ბრაზილიაში წელს ნახევარ მილიარდამდე ფუტკარი დაიღუპა
წლის დასაწყისში ბრაზილიის სამხრეთ რეგიონებში ნახევარ მილიარდამდე ფუტკარი დაიღუპა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
ისევე როგორც მსოფლიოს სხვა კუთხეებში, ფუტკრების დაღუპვის მიზეზები აქაც მრავალმხრივია. თუმცა, ამ საკითხზე საუბრისას ყოველთვის იკვეთება ერთი ფაქტორი, რომელიც ფუტკრებს ყველაზე დიდ ზიანს აყენებს: პესტიციდები.
2012 წელს ბრაზილიამ აშშ-ს გადაასწრო და გახდა პესტიციდების ყველაზე დიდი შემსყიდველი ქვეყანა. რეგულატორები კი მუდმივად აცხადებენ, რომ ბრაზილია სოფლის-მეურნეობაში პესტიციდებს გადაჭარბებით იყენებს, ქვეყანაში ხშირად შევხვდებით აკრძალულ პესტიციდებსაც.
ფუტკრების დახოცვის მთავარი მიზეზი ფიპრონილია — ეს ფართო სპექტრის ინსექტიციდია, რომელიც მწერების ნერვულ სისტემას უტევს. სამწუხაროდ, ფიპრონილი ფუტკრებისთვისაც ტოქსიურია.
ბრაზილიაში სიტუაცია განსაკუთრებით მწვავეა, თუმცა მსგავსი ტრენდი მთელ მსოფლიოში შესამჩნევია. მაგალითად, აშშ-ში 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის აპრილამდე მეთაფლია ფუტკების კოლონიების 37 პროცენტი განადგურდა.
ფუტკრები მცენარეების გამრავლებაში უდიდეს როლს თამაშობენ. მსოფლიოში სასოფლო-სამეურნეო კულტურების 75 პროცენტი დამტვერვისთვის ფუტკრებზე ძლიერადაა დამოკიდებული. ფუტკრების რაოდენობის შემცირება კი ამ მცენარეებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ყავა, ვაშლი, ნუში, პომიდორი, კაკაო, ეს ფუტკრებზე დამოკიდებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების მცირე ჩამონათვალია.
ევროკავშირში ფიპრონილის გამოყენება აკრძალულია. ბრაზილიაში კი, სამწუხაროდ, მსგავსი აკრძალვა არ მოქმედებს. უფრო ემტიც, 2016 წლის შემდეგ ბრაზილიამ ქვეყანაში1 000-მდე ახალი პესტიციდის (რომელთა დიდი ნაწილიც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში აკრძალულია) გამოყენება დასაშვები გახადა.
გაიგეთ მეტი:
კომენტარები