დღეს, 10 სექტემბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ვებგვერდმა მუშაობა განაახლა. დღის განმავლობაში 10-მდე ახალი ამბავი დაიწერა.

21 აგვისტოდან ამ დრომდე არხის ვებგვერდზე სულ 3 ინფორმაცია დაიდო, 3-ვე რუსთავი 2-ს შეეხებოდა.

ვებგვერდმა მუშაობა ისე განაახლა, რომ ამ დრომდე არაა ცნობილი როგორ დაკომპლექტდა არხის საინფორმაციო გუნდი და ვინ იქნება საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ან პროდიუსერი.

რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები

ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი, გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანები, გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე და გასართობი გადაცემის ავტორი და წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა. 21 აგვისტოს ტელეკომპანია თითქმის სრული შემადგენლობით დატოვეს ჟურნალისტებმა. არხი დატოვა რამდენიმე პროდიუსერმა, გადაცემების შაბათის შუადღის და კვირის სხვა შუადღის წამყვანებმა. ტელევიზია, ასევე, დატოვეს P.S.-ის გუნდმა, რეგიონის ჟურნალისტებმა და გადაცემა დილა მშვიდობისა საქართველოს ნაწილმა. გარდა ამისა, რუსთავი 2 დატოვა ვანო ჯავახიშვილმა, თამუნა ლეკვეიშვილმა, თათია სულუაშვილმა, ვასო ფხაკაძემ და კომედი ჯგუფის რამდენიმე მსახიობმა.