სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ იორდანიულ ავიაკომპანია Fly Jordan-ს ამანი-თბილისი-ამანის საჰაერო ხაზზე დამატებით შვიდი ჩარტერული რეისისთვის ნებართვა მიანიჭა. ამის შესახებ სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.

ავიაკომპანიის წარმომადგენელმა დღეს, 29 აგვისტოს On.ge-ს უთხრა, რომ ხვალ ფრენა აქვს დაგეგმილი და საავიაციოსგან ნებართვა არ მიუღია.

სააგენტოში განმარტავენ, რომ ნებართვა დადგენილი ვადების სრული დაცვით გასცეს.

"აქვე აღვნიშნავთ, რომ ავიაკომპანია Fly Jordan-ზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გაიცა 54 რეისის განხორციელების ნებართვა. ავიაკომპანიის მხრიდან შესრულდა 26 რეისი და მისივე ინიციატივით გაუქმდა 16 რეისი. გაცემული ნებართვის ფარგლებში, Fly Jordan-მა უნდა შეასრულოს 12 რეისი, ხოლო 21-25 აგვისტოს შემოტანილი განაცხადებით ითხოვდა დამატებით 7 სიხშირის შესრულებას. სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს დადგენილ ვადებში, არსებული სამართლებრივი ჩარჩოს, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით და მონიჭებული დისკრეციის ფარგლებში", — აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს და იორდანიის საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაიმართა დამატებითი კონსულტაცია, რომლის შედეგადაც, ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს არ ექნება შეფერხება ანალოგიური ნებართვების მიღებასთან დაკავშირებით.