"ჭიათურა საბჭოთა კავშირში აშენდა" და ისტორიის გაყალბების სხვა მცდელობები
ისტორიით მანიპულირება უმეტესად პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება: მტრის ხატის შექმნა, მოწინააღმდეგის დემონიზება, ძლიერების ილუზიის შექმნა და სხვა. ამის ერთ-ერთი მაგალითი სტალინის რეაბილიტაციის მცდელობაა.
2019 წლის 16 აპრილს ლევადა ცენტრმა, საზოგადოებრივი მოსაზრების შემსწავლელმა დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ, რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა: აღმოჩნდა, რომ საბჭოთა ლიდერის როლს დადებითად რუსეთის 70% აფასებს, რაც ისტორიული რეკორდია. მსგავსი გამოკითხვის მიხედვით, 2016 წელს სტალინის დადებითი შეფასების ნიშნული 54% იყო.
რესპონდენტთა 46%-მა განაცხადა ისიც, რომ ზიანი, რომელიც საბჭოთა კავშირში სტალინის დროს ადამიანებს მიადგათ, ნაწილობრივ ან მთლიანად იყო გამართლებული "რეჟიმის დიადი მიზნებით და მოკლე პერიოდში მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგებით".
მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია, სტალინის შესახებ ისეთი ფაქტი შეგვეტყო, რაც მის პიროვნებას გადაგვაფასებინებდა, გარდაცვლილი დიქტატორის პოპულარობა სტაბილურად იზრდება. ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს:
- წლების გასვლასთან ერთად მის მიერ ჩადენილი დანაშაულები დროში უფრო და უფრო გვშორდება;
- სახელმწიფო პროპაგანდა სტალინს ბრძენ ლიდერად და ომის გმირად წარმოაჩენს, საბჭოთა კავშირს კი ისე ხატავს, როგორც საუკეთესო პერიოდს მსოფლიოს ისტორიაში.
პარალელურად, რუსეთში სტალინის ახალი ძეგლები ჩნდება, მაღაზიებში კი მისი გამოსახულებით კალენდრები, მაგნიტები და ხატები იყიდება.
რას მივაწეროთ სტალინის მიმართ მზარდი კეთილგანწყობა?
კრემლის მიერ მართული მედია აქტიურად ავრცელებს გზავნილს, რომ "არ არსებობენ იდეალური ლიდერები, ყველა ლიდერი დადებითი და უარყოფითი თვისებების ჯამია". ეს მიდგომა, რომელიც სტალინის მიერ ჩადენილ დანაშაულებს აუფასურებს, პუტინისთვისაც ხელსაყრელია. ამით შეიძლება "გამართლდეს" რუსეთის პრეზიდენტის აგრესია მეზობელი ქვეყნების მიმართ, ხოლო ეკონომიკური სტაგნაცია და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები "მისი, როგორც ლიდერის, მინუსად" შეფასდეს.
როგორც ლევადას სოციოლოგმა BBC-ს განუცხადა, "პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სტალინი წარმოჩენილია მთავარ ფიგურად, რომელმაც ფაშიზმი დაამარცხა და დიდი სამამულო ომი მოიგო. ომში გამარჯვება რუსებისათვის ეროვნული სიამაყის საგანია, მათ შორის მათთვისაც, ვინც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დაიბადა".
თუმცა ნაციზმის დამარცხებაში სტალინის წვლილზე საუბრისას კრემლის პროპაგანდისტები განზრახ ტოვებენ ორ მნიშვნელოვან ფაქტორს: ადამიანურ ფასს, რომელიც სტალინის რეჟიმმა "დიად მიღწევებში" გადაიხადა და მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს, ანუ სსრკ-სა და ნაცისტური გერმანიის ნახევრად–საიდუმლო შეთანხმებას.
ავტორიტარული რეჟიმების მიერ ჩადენილი დანაშაულებების უარყოფა ისტორიით მანიპულირების ერთ-ერთი სახეა. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი დეტალურად აქვს განხილული მითების დეტექტორს.
შეგიძლიათ მოვლენებს მითების დეტექტორის მიერ მომზადებული თაიმლაინით გაეცნოთ.
რაც შეეხება მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს, მისი უგულებელყოფით პროპაგანდისტები ცდილობენ, მეორე მსოფლიო ომის წამოწყებაში სტალინის პასუხისმგებლობის ნაწილი მთლიანად გააქრონ.
სიმართლე დიქტატორების თაფლობის თვის შესახებ
მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი 80 წლის წინ დაიდო, თუმცა მისი შინაარსი მრავალი წლის მანძილზე გასაიდუმლოებული იყო. შეთანხმების არსებობა მიხაილ გორბაჩოვმა მხოლოდ 1989 წელს აღიარა.
თავდაუსხმელობის პაქტი სსრკ-სა და ნაცისტურ გერმანიას შორის მოიცავდა საიდუმლო ნაწილს, რომლის მიხედვითაც სსრკ და ნაცისტური გერმანია აღმოსავლეთ ევროპაში გავლენის სფეროებს ინაწილებდნენ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინაპირობას წარმოადგენდა, რის საფუძველზეც 1941 წლის 22 ივნისამდე საბჭოთა კავშირი ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობითა და ტერიტორიული ექსპანსიით იყო დაკავებული.
სანამ პაქტი ძალაში იყო, საბჭოთა კავშირის პრესაში აკრძალული გახლდათ ნაცისტური პოლიტიკის გაკრიტიკება, კინოთეატრებში კი – ანტიფაშისტური ფილმების ჩვენება. პარალელურად ორ მხარეს შორის გაფორმებული იყო სავაჭრო ხელშეკრულებაც, რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირი გერმანიას სამხედრო აღჭურვილობას, ბუნებრივ რესურსებს აწვდიდა და საწვავის ტრანზიტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, სანაცვლოდ კი ნაცისტური გერმანია მას საბრძოლო თვითმფრინავებით, ბომბებითა და რადიოსადგურებით ამარაგებდა.
პაქტი დასავლური მხარის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და მოვლენას მალევე მოჰყვა კარიკატურების ტალღა. ეს კარიკატურა 1939 წელს ამერიკელმა კარიკატურისტმა შექმნა და შემდეგნაირადაა დასათაურებული: ნეტავ რამდენ ხანს გასტანს თაფლობის თვე?
საბჭოთა პროპაგანდის მემკვიდრეები დღეს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის უარყოფას, მისგან ყურადღების გადატანასა თუ გამართლებას სხვადასხვა გზით ცდილობენ. ზოგ შემთხვევაში პრორუსული ძალები საერთოდ უარყოფენ ამ შეთანხმების არსებობას, ზოგ შემთხვევაში კი ამბობენ, რომ ამ პაქტის განხილვა კონტექსტიდან ამოგლეჯილად ხდება. ამასთან, პრორუსული ძალები ჰიტლერთან თანამშრომლობასა და მის მხარდაჭერაში სტალინის ნაცვლად ბრიტანეთს, საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებენ.
საბჭოთა ნოსტალგია, როგორც იარაღი
"საბჭოთა კავშირში კარგად ვცხოვრობდით", "მაშინდელი და ახლანდელი პროდუქტი ერთია?", "ისევ რუსეთი თუ მოგვხედავს, თორემ...", "იმ დროს სხვა ხარისხი ჰქონდა ყველაფერს", – ეს სია, რომლის გაგრძელებაც უსასრულოდ შეიძლება, ადასტურებს, რომ საბჭოთა ნოსტალგიის კულტივირება ყოველდღიურად ხდება. სწორედ ამ თემას ეძღვნება მითების დეტექტორის მიერ მომზადებული ვიდეო, სადაც ბაბუა და შვილიშვილი საბჭოთა ადამიანის ყოველდღიურობაზე საუბრობენ.
საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგიის გაღვივება და ისტორიული ფაქტების გაყალბების გზით არასწორი წარმოდგენების შექმნა პროპაგანდის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც განსაკუთრებით აქტიურად საბჭოთა წარსულის მქონე ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც გამოიყენება. ამ მეთოდის ნაწილია საბჭოთა ძლიერების წარმოჩენა და ტოტალიტარი ლიდერების მხოლოდ მათ მიერ გატარებული სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების ჭრილში განხილვა, ამ რეფორმების იდეალიზება. მკვიდრდება წარმოდგენები, რომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველო ძლიერი და განვითარებული სახელმწიფო იყო, მაშინ როცა, საქართველო მნიშვნელოვნად დაზარალდა საბჭოთა რეჟიმით.
მაგალითები:
მითი #1: სტალინი ყველაზე დემოკრატიული მმართველი იყო
სიმართლე: უფლებადაცვითი ცენტრ მემორიალის მონაცემებით, სსრკ-ს მასშტაბით 1936-1938 წლებში 7-8 მილიონ ადამიანზე მეტი დააპატიმრეს, ხოლო 1.5 მლნ-ზე მეტი დახვრიტეს. 1932-1933 წლებში სტალინის პოლიტიკამ უკრაინაში დიდი შიმშილობა (გოლოდომორი) გამოიწვია, რომელსაც გაეროს მონაცემებით, 7-10 მილიონამდე უდანაშაულო სიცოცხლე ემსხვერპლა. წითელმა არმიამ, რომელმაც 1939 წელს აღმოსავლეთ პოლონეთი დაიკავა, პოლონელი ოფიცრები, ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები დააპატიმრა, რამდენიმე თვის შემდეგ კი, 1940 წლის აპრილ-მაისში ისინი სამხედრო ტყვეთა ბანაკებიდან გამოიყვანა და მასობრივად 3 ადგილას დახოცა
მითი #2: ქართული ხელოვნების მიღწევები საბჭოთა კავშირის დამსახურებაა
სიმართლე: სინამდვილეში, ხელოვნების შედევრები სწორედ საბჭოთა ხელისუფლების საპასუხოდ, ტოტალიტარული სისტემის მხილებისთვის იქმნებოდა. დღეს უკვე გენიალურად მიჩნეულ ხელოვნების ნიმუშებს საბჭოთა ხელისუფლება, მათი ავტორების მსგავსად, არ სცნობდა და დევნიდა. თითქმის 70-წლიანი ცენზურის პირობებში, არაერთ ხელოვანს საკუთარი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
მითი #3: ჭიათურა სტალინმა ააშენა
სიმართლე: რეალურად ქალაქის მშენებლობა 1879 წლიდან აკაკი წერეთლის ინიციატივით დაიწყო და მანგანუმის მადნის მოპოვებას უკავშირდება. ჭიათურის მშენებლობა საბადოს განვითარებასა და მანგანუმის ექსპორტზე გატანასთან ერთად დაიწყო. 1895 წელს კი რკინიგზის მშენებლობაც დასრულდა.
როგორ ამოვიცნოთ ისტორიის გაყალბების შემთხვევა?
ისტორიის გაყალბების შემთხვევების გამოსავლენად და გადასამოწმებლად მნიშვნელოვანია მასალაში მოყვანილი წყაროების კრიტიკული გაანალიზება და წყაროების სანდოობის შეფასება. როგორც წესი, ამ დროს მასალის ავტორები ან 1) არასანდო წყაროებს იყენებენ, ან 2) კონტექსტის გარეშე წყაროების მანიპულაციურ ინტერპრეტირებას ახდენენ.
აშშ-ის ჰოლოკოსტის მემორიალურმა მუზეუმმა ისტორიული წყაროების შეფასების მოკლე გზამკვლევი გამოაქვეყნა. ისტორიული მოვლენების აღწერისას პირველადი და მეორადი წყაროები გამოიყენება. მათი ანალიზის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ 3 ასპექტს: სანდოობას, კონტექსტსა და პერსპექტივას.
1. სანდოობა
სანდო წყარო:
- არ ეყრდნობა ერთ წყაროს და იყენებს მრავალ დადასტურებულ წყაროს, განსაკუთრებით პირველად წყაროებს, ანუ დოკუმენტებს უშუალოდ იმ პერიოდიდან, როდესაც თქვენთვის საინტერესო ისტორიული მოვლენა მოხდა;
- ციტირებს წყაროებს დეტალურად და არ ცდილობს მათ მიჩქმალვას;
- ითვალისწინებს თითოეული წყაროს მოტივაციასა და ლოგიკას;
- ახდენს მოვლენის დოკუმენტირებას მოწმეთა ჩვენებების დასადასტურებლად.
გაიაზრეთ, რატომ დაიწერა კონკრეტული ტექსტი, ვინ არის მისი ავტორი, ვინ არის ტექსტის სამიზნე აუდიტორია, არის თუ არა ის მიკერძოებული, მიჰყვება თუ არა ტექსტი ლოგიკურ მსჯელობას.
2. კონტექსტი
სანდო წყარო:
ყურადღებას ამახვილებს მოვლენის გარემოებებზე, ქრონოლოგიაზე და გონივრულობაზე.
იკვლევს პოლიტიკურ გარემოებებს და ფიზიკურ გეოგრაფიას.
3. პერსპექტივა
სანდო წყარო:
- თავს არიდებს ანაქრონისტულ (ქრონოლოგიურად შეუსაბამო) მსჯელობას და არ ხსნის მოვლენას შემდგომი პერსპეტივის გათვალისწინებით.
- ხსნის მოვლენას იმ დროს არსებული ინფორმაციის, ტექნოლოგიებისა და სოციალური ჩვევების და არა 21-ე საუკუნის სტანდარტების საფუძველზე.
კრემლი უკვე ათეულობით წელია, სტალინისა და საბჭოთა კავშირის პროპაგანდას ეწევა და ეს პროცესი მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური გახდება, თუმცა ისტორიის გადაწერის მცდელობების მიუხედავად, კრიტიკულად განწყობილი მოქალაქის შეცდომაში შეყვანა საკმაოდ რთულია. ამ სტატიაში მოყვანილი ფაქტები დაგეხმარებათ, რომ მარტივად ამოიცნოთ შეცდომაში შემყვანი მსჯელობა და სხვებსაც დაეხმაროთ რეალური ისტორიის აღმოჩენაში.
კომენტარები