მაშველების ისტორიები, რომელთა ყოველდღიურობაც ცხოველების გადარჩენაა
"თუ ცხოველები არ გიყვართ, ამ საქმეს ვერ გააკეთებთ", — ამ სიტყვებს ყველა ის მაშველი გეტყვით, რომელთა საქმეც უმწეო ძაღლების, კატების, ქვეწარმავლებისა და, ზოგადად, ცხოველების გადარჩენაა. მათი სამუშაო დღე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში შემოსული ზარებითა და სამაშველო ოპერაციების დაგეგმვით იწყება. გადარჩენილი ცხოველები თავშესაფარში მიჰყავთ მკურნალობის, პატრონის იდენტიფიცირების, გაჩუქების ან ბუნებრივ გარემოში დაბრუნების მიზნით. ამ ადამიანების ყოველდღიურობა ცხოველებსა და მათი გადარჩენის მრავალფეროვან ისტორიებს უკავშირდება.
შოთა ზანდუკელი, 32 წლის
32 წლის შოთა ზანდუკელს სპეციფიკური საქმე აქვს. ჰერპეტოლოგია, ანუ ქვეწარმავლებთან მუშაობს. შეიძლება ითქვას, რომ მისთვის ზაფხულის პერიოდი გველების მომრავლების გამო ყველაზე დატვირთულია. სახლში 12 სახეობის გველი და ნიანგი ჰყავს. სახელი მხოლოდ ნიანგს დაარქვა — ნიაკო. ამბობს, რომ გველებს სმენა არ აქვთ და მათთან საუბრის აზრსაც ვერ ხედავს.
"ისინი არა მხოლოდ საყვარელი არსებები, არამედ შესწავლის ობიექტებიც არიან, ასევე, გამოვიყენებ მათ ვიზუალური აღქმისთვის, ტრენინგებისა და ლექციების დროს", — ამბობს შოთა ზანდუკელი.
ქვეწარმავლებს ბავშვობიდან სწავლობს. საქმე, რომელიც სიამოვნებას ანიჭებდა, მალე პროფესიაში გადაიზარდა: "ყოველთვის მიყვარდა ცხოველები. 7 წლის ლისის ტბაზე ვიყავი და გველი შემომეჭირა, მივხვდი, რომ ძალიან მაგარი რაღაცაა და ეს საქმე უნდა მეკეთებინა. რისკისა და ადრენალინის ფაქტორი იყო და დავინტერესდი. შხამიანი გველი, 3 წლის რომ ვიყავი, მაშინ დავიჭირე და ამის შემდეგ შხამიან გველებზე ვარ გადართული".
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში მისი მოვალეობა ნებისმიერ ურბანულ სივრცეში მოხვედრილი ქვეწარმავლის დაჭერა, მოსახლეობის დატრენინგება და ბუნებრივ არეალში დაბრუნებაა.
"თბილისის ტერიტორიაზე 15 სახეობის გველი ბინადრობს და მე-16 არის გველხოკერა, უფეხებო ხვლიკი, რომელიც ჰგავს გველს. დაჭერილი ქვეწარმავლებიდან 60-70 პროცენტი მოდის გველხოკერაზე. სინამდვილეში, გამოძახების რისკი მთელ ქალაქზეა გაშლილი და ყველგან ერთი და იგივე რაოდენობის ქვეწარმავალი გვხვდება, გარეუბანშია, თუ ცენტრალურ უბანში, აზრი არ აქვს", — განმარტავს ექსპერტი.
ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გველების დაჭერა და მათი ბუნებრივ გარემოში დაბრუნება, სახეობის გადარჩენა და ადამიანების დახმარებაა.
"ის ქვეწარმავალი, რომელსაც ვიჭერთ და გაგვყავს ბუნებრივ არეალში, უნდა ჩავთვალოთ, რომ არის გადარჩენილი. ურბანულ სივრცეში ქვეწარმავლები, ან ადამიანის ხელით კვდებიან, ან მანქანას ემსხვერპლებიან ან საჭმლის ვერმოძიების შემთხვევაში კვდებიან", — განმარტავს ზანდუკელი.
თემურ შამფრიანი, 30 წლის
30 წლის თემურ შამფრიანი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში 2012 წლიდან მუშაობს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ სამაშველო ოპერაციების დროს ყველაზე ხშირად კატებს სჭირდებათ დახმარება. ეს მათი ცხოვრების სტილითა და სხეულის თვისებებითაა განპირობებული. თავადაც კატები განსაკუთრებულად უყვარს და მათ შესახებ ბევრი ისტორია აქვს მოსაყოლი. ერთ-ერთი სამაშველო ოპერაცია ახალი წლის დღეებში ქიქოძის ქუჩაზე ჩაატარა:
"კატა იტალიურ ეზოში სავინტილაციო მილში იყო გაჭედილი. მე და ჩემი მეწყვილე საბა წავედით ოპერაციაზე. თვალთახედვა ძალიან ცუდი გვქონდა და ექსტრემალური სიტუაცია შეიქმნა. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში კატის ამოყვანა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ, რისკის ხარჯზე, ალტერნატივა მაინც ვიპოვეთ. ისეთი პატარა მილი იყო, რომ ვერ ჩავეტეოდი, ამიტომ თოკი ფეხებზე მოვიბი და საბამ მილში პირქვე ჩამიშვა. ექვსი მეტრის სიღრმეზე ჩავეშვი მილში. მოძრაობის საშუალება არ მქონდა და ჰაერი საერთოდ არ იყო, შემეშინდა კიდეც, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა. მოსახლეობა გაოცებული იყო. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი აღნაგობა დამეხმარა კატის გადარჩენაში".
თემურ შამფრიანი ამბობს, რომ ემოცია, რომელსაც გადარჩენილი ცხოველებისგან და გარშემომყოფებისგან იღებს, მოტივაციას უმაღლებს და საქმეს თავს ვეღარ ანებეს. უნდა, რომ კიდევ ბევრი სამაშველო ოპერაცია ჩაატაროს და ბევრი ცოცხალი არსება იხსნას.
ერთ-ერთი ასეთი ოპერაციისას, ჭაში ჩავარდნილი პატარა ლეკვი გადაარჩინა, რომელიც, იჩუქა და ამ დრომდე მის სახლში ცხოვრობს.
"ისეთი საყვარელი ლეკვი იყო, თითქოს თვალებში მიყურებდა და მეუბნებოდა სახლში წამიყვანეო, ჩუქების ხელშეკრულება გავაფორმე და იმ ღამესვე სახლში წავიყვანე, სახელი ჩემმა შვილმა შეურჩია — დეიზი".
რატი მამუკაშვილი, 32 წლის
რატი მამუკაშვილი 7 წელია ცხოველების სამაშველო ოპერაციებშია ჩართული. ის გამოძახებებზე სკუტერით დადის, საცობებსაც ადვილად აღწევს თავს და კომფორტულიცაა. ძირითადად, წყალსა და საჰაერო მილში ჩავარდნილი ცხოველების გადარჩენა უწევს.
რამდენიმე დღის წინ მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი დახრჩობას გადაარჩინა:
"გალაქტიონის ხიდიდან შევნიშნეთ, ნაპირ-ნაპირ მივყვებოდით, ჩასვლა ვერ ხერხდებოდა. შემდეგ სამაშველო სამსახურის კატერით ამოვიყვანეთ. ორივე სანაპიროზე ხალხი იყო შეკრებილი, გვგულშემატკივრობდნენ, ძაღლის გადარჩენისთანავე ოვაციებით გამოხატეს კმაყოფილება".
ძაღლი თავადაც ჰყავს, პოინტერის ჯიშის, 10 წლისაა. უჭირს იმ ადამიანებზე საუბარი, რომლებიც ცხოველებს სცემენ და აწამებენ. "აქ უკვე აღზრდის პრობლემაა, ბევრჯერ გვინახავს ძაღლი, რომელსაც იარაღი ესროლეს, კისტის თოფით დაჭრეს. ვთხოვ ასეთ ხალხს, რომ გაუფრთხილდნენ ცხოველებს და იყვნენ მოსიყვარულეები".
ალექსანდრე ბუაძე, 37 წლის
37 წლის ალექსანდრე ბუაძე სააგენტოში 4 წელია მუშაობს. იქ მისვლიდან მალევე საკანალიზაციო ჭაში ჩავარდნილი ძროხა სიკვდილს გადაარჩინა. სამაშველო ოპერაცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჭის გარშემოწერილობა გააფართოვეს და ერთმანეთის დახმარებით მუშაობდნენ. საბოლოოდ, ძროხა ამოიყვანეს და პატრონს დაუბრუნეს.
"პატრონმა არ იცოდა, სრულიად შემთხვევით მოხვდა იმ ადგილას, ხალხმრავლობის გამო და თავისი ძროხა აღმოაჩინა", — იხსენებს ალექსანდრე ბუაძე.
მის ცხოვრებაში ცხოველების გარეშე პერიოდი არ ყოფილა. ბავშვობიდან უვლის და ზრუნავს მათზე. ამჟამად სახლში ძაღლი ჰყავს — ჩარლი, თავისებური ხასიათი აქვს, დომინანტია:
"მის ჭკუაზე უნდა იარო. როგორც ბავშვს ზრდი, ისე გავზარდეთ, ხასიათს ვუწყობთ და ვუგებთ".
იხსენებს, რომ ერთ-ერთი სამაშველო ოპერაციის დროს რისკის მიუხედავად, ძაღლი ნანგრევებში მოყოლას გადაარჩინა.
"საცხოვრებელ სახლს საძირკველი გამოეცალა და ნგრევა დაიწყო. მოსახლე გამოიყვანეს, კედლები ჩაიხერგა და ძაღლი დარჩა შიგნით, რომელიც გამოსვლას ვერ ახერხებდა. პატრონს არ ეკარებოდა, იყო აგრესიული. ჩვენ შევედით, რისკები შევაფასეთ და მაინც გადავარჩიეთ ძაღლი".
მისი თქმით, მუშაობის დროს ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი, თუმცა მთავარი ერთმანეთის გვერდში დგომა და დახმარებაა.
"ასევე მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ადამიანებთანაც. ყოფილა შემთხვევა, როცა ცხოველის გადასარჩენად კედლის დანგრევა დაგვჭირდა. თავიდან უარზე არიან ხოლმე, მაგრამ ბოლოს გვეხმარებიან, არ უნდათ ცხოველების სიკვდილი. სამაშველო ოპერაციების შემდეგ ყველაზე ემოციური მოსახლეობის რეაქციაა, გვერდში გვიდგანან და გვეხმარებიან".
სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წელს 3 ათასზე მეტი კასტრაცია-სტერილიზაციის ოპერაცია და 200-ზე მეტი სამაშველო ღონისძიება ჩაატარეს, 640 ტრავმირებულ ცხოველს
დახმარება აღმოუჩინეს, 386 ცხოველი გააჩუქეს და 88 პატრონს დაუბრუნეს.
კომენტარები