მოძრაობა ლელოს დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ თიბისი ბანკის საქმეზე სავარაუდო მუქარის წერილის შუამავალს გამოძიების დაწყების შემდეგ დასახელდება. დღეს, 21 ოქტომბერს ხაზარაძემ წერილის ორიგინალი პროკურატურას გადასცა.

ხაზარაძემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ წერილი მათ მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გადასცა, თუმცა ვისი შუამავლობდით არ ამბობს.

"ორი საკითხი იყო. ერთი — სად არის დედანი, მეორე — ვინ არის შუამავალი. დედანი პროკურატურაშია. როგორც კი დაიწყება გამოძიება, შუამავალი დასახელდება", — უთხრა ხაზარაძემ ჟურნალისტებს.

ხაზარაძის ადვოკატმა დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ წერილზე 17 ანაბეჭდია აღმოჩენილი. პროკურატურამ კი პროკურატურამ ეს ანაბეჭდები უნდა შეადაროს ბაზას და ადამიანები, რომელთა ანაბეჭდებიც წერილზე აღმოჩნდება, გამოიკითხოს.

აღნიშნულს უკვე გამოეხმაურა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ამჟამად პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია. მისი თქმით, "ის ყველაფრისთვის მზადაა":

"არ ვიცი უკვე, ამას როგორ ვუპასუხო. ისე ვითარდება ეს ყველაფერი, ერთხელ ვთქვი, რომ ჯერ დაველოდები, რას იტყვიან და მერე გავაკეთებ კომენტარს-მეთქი. ახლა ისე გამოდის სიტუაცია, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ".

მუქარის წერილი და ბრალდება გიორგი გახარიას

გიორგი გახარიასგან სავარაუდო მუქარის წერილის მიღების შესახებ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა. ამ პერიოდში გახარია ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრი. წერილთან დაკავშირებით პროკურატურამ მამუკა ხაზარაძე სასამართლოში გამოკითხა.

ხაზარაძე-ჯაფარიძე ამბობენ, რომ პროკურატურას წერილის ასლი გადასცეს, რომელიც უწყებამ მოგვიანებით გაასაჯაროვა. დოკუმენტის მიხედვით, ხაზარაძეს სამ პირობის შესრულებას სთხოვდნენ:

  • პირველი — ტელეკომპანია პირველმა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეკომპანია იმედის მსგავსად ჩაერთოს ომში ოპოზიცის წინააღმდეგ;
  • მეორე — ხაზარაძემ გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში და ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში;
  • მესამე — ტელეკომპანია არტარეა, რომელიც ხაზარაძის საკუთრებაა, "დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი".

გარდა ამისა, ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი ფიგურირებდა თიბისი ბანკის საქმეში. კერძოდ, ის იყო კომპანიების სამგორი ემისა და სამგორი თრეიდის მფლობელი. სწორედ ამ კომპანიებზე გასცა და უკან ისესხა ფული თიბისი ბანკმა.

9 მარტს რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხაზარაძეს გახარიას წერილი, სავარაუდოდ, ბადრი ჯაფარიძემ გადასცა. როგორც ტელეკომპანია აცხადებდა, ამ ინფორმაციას ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებდნენ. შაბათის კურიერის მტკიცებით, გიორგი გახარია და ბადრი ჯაფარიძე თბილისში ერთმანეთის მეზობლები არიან.

მამუკა ხაზარაძემ ეს ვარაუდი უარყო და განაცხადა, რომ ჯაფარიძე შუამავალი ვერ იქნებოდა, რადგან ისინი ერთ მხარეს დგანან.