დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა, რომელზეც ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა არის მიწვეული 2 სათია დაიწყო. სხდომის დასაწყისში, ხანგრძლივი კამათის შემდეგ, დეპუტატები შეთანხმდნენ იმაზე, თუ რა რეჟიმში იმუშავებდნენ, მაგრამ მაინც, ამ დრომდე კითხვის დასმის ფორმატზე დაობენ.

კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ დეპუტატებს გამოუყო 5 წუთი კითხვის დასასმელად და პასუხის მისაღებად. ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი ითხოვდა, რომ პასუხები მათთვის გამოყოფილ დროში მიეღოთ. მინისტრმა კი გამოთქვა სურვილი პასუხები კითხვების ამოწურვის შემდეგ გაეცა, რასაც ხმაური მოყვა.

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ ნათია თურნავას ჰკითხა, სმენია თუ არა კომოპანია MR logistics-ზე, თუმცა მისგან პასუხი ვერ მიიღო. რამდენჯერმე გამეორების შემდეგ, რომან კაკულიამ განაცხადა, რომ მინისტრს შეუძლია უპასუხოს, მაგრამ "აუცილებელი არ არის". მისი თქმით, "დამნაშავეებსაც კი აქვთ დუმილის უფლება".

ამ რეპლიკის შემდეგ მინისტრმა იკითხა გადასულიყო, თუ არა პასუხებზე. ევროპული საქართველოს დეპუტატებმა მას უპასუხეს, რომ ჯერ სერგი კაპანაძის კონკრეტულ კითხვაზე ესაუბრა. მინისტრმა კი აღნიშნა, რომ ჯობდა თანმიმდევრობა დაეცვა და რომან გოცირიძის კითხვას უპასუხებდა.

სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ მინისტრი მას დროს აკარგვინებდა, რადგან მას 5 წუთში სურდა ჩატევა. თურნავამ კი განაცხადა: "თქვენის ნებართვით დავიწყებ თანმიმდევრობით, ბატონი რომანის კითხვიდან. თუნდაც იმიტომ, რომ ლექტორი იყო ჩემი უნივერსიტეტში. ნამდვილად ვერ ვაწყენინებ".

სერგი კაპანაძემ ეს გააპროტესტა და მოითხოვა, რომ როცა მინისტრი ამოწურავდა პასუხებს წინა კითხვებზე, მაშინ გამოიყენებდა ხელახლა მისთვის განკუთვნილ დროს. ამ მოთხოვნას კომიტეტის თავმჯდომარე დაეთანხმა, მაგრამ განხილვა კომიტეტის სხდომაზე ხმაურით გაგრძელდა