"ზოგადად, ძალადობა არავის მხრიდან არ არის გამართლებული", — ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე პატრიოტთა ალიანსის დეპუტატის ემზარ კვიციანის მხრიდან #სირცხვილიას აქტივისტებზე ძალადობის ფაქტს.

მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას და ჟურნალისტებს სთხოვა, რომ ძალადობას ცალმხრივად არ შეხედონ.

"ჩემი თხოვნაა, რომ ძალადობას ნუ შევხედავთ, ვინც არ უნდა იყოს, ამ ძალადობის ერთ ან მეორე მხარეს, ცალმხრივად ნუ შევხედავთ ნურასოდეს. ამ შემთხვევაში მე არანაირი ინტერესი არ მაქვს, როგორც ქართული ოცნების წარმომადგენელს, ვიღაცას მხარი დავუჭირო ან ვიღაცა გავაკრიტიკო. ძალადობა, ზოგადად, ჩვენთის არის დაუშვებელი, მაგრამ უნდა შევნიშნოთ ყველა ადამიანი და ყველა სუბიექტი, რომელიც ძალადობს", — განაცხადა მდინარაძემ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, რას ნიშნავს "ძალადობას ცალმხრივად ნუ შევხედავთ" მამუკა მდინარაძემ განაცხადა: "თუ ვინმე ძალადობს ყველაზე უნდა ვთქვათ, რომ ძალადობს, მათ შორის ფსიქოლოგიურ ძალადობასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ფიზიკურსაც".

ემზარ კვიციანი პარლამენტის შენობიდან მას შემდეგ გავიდა, რაც #სირცხვილია-ს ორგანიზატორებმა შენობასთან უმრავლესობის დეპუტატების განსასახიერებლად ცხვრები მიიყვანეს. მას აქტივისტები რუსეთის მონასა და მოღალატეს ეძახდნენ.

პარლამენტის დეპუტატმა ემზარ კვიციანმა პოლიციელსა და აქტივისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. TV პირველის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს კვიციანის მიერ მოქნეული ხელი როგორ ხვდება პოლიციელს და როგორ ურტყამს ის ფეხს აქტივისტს.