როგორ ხედავს მომავალს არადასავლური სამეცნიერო ფანტასტიკა
"რეალობა იმ ადამიანების ყავარჯენია, რომელთაც სამეცნიერო ფანტასტიკასთან გამკლავება არ შეუძლიათ". როცა ამერიკელმა ფუტურისტმა, რობერტ ანტონ უილსონმა თანამემამულე მწერლის, ჯინ ვულფის ეს ციტატა 1980-იან წლებში აიოვას დედაქალაქის მცხოვრებლის მაისურზე ამოიკითხა, აღტაცებით გაიფიქრა: რევოლუცია მორჩა და ჩემმა მხარემ გაიმარჯვაო.
რომელ რევოლუციას გულისხმობდა უილსონი - რა გადაატრიალეს? რა ჩამოემხო? და მის ნაცვლად რა აღზევდა? რეალურად, ამ სამივე კითვხაზე პასუხი ერთია - არც არაფერი.
უბრალოდ, უილსონს მთელი ცხოვრება იმის მტკიცებაში ჰქონდა გატარებული, მეოცე საუკუნეში ჭეშმარიტად თანამედროვე ლიტერატურა სიურეალიზმი, ჯეიმს ჯოისი და სამეცნიერო ფანტასტიკაა, რეალიზმის ადგილი კი ბიბლიისა და ზღაპრების გვერდით არისო. ამ ექსცენტრული პოზიციის გამო ლიტერატურათმცოდნეთა წრეებში დიდი პოპულარობით რომ ვერ ისარგებლებდა, ჩემ უთქმელადაც მიხვდებოდით. ამიტომაც გაუხარდა, როცა შუაგულ ამერიკაში მონათესავე სულს გადაეყარა, - ჰო, მეტი არც არაფერი.
ეს რადიკალური მაგალითი კია, მაგრამ იმის საილუსტრაციოდ გამოდგება, რომ სამეცნიერო ფანტასტიკამ, რეალურად, სწორედ მის სამშობლოდ მიჩნეული სივრცის, დასავლური კულტურის შიგნით გაიარა ერთ-ერთი ყველაზე რთული გზა, სანამ სერიოზული ლიტერატურის წოდებას დაიმსახურებდა. ამის მიზეზებზე საუბარი ამ ისედაც არასაჭიროდ გრძელ შესავალს კიდევ უფრო გაგვიგრძელებს. ამიტომ, სჯობს, იმ ერთმანეთისგან დიამეტრალურად განსხვავებულ მიზეზებზე მოგიყვეთ, რომელთა გამოც რამდენიმე არადასავლური კულტურა ხელებგაშლილი შეეგება ამ ჟანრს და ეროვნული მნიშვნელობის მიზნებისთვის გამოიყენა.
რუსული იმპერიალისტური ოცნება
ჰო, რუსული კულტურა დასავლური არაა, თუმცა მეტწილად მასთან მიახლოება-შეპირისპირების კონფლიქტში კი იძერწებოდა. ამ კონფლიქტშია მისი აქილევსის ქუსლიცა და უნიკალურობაც. რუსული სამეცნიერო ფანტასტიკის განვითარების ისტორია კი ამ ჩახლართული ურთიერთობის მინი-მოდელს წარმოადგენს.
იქამდე დიდი ხნით ადრე, სანამ სამეცნიერო ფანტასტიკა დასავლეთში ჟანრად შეირაცხებოდა და სათანადო კრიტიკულ ინტერესს დაიმსახურებდა, მისმა რუსულმა ეკვივალენტმა პოპულარული კულტურის სფეროს თავი დააღწია და ინტელექტუალური დებატების განუყოფელი ნაწილი გახდა. რუს ინტელექტუალებს შორის ჟანრისადმი ასეთი ინტერესი, სწორედაც რომ, დასავლეთთან პაექრობით იყო ნასაზრდოები. კერძოდ, სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლებმა ისეთი მომავლის წარმოდგენა დაიწყეს, სადაც ევროპა და ამერიკა ეკონომიკურად და მორალურად განადგურებული იყო, აზიას კი მესიად რუსეთი მოვლენოდა.
მსგავსი თემატიკის მქონე ნაწარმოების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და, ამასთან, უსირცხვილო პირდაპირობით დაწერილი ტექსტის მაგალითი ვლადიმერ ოდოევსკის 1835 წლის დაუსრულებელი რომანი, 4338 წელი: პეტერბურგული წერილები, არის. აქ რუსი ერის უპირატესობა როგორც აღმოსავლურ, ასევე დასავლურ კულტურებთან შედარებითაა ხაზგასმული და ტექნიკური სიახლეებისადმი მზაობითაა განპირობებული.
რუსეთში მოგზაურ პროტაგონისტს, ჩინელ სტუდენტ იპოლიტ ცუნგუევს მიაჩნია, რომ მის სამშობლოს უკიდურესად გაუმართლა, რუსეთმა რომ დაიპყრო, რადგან ამის შედეგად ჩინელებმა თავიანთი "წინაპრების ნაკვალევი, საბავშვო მეცნიერებები, გაანადგურეს, ფეტიშიზმი ჭეშმარიტი რწმენით შეცვალეს და განათლებული ერების გაერთიანებულ ოჯახში შევიდნენ". იმავე აბზაცში დაუყოვნებლივ ხაზგამსულია, რომ ამ ოჯახში "გაველურებული" და გაღატაკებული ამერიკელების ადგილი არ არის. ევროპული სახელმწიფოები კი იმდენი ხნის წინ ჩაბარებულან წარსულს, რომ ორმოცდამეოთხე საუკუნეში მცხოვრებლებს ჟამთა სვლისგან გადარჩენილ ხელნაწერებში ამოკითხული სიტყვის, "გერმანელის" მნიშვნელობა ვერაფრით გაურკვევიათ.
ოცნება თუა, ასეთი გაქანების უნდა იყოს.
აფროფუტურისტული ხედვა
აქამდე თუ არ შეგინიშნავთ, ამ სტატიის კითხვისას მაინც მიხვდებოდით, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა პოლიტიკური მუხტის მქონე ლიტერატურაა. როგორც ყველა იარაღი, ისიც ხან სიკეთეს ემსახურება, ხან ბოროტებას. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ ვის ხელში მოხვდება. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ის რუსეთის მსგავს დიდი იმპერიების წიაღში შეიქმნა და ხშირად ამ იმპერიების ძლევამოსილების წარმოჩენას და მათი რასისტული ქმედებების გამართლებას ემსახურებოდა, მალე მისი საპირისპირო მიზნებით გამოყენებაც დაიწყეს. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი აფრიკული საი ფაია, რომელიც აფროფუტურისტულ ესთეტიკასა და ხედვას ეყრდნობა.
როგორ უნდა მოემსახუროს მომავლით შეპყრობილი ჟანრი წარსულსა თუ აწმყოში მომხდარი მასობრივი ძალადობისა და დისკრიმინაციის საპირისპირო მიზნებს? როგორ და მომავლის ისეთი ადამიანებით დასახლების გზით, რომლებთა ისტორიიდან წაშლაც საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა. თუ იმის მაგალითი გინდათ, პრაქტიკაში ეს როგორ ხორციელდება, რაიან კუგლერის შავი პანტერა გაიხსენეთ და მასზე მედიაში გავრცელებულ გამოხმაურებებს შეავლეთ თვალი.
და თუ კოლონიალური ურთიერთობების უფრო სიღრმისეულ ანალიზს ეძებთ, თანაც ჩამთრევი სიუჟეტით, სამხრეთ აფრიკელი მწერლის, გავინ ჩაიტის სადებიუტო რომანს, გოდება დაცემულთათვის, გირჩევთ. წიგნში მოქმედება მომავალსა და სამ სივრცეში - დასავლეთ აფრიკაში არსებულ სოფელ ევურუში, დედამიწის ორბიტაზე აშენებულ ციხე ტარტაროსსა და აშშ-ს კოსმოსური კოლონიის, უტოპიურ ქალაქ-სახელმწიფო აქენიაში მიმდინარეობს. ჩაიტი იმპერია-პერიფერიის ჩახლართულ ურთიერთობებს ელემენტთა უცნაურ კონტექსტში მოქცევის ხარჯზე აშიშვლებს.
კანადელი აბორიგენების დისტოპიური მომავალი
აი, აქ კი მხოლოდ ისინი გამომყევით, ვისაც ნერდობის მარიანას ღრმულის დარ სიღრმეებში შესვლა არ გეზარებათ (და თან სრულწლოვნებიც ხართ). კანადის და სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ წინადადებაში ხსენებისთანავე ისეთი სახელები კი ტივტივდებინ ტვინში, როგორიც უილიამ გიბსონი, დევიდ კრონენბერგი ან მარგარეტ ეტვუდია, მაგრამ მე კიდევ უფრო შავბნელი ისტორიების მთხრობელებზე უნდა გითხრათ ერთი-ორი სიტყვა; ჰო, არ მოგესმათ - გიბსონზე, კრონენბერგზე და ეტვუდზე დამზაფრავი ისტორიების მთხრობელებზე.
აბორიგენ კანადელებად მოხსენიებული ხალხი მრავალი სხვადასხვა და ზოგჯერ დაპირისპირებული ერისა თუ ტომისგან შედგება, მაგრამ ყველა მათგანს ევროპელ კოლონიზატორთა წყალობით ტრავმული წარსული და აწმყო აერთიანებს. აქაური საი ფაი ისტორიების დისტოპიურობა არაა ერთგვარი თითის დაქნევა, რომ თუ ფრთხილად არ ვიქნებით, თეოკრატიულ გილიადში ან ვირტუალურ და რეალურ სამყაროებს შორის ზღვარწაშლილ, შიზოფრენულ რეალობაში ამოვყოფთ თავს. აქაური ჩაგრვა წარსულის გამოცდილების გაგრძელებაა და სწორედ ეს ჯერ კიდევ სისხლმდინარი ჭრილობა სძენს ამ ავტორთა თვალით დანახულ კოშმარულ მომავალს შიგნეულობის ამომტრიალებელ სიცხადეს.
თუ ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ, რამდენად სათქვენოა შორეული კანადის აბორიგენ შვილთა მიერ ფრანკენშტეინის მონსტრივით ცალ-ცალკე ორგანოებისგან აწყობილი მომავალი, ამის დასადგენად თქვენთვის ერთი პატარა მარგალიტი მეგულება. ედენ რობინსონის, ჰაისლას ხალხთა მკვიდრი მწერალი ქალის, რამდენიმეგვერდიანი მოთხრობა, ტერმინალ-ავენიუ, პროტაგონისტის, უილ უილსონის ცხოვრებიდან რამდენიმე - და, შესაძლოა, უკანასკნელ - წუთს აღწერს. ამ წამებითა და სიამოვნებით სავსე დროის მონაკვეთში მჩაგვრელი და ჩაგრული ერთმანეთს სადო-მაზოხისტურ თამაშს ეთამაშება, სადაც როლების შეცვლა - ძალაუფლების მეორე მხრისთვის გადაბარება - მხოლოდ თამაშმიღმა სტატუსკვოს აძლიერებს.
აწმყო თუ არა გვწყალობს… ანუ მომავალი ქართულად
სულ ბოლოს ჩვენებურ სამეცნიერო ფანტასტიკასაც შევავლოთ თვალი. ამ ჟანრს ჩვენში დღემდე უჭირს კრიტიკული აღიარების მოპოვება და ამის მიზეზი, შესაძლოა, მის წარსულში იყოს.
მიმდინარეობა ქართულ მწერლობაში სოციალისტური რეალიზმის შიგნით დაიბადა (თუ არ ჩავთვლით 1887 წლის ივერიაში გამოქვეყნებულ იაკობ მანსვეტაშვილის ფელეტონს, უცხოთა შორის, რომლის პროტაგონისტი მთვარეზე ძველი კარაბადინების წიგნში ამოკითხული რეცეპტის მეშვეობით მიდის და იქაურ საზოგადოებას აკვირდება. ეს ნაწარმოები, მართალია, ჟანრის მოთხოვნებს ბოლომდე ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ პროტო სამეცნიერო ფანტასტიკად მაინც ნამდვილად შეიძლება მივიჩნიოთ). ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ამ ჟანრში შექმნილი ნაწარმოებები პარტიისეული პროპაგანდის გამტარებელი იყო. თუმცა ამ ტექსტებში - ისევე, როგორც აფროფუტურისტულ ან აბორიგენულ კანადურ საი ფაიში - სტატუსკვოს დაძლევის სურვილი მაინც შეიმჩნევა. აქ მომავალი, მართალია, ყოველთვის კომუნისტურია, მაგრამ ის ქართული იდენტობის მქონე გმირებითაა დასახლებული.
მაგალითად ელგუჯა მერაბიშვილის 1978 წელს გამოცემული მოთხრობა, თეთრი უსასრულობა ავიღოთ; ალან კოლხი კოსმოსურ ხომალდში ზის და მზის სისტემის გარეთ არსებულ შავ ხვრელში სამრეწველო ნარჩენებისა და ბნელი წარსულის სახიფათო დანატოვრის, ატომური იარაღის გადასაყრელად მიდის. ეს ერთობ სახიფათო დავალებაა; იმდენად სახიფათო, რომ მთელს დედამიწაზე მხოლოდ კოლხს შეუძლია მასთან გამკლავება. და მართლაც, დრამატურგიის ტრადიციების დაცვით, განსაცდელი არ დააყოვნებს. ხომალდს აფეთქებული ციური სხეულის ნაწილი დაეჯახება და ის ზემდეტად მიუახლოვდება შავ ხვრელს და სიკვდილი თითქოს გარდაუვალია და... მაგრამ ეს ყველაფერი ახლა მნიშვნელოვნი არაა.
მნიშვნელოვანი ისაა, რომ კოლხი საათს მოსკოვის დროზე ასწორებს და დავალებასაც მოსკოვის კოსმოსური ფრენის მართვის ცენტრის ბრძანებით ასრულებს - ეჭვი ხომ არავის უნდა შეეპაროს, რომ რუსული ძლევამოსილება დრომიღმულია. თუმცა ერთ პატარა დეტალში ქართველთა ღირსება ფუნდამენტურ, ბიოლოგიურ დონეზე იკვეთება.
ისეთ მომავალში, სადაც გენეტიკური მოდიფიკაციის გზით ფიზიკურად და ფსიქიკურად სრულქმნილი ადამიანები იბადებიან, მკითხველი იგებს, რომ ქართული გენი კორექტირებას არ საჭიროებს, რადგან ის ბუნებრივად იდეალურია. ალან კოლხი, "ნავარჯიშევი, მხრებგანიერი და სხარტი, მუდამ გრძნობდა საკუთარი სხეულის სრულყოფილობით გამოწვეულ სიამოვნებას. სახეც მიმზიდველი ჰქონდა, პლანეტაზე მოსახლეობის მიგრაციის დიდ ნიაღვარს ვერ წაეშალა მის არსებაში ქართული მემკვიდრეობა: ოდნავ მოღუნული თხელი ცხვირი, გადაბმულ წარბებს ქვემოდან ჯიქურ მომზირალი თაფლისფერი თვალები და მუქი წაბლისფერი თმა-წვერი", ვკითხულობთ მოთხრობაში.
კომენტარები