინდელ ოკეანეში სანაპიროდან მოშორებით არსებობდნენ, ბევრად უფრო ნაკლებად იყვნენ დაჟანგულები, ვიდრე ქვები, რომლებიც ნაპირთან ახლოს იყვნენ.
დღეს, ანტარქტიდის ყინულოვანი საფარის ქვეშ მყინვარების გალღობის შედეგად წარმოქმნილი წყალი სამხრეთის ოკეანეში წყაროებად ჩაედინება. მყინვარებიდან გამოდენილ წყალი ჟანგბადით მდიდარია, რადგან მასში დიდი რაოდენობით ჰაერის ბუშტუკებია. პლავანასკის თქმით, გამყინვარების დროს სწორედ ასეთი წყაროები ამარაგებდა ოკეანეებს ჟანგბადით და სანაპიროების მახლობლად სიცოცხლეს გადარჩენის შანსს აძლევდა.
პოლ ჰოფმანი, ჰარვარდის უნივერსიტეტის გეოლოგი, რომელიც "თოვლის გუნდა დედამიწის" ჰიპოთეზის ერთ-ერთი პირველი ავტორი იყო, ფიქრობს, რომ ეს ვარაუდი საკმაოდ საფუძვლიანია.
"ვფიქრობ, რომ ეს მოსაზრება ჩემს დაკვირვებებთანაც თანხვედრაშია", — ამბობს ის.
თუმცა, ჰოფმანის თქმით, იყო თუ არა ჟანგბადის "წყაროები" მთავარი რამ, რამაც გამყინვარების ეპოქაში სიცოცხლე გადაარჩინა, კვლავ უცნობია.
"ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს საკმარისი ცოდნა, თუ როგორ მოიქცეოდა სიცოცხლე ასეთი პირობების საპასუხოდ", — ამატებს ის.
კომენტარები