თვალის ახალი ლინზა დახამხამებით გამოსახულებას დაზუმავს
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ახალი კონტაქტური ლინზა, რომლის მეშვეობითაც გამოსახულების მოახლოება და ფოკუსის შეცვლაა შესაძლებელი. ამისთვის თვალის ორჯერ დახამხამებაა საჭირო. თვალის სხვადასხვა ტიპის მოძრაობა სხვადასხვა ელექტრულ პოტენციალს წარმოქმნის, რომელსაც ლინზა სიგნალად აღიქვამს.
მეცნიერების მიერ შექმნილი ლინზა ელექტრული იმპულსის საშუალებით ფოკუსურ მანძილს ცვლის. ლინზაში სპეციალური დრეკადი მასალებია გამოყენებული, რისი წყალობითაც ფოკუსური მანძილი 32 პროცენტით შეიძლება შეიცვალოს.
ახალი კონტაქტური ლინზა ორი მთავარი ნაწილისგან შედგება. პირველი თავად ლინზაა, რომელიც ადამიანის თვალის ლინზის მსგავსია. თუმცა, რა თქმა უნდა, ის ორგანული ქსოვილის ნაცვლად წელვადი პოლიმერისგან შედგება, რომელიც ელექტრული დენის მეშვეობით სტრუქტურას იცვლის. ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის გარე წყაროდან ლინზას იპულსი მიეწოდება, რაც მისი სტრუქტურის გასქელებას, ან შეკუმშვას იწვევს.
კვლევის ყველაზე საინტერესო ნაწილი ლინზის გაკონტროლების მექანიზმებია. ლინზას ელექტროოკულოგრაფიული სიგნალების აღქმა შეუძლია. ადამიანის თვალის გარშემო არსებულ ქსოვილებში გარკვეული სიძლიერის ელექტრული ველია. ამ ქსოვილებზე ელექტროდების განთავსებით კი შესაძლებელია თვალის დახამხამების დაფიქსირება და ამ სიგნალის ლინზისთვის გადაცემა. თუმცა სათვალეებსა და ბინოკლებზე უარის თქმა ჯერ ნაადრევია. ავტორების თქმით, ჯერჯერობით ახალი ლინზის მხოლოდ პროტოტიპი არსებობს და უმეტესობა ჩვენგანს, რა თქმა უნდა, სახეზე ელექტროდების მიმაგრება და ასე გადაადგილება არ ესიამოვნება.
კომენტარები