ციყვები ჩიტების ჭიკჭიკს უსმენენ, რათა გაიგონ, ჩაიარა თუ არა საფრთხემ
ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ციყვები მოჭიკჭიკე ჩიტებს ყურს უგდებენ, რათა დაადგინონ, არის თუ არა გარშემო რაიმე საფრთხე.
აქამდეც ცნობილი იყო, რომ ცხოველები, ციყვების ჩათვლით, ერთმანეთის მიერ გამოცემულ ხმებს უსმენენ. ზოგჯერ, მაგალითად, ერთ გარემოში მცხოვრები ცხოველები ისეთი სიგნალების შესახებ, რომელიც გარემოში მტაცებლის გამოჩენაზე, ან მის მიერ ტერიტორიის დატოვებაზე მიუთითებს, ერთმანეთს ეყრდნობიან.
თუმცა უახლესი კვლევა მიუთითებს, რომ ცხოველები ერთმანეთს ყოველდღიურად, გამუდმებით უსმენენ.
"ეს კვლევა მიანიშნებს იმაზე, რომ უსაფრთხოების მიზნით ერთმანეთის მოსმენა იმაზე უფრო ფართოდ გავრცელებული და დამკვიდრებული პრაქტიკაა, ვიდრე გვეგონა. ამისთვის სახეობებსა და ინდივიდებს შორის მჭიდრო კავშირების არსებობა საჭირო სულაც არ აღმოჩნდა. კვლევაში ჩართული ციყვები და ჩიტები გარემოში ერთმანეთის გაუთვალისწინებლად, დამოუკიდებლად გადაადგილდებოდნენ", — აცხადებს კვლევის თანაავტორი კიტ ტარვინი.
კვლევაში 67 ციყვი მონაწილეობდა, მეცნიერები დაკვრივებისას მათ ქორის მიერ გამოცემულ ხმებს ასმენინებდნენ, ქორის ხმის შემდეგ კი ციყვების ნახევარს ჩიტების ჭიკჭიკს ურთავდნენ, ნახევარს კი ბუნებაში ჩაწერილ ზოგად, არასპეციფიკურ ხმებს. რის შემდეგაც აღმოაჩინეს, რომ ციყვები, რომლებსაც ჩიტების ჭიკჭიკს ასმენინებდნენ, ცაში უფრო ნაკლებად იყურებოდნენ, უფრო ნაკლებად ფრთხილობდნენ და თითქმის არ იმალებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ჩიტები, რომელთა ჭიკჭიკიც მეცნიერებმა კვლევაში გამოიყენეს, ქორების გამოჩენისას სპეციფიკურ ხმებს გამოსცემენ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ საფრთხის გამოჩენიდან სწრაფადვე, ჩიტები, როგორც წესი, ჭიკჭიკს წყვეტენ.
"ჩიტების ჭიკჭიკის უსაფრთხოების ნიშნად აღქმა სავარაუდოდ ადაპტური ქცევაა, ამის გამოყენებით ციყვებს შეუძლიათ, რომ საკვები უფრო ეფექტურად მოიპოვონ და მტაცებელზე, რომელიც გარშემო არ არის, არ იდარდონ", — აცხადებენ ავტორები.
გუნდი აღნიშნავს, რომ ადამიანის მიერ გამოწვეული ხმაურის ზრდის ფონზე, ციყვებს ჩიტებისთვის მოსმენა, შესაძლოა, უფრო და უფრო გაუჭირდეთ. რაც გამოიწვევს იმას, რომ ციყვებს საფრთხეების მიმართ უფრო ყურადღებით მოუწევთ ყოფნა, რის გამოც დრო, რომელიც მათ საკვების მოსაპოვებლად უნდა გამოიყენონ, შემცირდება.
კვლევა ჟურნალ PLOS ONE-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები