მეცნიერებმა გვინეა-ბისაუს დასავლეთ სანაპიროდან 400 კილომეტრში ატლანტის ოკეანის ფსკერზე მასიური წყალქვეშა დანალექი ტალღები აღმოაჩინეს. ისინი ტალახისა და ქვიშისგან შედგება და დაახლოებით ერთი კილომეტრის სიღრმეზე ნახეს.

ტალღები ე.წ. ეკვატორული ატლანტის კარიბჭის რეგიონში წარმოიქმნა. ვარაუდობენ, რომ ეს მონაკვეთი მაშინ გაჩნდა, როდესაც სამხრეთ ამერიკა და აფრიკა ერთმანეთს დაშორდა და თანამედროვე ატლანტის ოკეანე წარმოიშვა.

ასევე ნახეთ: რამ გამოიწვია სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ერთმანეთისგან განცალკევება — კვლევა

ტალღები დოქტორებმა დებორა დუარტემ და უისდინ ნიკოლსონმა აღმოაჩინეს. მათი მტკიცებით, შესაძლოა, ატლანტის ოკეანე მილიონობით წლით უფრო ადრე წარმოიშვა, ვიდრე აქამდე ეგონათ. გარდა ამისა, ვარაუდობენ, რომ ამან იმ დროისთვის კლიმატური ცვლილებებიც გამოიწვია.

მკვლევრებმა სეისმური მონაცემები და 1975 წელს ღრმა წყლების ბურღვითი პროექტის (DSDP) ფარგლებში ამოღებული ნიმუშები გამოიყენეს. მათ ხუთი დანალექი ფენა აღმოაჩინეს, რაც დაეხმარა, გაეგოთ, როგორ დაიშალა გონდვანას კონტინენტი მეზოზოურ ერაში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დედამიწაზე დინოზავრები ცხოვრობდნენ.

"ერთ-ერთი ფენა განსაკუთრებით გამორჩეული იყო. მასში ვრცელი დანალექი ტალღების ველები და მდგრადი ნაკადების ქვეშ წარმოქმნილი ტალახის გორაკები ჩანდა", — ამბობს დოქტორი ნიკოლსონი — "წარმოიდგინეთ, ერთკილომეტრიანი, ასობით მეტრის სიმაღლის წყალქვეშა ტალღები, მთელი ველი, რომელიც გვინეის პლატოს დასავლეთით, იმ ადგილზე წარმოიქმნა, სადაც აფრიკა და სამხრეთ ამერიკა საბოლოოდ გაიყო. ისინი მაშინ წარმოიშვა, როცა ახლად გახსნილი ეკვატორული კარიბჭიდან მკვრივი, მარილიანი წყალი ძლიერად გამოედინებოდა. ატლანტის შუა ნაწილში შედარებით სუფთა წყალი იყო, სამხრეთით კი მლაშე. ეს მარილი წყალში დაგროვდა და როდესაც სუფთა წყალი ვიწრო აუზებში ჩავიდა, ხოლო მლაშე ჩრდილოეთისკენ დაიძრა, გიგანტური ტალღები წარმოიქმნა".

ფოტო: CNN

ამ აღმოჩენის შედეგად, ეკვატორული ატლანტის კარიბჭის გახსნის პერიოდი ახალი დროით თარიღდება. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ეს პროცესი 113-დან 83 მილიონი წლის წინ დაიწყო, თუმცა სინამდვილეში მოვლენა 117 მილიონი წლის წინ მოხდა.

"ეს პერიოდი დედამიწის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან კლიმატმა დიდი ცვლილებები განიცადა", — ამბობს დოქტორი დუარტე — "117 მილიონ წლამდე დედამიწა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრილდებოდა და ატლანტის ეკვატორულ აუზებში დიდი რაოდენობით ნახშირბადი ილექებოდა. შემდეგ კლიმატმა გათბობა დაიწყო".

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ როცა კარიბჭე თანდათან იღებოდა, ნახშირბადის დაგროვება შემცირდა. მოგვიანებით კი, როცა ის უფრო გაფართოვდა და გაღრმავდა, ატლანტის ოკეანეში წყლის ცირკულაციის სრული სისტემა ჩამოყალიბდა და კლიმატი გაცივების ხანგრძლივ ეტაპზე გადავიდა, რაც გვიან ცარცულ პერიოდში მოხდა", — განმარტავენ მკვლევრები — "წარსული ოკეანური ცირკულაციის გავლენის გაგება კლიმატზე მომავლის პროგნოზირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღესდღეობით, ოკეანის დინებები გლობალური ტემპერატურის რეგულირებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს და მათი დარღვევა, მაგალითად ყინულის საფარის დნობის გამო, შეიძლება, სერიოზულ პრობლემებს ქმნიდეს".

კვლევა გამოქცემაში Global and Planetary Change გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.