Microsoft-მა იაპონიაში 3-დღიანი უქმეები სცადა — პროდუქტიულობა 40%-ით გაიზარდა
იაპონია განთქმულია გრძელი სამუშაო საათებით. 2016 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ამ ქვეყანაში კომპანიების მეოთხედი თანამშრომლებისგან ითხოვს, რომ მათ ყოველთვიურად 80-ზე მეტი ზეგანაკვეთური საათი დააგროვონ. ამის გამო წელს იაპონიამ ახალი კანონიც მიიღო, რომელიც 45 საათზე მეტ ზეგანაკვეთურ მუშაობას კრძალავს.
თუმცა, მაიკროსოფტის იაპონური წარმომადგენლობა განსხვავებულ ტრენდს მიჰყვება. ახალი, 3-დღიანი უქმეების შემოღებით კომპანია ცდილობს, რომ დასაქმებულებს პირადი ცხოვრების სამსახურისგან გამიჯვნასა და საკუთარო დროის უკეთ განაწილებაში დაეხმაროს.
ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ 3-დღიანი უქმეების დანერგვით პროდუქტიულობა კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა, რაც გასაკვირია, რადგან მონაცემების მიხედვით, იაპონიაში სამუშაო ძალა ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად პროდუქტიულია.
პროექტი კომპანიამ აგვისტოში განახორციელა, მთელი თვის განმავლობაში მაიკროსოფტი იაპონიაში საკუთარ თანამშრომლებს ყოველ პარასკევს ასვენებდა. ექსპერიმენტის შემდეგ კი გაირკვა, რომ კომპანიაში პროდუქტიულობა 39,9 პროცენტით გაიზარდა.
კვლევის მიხედვით, პროდუქტიულობის გაზრდის მთავარი მიზეზი შეხვედრების გაუქმება იყო. ოთხდღიანი სამუშაო კვირის გამო თანამშრომლები იძულებულები იყვნენ, რომ საკუთარი დრო უკეთ გაეკონტროლებინათ. ნაკლებად საჭირო შეხვედრების დიდი ნაწილი უქმდებოდა, მოკლდებოდა, ან ვირტუალური შეხვედრებით ნაცვლდებოდა.
თანამშრომლებმა აგვისტოში 25,3 პროცენტით უფრო ნაკლები დასვენების დღე აიღეს, ამობეჭდეს 58,7 პროცენტით უფრო ნაკლები ფურცელი და ოფისში 23,1 პროცენტით უფრო ნაკლები ელექტროენერგია გამოიყენეს.
შესაძლოა, ამ სტრატეგიამ ყველა ტიპის კომპანიაში არ იმუშაოს, თუმცა, ექსპერიმენტში მონაწილე თანამშრომლების უმეტესი ნაწილი ამ ინიციატივას მხარს აქტიურად უჭერდა. თვის დასრულების შემდეგ თანამშრომლების 92%-მა განაცხადა, რომ ოთხდღიანი სამუშაო კვირით კმაყოფილები იყვნენ.
კომენტარები