გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ
ფოტო: Danie Franco/Unsplash
იტალიაში, კუნძულ სარდინიის შუაგულში მდებარე ერთ-ერთ მთიან დასახლებაში რაღაც ძალიან განსაკუთრებული ხდება. დაახლოებით 20 წლის წინ მეცნიერებმა ამავე კუნძულზე მსოფლიოში პირველი ე.წ. "ლურჯი ზონა" გამოავლინეს — გეოგრაფიული არეალი, სადაც მცხოვრები ადამიანები ხანგრძლივი სიცოცხლით გამოირჩევიან. ახლა კი იქიდან დასავლეთით, დაახლოებით 110 კილომეტრის მოშორებით, მკვლევრებმა, შესაძლოა, კიდევ ერთ ასეთ ადგილს მიაგნეს. ეს პატარა ქალაქი ბოლოტანაა.
სამეცნიერო ჟურნალ Frontiers in Aging-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ბოლოტანაში მცხოვრები ქალები განსაკუთრებულად ხანგრძლივად ცხოვრობენ.
2021–2025 წლების დემოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით, ბოლოტანაში 70 წლის ქალის სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობა კიდევ 20.85 წელია. შედარებისთვის, ნუოროს პროვინციაში (სადაც ბოლოტანა მდებარეობს) ეს მაჩვენებელი 18.61 წელს შეადგენს, მთლიანად სარდინიაში 18.4 წელს, ხოლო იტალიის მასშტაბით — 18.06-ს.
კიდევ უფრო შთამბეჭდავია ის გარემოება, რომ ბოლოტანაში 70 წლის ქალის 100 წლამდე მიღწევის სავარაუდო ალბათობა 13.83%-ია. სხვა რეგიონებში ეს შანსი ბევრად დაბალია: ნუოროს პროვინციაში ის 4.33%-ს შეადგენს, სარდინიაში 4.43%-ს, ხოლო მთლიანად იტალიაში — 3.54%-ს.
საერთაშორისო კონტექსტში რომ განვიხილოთ, მკვლევართა თქმით, 70 წლის ბოლოტანელი ქალის 100 წლამდე სიცოცხლის ალბათობა ამერიკელი ქალების შესაბამის მაჩვენებელს სამჯერ აღემატება. 70 წლის ასაკში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობისა და 100 წლამდე მიღწევის მაჩვენებლებით ბოლოტანელი ქალები მსოფლიოში გამორჩეულ ადგილს იკავებენ და მხოლოდ ჰონგ-კონგის მოსახლეობას ჩამოუვარდებიან.
"ვფიქრობთ, ეს მსოფლიოში ქალთა ყველაზე ხანგრძლივად მცხოვრები პოპულაციაა ან ამასთან ძალიან ახლოსაა. თუ შევძლებთ ამ ხანგრძლივი სიცოცხლის მიღმა არსებული თავისებურებების დადგენას და ადამიანებს მათ დანერგვაში დავეხმარებით, დანარჩენი მსოფლიოც დიდ სარგებელს მიიღებს იმ ღირებულებების გააზრებით, რომლებსაც ეს საზოგადოება მიჰყვება", — აღნიშნავს კვლევის თანაავტორი და ჩიკაგოს ილინოისის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი, ს. ჯეი ოლშანსკი.
ბოლოტანელი კაცებიც საკმაოდ დიდხანს ცოცხლობენ, თუმცა არა ქალების მსგავსად. მკვლევართა თქმით, ბოლოტანაში 70 წლის კაცის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა (16.02 წელი) იტალიის საშუალო მაჩვენებლისგან (15.48 წელი) მხოლოდ მცირედით განსხვავდება.
ამის მიუხედავად, 70-იდან 100 წლამდე მიღწევის შანსი მათ ქვეყნის ზოგად მოსახლეობასთან შედარებით მაინც საგრძნობლად მაღალი აქვთ. მათ შემთხვევაში ამის სავარაუდო ალბათობა 4.92%-ს შეადგენს, რაც იტალიის საშუალო მაჩვენებელზე (1.41%) სამჯერ მეტია.
კვლევასთან დაკავშირებით ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც უნდა აღინიშნოს: ბოლოტანას მცირე მოსახლეობის გამო ანალიზის შედეგები შესწავლილი წლების ინტერვალზე ძლიერ არის დამოკიდებული. როდესაც მკვლევართა ჯგუფმა ყურადღება 2015–2019 წლებზე გადაიტანა, ქალების 100 წლამდე მიღწევის სავარაუდო მაჩვენებელი მხოლოდ 1.46% აღმოჩნდა, რაც 2021–2025 წლების 13.83%-იან მაჩვენებელს ბევრად ჩამოუვარდება. მეორე მხრივ, 70 წლის ასაკში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა (18.3 წელი) ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე მაინც მაღალი დარჩა.
თავდაპირველად მკვლევართა ყურადღება ამ პატარა დასახლებაში (კვლევის პერიოდში მოსახლეობა 2266 ადამიანს შეადგენდა) ასწლოვანთა უჩვეულოდ დიდმა რაოდენობამ მიიპყრო. მეორე მხრივ, მხოლოდ ამჟამად მცხოვრებთა ხანდაზმულობა არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი.
"ბოლოტანას განსაკუთრებულობას ისიც განაპირობებს, რომ მას საოცარი ისტორიული ჩანაწერები აქვს. ეს საშუალებას გვაძლევს, დაბადებისა და გარდაცვალების ასაკი ზუსტად შევაფასოთ. მუნიციპალური და ნათლობის ჩანაწერები საუკუნეების წინანდელია, რამაც ასაკის დამოუკიდებლად გადამოწმების საშუალება მოგვცა. 100 წელს გადაცილებული თითოეული ადამიანის ასაკის დადასტურება შეგვიძლია. აქ არანაირი გაურკვევლობა არ არსებობს", — ამბობს ოლშანსკი.
ბოლოტანელი ქალების სიცოცხლის ასეთი ხანგრძლივობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მკვლევრები აღიარებენ, რომ ეს საკითხი მათი დემოგრაფიული ანალიზის ფარგლებს სცილდებოდა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ინდივიდუალურ დონეზე ჩატარებულმა შემდგომმა კვლევებმა, შესაძლოა, პოტენციური ბიოლოგიური, ქცევითი და სოციალური ფაქტორები გამოავლინოს.
"ქალთა გადარჩენის ასეთ მკვეთრ უპირატესობას, სავარაუდოდ, რამდენიმე მექანიზმი განაპირობებს", — წერენ მკვლევრები ნაშრომში — "მათ შორისაა გენეტიკური ფონი, კვების რაციონი, ფიზიკური აქტივობა, ოჯახის მხარდაჭერა, სოციალური ერთიანობა, საცხოვრებელი ადგილის სტაბილურობა და სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა".
გარკვეული როლი, შესაძლოა, ქალაქის გარემომაც შეასრულოს. ოლშანსკი აღნიშნავს, რომ ადგილობრივები ციცაბო, გორაკებიან გარემოში ცხოვრობენ, სადაც საკვების უმეტესობას ადგილზე მოიპოვებენ, სოციალური იზოლაცია კი იშვიათობაა.
"ეს არის მჭიდროდ შეკრული საზოგადოება, სადაც ადამიანები ერთმანეთზე ზრუნავენ. გადასაადგილებლადაც ძირითადად ფეხით სიარულს არჩევენ და არა ავტომბილს", — ამბობს ოლშანსკი.
თუ რამდენად უწყობს ხელს თითოეული ეს ფაქტორი სიცოცხლის გახანგრძლივებას, მომავალი კვლევები გვიჩვენებს. მეორე მხრივ, რაკი ბოლოტანას ფენომენი უკვე გამოვლინდა, დიდი შანსია, მეცნიერებმა მას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ — მით უმეტეს, რომ კვლევის შედეგები მას ხანდაზმულთა "ლურჯი ზონის" კანდიდატად მოიაზრებს.



კომენტარები