კოგნიტური დისონანსი — როცა წინასწარმეტყველება არ მართლდება
აშშ-ს ქალაქ ჩიკაგოში მცხოვრები ქალბატონის, დოროთი მარტინის მიერ შექმნილ სექტას “the Seekers” რამოდენიმე ათეული მიმდევარი ყავდა. მათ სჯეროდათ, რომ ქალბატონ დოროთის ქვეცნობიერი კავშირი ქონდა დამყარებული პლანეტა კლარიონის მობინადრე კეთილ უცხოპლანეტელებთან. მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ქალბატონ დოროთის და მის მიმდევრებს, მტკიცედ სწამდათ იმისი, რომ 1954 წლის 21 დეკემბერს დიდი წარღვნა მოხდებოდა. გადარჩენის ერთადერთი შანსი იყო, მორწმუნეები შეკრებილიყვნენ ერთ ადგილას და ქალბატონ დოროთის მიერ პლანეტა კლარიონიდან გამოძახებული სამაშველო მფრინავი თეფშით დაეტოვებინათ განადგურების გზაზე დამდგარი დადამიწა.
1954 წლის 21 დეკემბერი დგებოდა. სექტის მიმდევრებმა გაყიდეს ყველაფერი, რაც ებადათ. ზოგმა ოჯახი მიატოვა, ზოგმა სამსახური და სასწავლებელი. ერთ საგანგებოდ დაქირავებულ შენობაში შეყუჟულები ელოდებოდნენ წარღვნასა და მფრინავ თეფშზე შემოსკუპებულ მაშველებს კლარიონიდან. ჯგუფში რამდენიმე ფსიქოლოგი იყო განგებ შეპარული. მათი მიზანი იყო, წინასწარმეტყველების არ გამართლების შემდეგ ჯგუფის ქცევა შეესწავლათ.
ცხადია, 21 დეკემბერს არც წარღვნა არც უცხოპლანეტელები ყოფილა. რას ფიქრობთ, როგორ მოექცნენ სექტანტები თავის ლიდერს? აგინეს და ნაკუწებად დაგლიჯეს? არა. ქლბატონმა დოროთიმ გამოაცხადა, რომ სექტამ თავისი მონდომებით წარღვნის თავიდან აცილება შეძლო და ეს მათი დამსახურებაა, რისთვისაც კლარიონელებმა მათ დიდ მადლობაც შემოუთვალეს. საყოველთაო შიში დიდ სიხარულსა და ზეიმში გადაიზარდა. ჯგუფის მონაწილეებმა იმის ნაცვლად, რომ აშკარა შეცდომა ეღიარებინათ, არჩიეს, რომ ახალი, უფრო დიდი ტყუილი დაეჯერებინათ. რატომ?
ჩვენ, ადამიანები მოაზროვნე არსებები ვართ და მეტწილად დაფიქრებულად ვმოქმედებთ. ცხადია, ვუშვებთ შეცდომებსაც. ამ შეცდომებიდან როგორც წესი ვსწავლობთ და მათ ხელახლა დაშვებას ვერიდებით. ეს არის რაციონალური ქცევა, რომლის გარეშეც გადარჩენა შეუძლებელია. ასე შეგვქმნა ღმერთმა თუ ბუნებამ. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ მცდარ აზრს დიდხანს მივყვებით, ჩიხშიც შევდივართ და კედელსაც ვეჯახებით. აი აქ, როცა ჩვენი შეცდომების სერიის სავალალო შედეგი სახეზეა, როცა ფაქტის წინაშე ვდგავართ, ხანდახან იმის ნაცვლად, რომ მთელი შეცდომების ჯაჭვი ვაღიაროთ და კედელზე ხეთქება შევწყვიტოთ, მაინც არ ვიხევთ უკან. უკიდურესი სისულელეებით ვიწყებთ ჩაფლავებული სიტუაციის გამართლებას და ვაგრძელებთ ჩიხში ბოდიალს.
რაზეა ეს სტატია?
ჩვენ, უმეტესად რაციონალური არსებები, ცხოვრების რაღაც ასპექტებში უკიდურესად არარაციონალურად ვიქცევით. ასეთი არარაციონალური საქციელის მიზეზი სულ რამდენიმეა და მათ ფსიქოლოგები უკვე ასწლეულებია იკვლევენ.
ამ სტატიაში ადამიანთა ჯგუფების არარაციონალურობის მიზეზებზე ვილაპარაკებ, მაგრამ ცენტრალური კითხვა მაინც სხვაა: ვართ თუ არა საბოლოო ჯამში რაციონალური არსებები? ამ კითხვაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორი საზოგადოება უნდა ვაშენოთ. თუკი დავუშვებთ, რომ ადამიანების უმრავლესობა არარაციონალური იდიოტები ვართ, იქნებ მართლაც სჯობს ჩვენში ერთი-ორი საღად მოაზროვნე მოვიძიოთ და ჩვენი მართვა მათ მივანდოთ ?
1. კოგნიტიური დისონანსი (Cognitive Dissonance)
არარაციონალური ქცევის ფსიქოლოგიით როცა დავინტერესდი, ხელოვნურ ინტელექტში გამოყენებულ კომპიუტერულ ნეირონულ ქსელებთან ბევრი პარალელი დავინახე . კომპიუტერულ ნეირონულ ქსელებსაც ემართებათ ამდაგვარი გაჭედვები. ასეთ შემთხვევაში, პროგრამისტები ცდილობენ მიზეზების დადგენას და როგორც წესი, დგინდება, რომ ქსელი, ისევე როგორც ნებისმიერი პროგრამა, ზუსტად ისე მოიქცა, როგორც უნდა მოქცეულიყო. ამიტომ, ვეცდები ჩემი მოსაზრება გადმოგცეთ იმის თაობაზე, თუ რატომ არის ჩვენში ესა თუ ის არარაციონალური საქციელი ჩაპროგრამებული და როგორ ვებრძოლოთ ამას. როგორ ავირიდოთ ჩვენ თვითონ ასეთი "გაჭედვები", როგორ გავუგოთ "გაჭედილ" ადამიანებს და დავეხმაროთ ჩიხიდან გამოსვლაში.
არ ვიცი ამდენის ჩატევას შევძლებ თუ არა. ჰოდა პირველ ნაწილს ინტერესი თუ მოყვა, გავაგრძელებ.
დავუბრუნდეთ ჩვენს სექტას. ამ სექტის ექსპერიმენტის გაანალიზებას ბევრი სხვა ფსიქოლოგიური ექსპერიმენტიც მოყვა. ერთ-ერთში ადამიანებს აიძულებდნენ ტყუილები მოეყოლათ. ნაწილს ამაში სოლიდურ გასამრჯელოს აძლევდნენ. მეორე ნაწილს - ძალზე მცირე გასამრჯელოს. როგორც გაირკვა, ეს მეორენი, მოდი მათ "დაგოიმებულები" ვუწოდოთ, მოქრთამულებისგან განსხვავებით, თავის მიერ მოყოლილ ტყუილს ნაწილობრივ თვითონაც იჯერებდნენ. მიზეზი შემდეგშია: "დაგოიმებულები", რომლებსაც ტყუილი ფაქტობრივად უფასოდ ათქმევინეს, დისკომფორტს შეიგრძნობდნენ. მართლაც ძალზედ უსიამოვნოა იმის აღიარება, რომ ვიღაცამ გაგაცურა და სისულელე გაგაკეთებინა. ამიტომ. ამის დასაკომპენსირებლად ტვინი გამოსავალს იმაში ხედავდა, რომ ამ უხერხულობის გასამართლებლად, ნათქვამი ტყუილი დაეჯერებინა.
სექტანტებს ზუსტად იგივე დაემართათ, ოღონდ ექსტრემალურ ფორმაში. წესით უნდა ეღიარებინათ, რომ სრულიად უაზროდ გაყიდეს ქონება, მიატოვეს ცოლშვილი, დატოვეს სამსახური და წლების განმავლობაში, სულელი ადამიანის ჭკუაზე დადიოდნენ. მაგრამ დაფიქრდით, რამხელა სულიერ ტკივილთანაა დაკავშირებული ამის უცებ გააზრება! ამას აცნობიერებს ჩვენი ტვინი და ტკივილის თავიდან ასაცილებლად ხავსს ეპოტინება, იჯერებს მორიგ სიცრუეს, რითაც თავიდან ირიდებს დიდ სულიერ ტანჯვას. ამ სულიერ ტკივილს კოგნიტური დისონანსი ქვია. ჰოდა, თურმე ჩვენი გონება აქაც რაციონალურად იქცევა და თითქოს არალოგიკურ, მაგრამ საბოლოო ჯამში, სრულებით სწორ გადაწყვეტილებას იღებს — მწარე სიმართლესთან კონფრონტაციას სულიერი ტკივილის თავიდან აცილებას არჩევს .
კოგნიტური დისონანსის პირველი მაგალითის ანალოგად, საქართველოში ალბათ მხოლოდ ++მეფე ნარიმანი++ გახსენდებათ, მაგრამ მეორე უფრო მსუბუქ მაგალითს თუ ავიღებთ, ალბათ უმარავი პარალელის მოძებნა შეიძლება. პირადად მე, ყველაზე მეტად დიდი მასშტაბის კოგნიტური დისონანსები მაინტერესებს. ისეთები, რომლებსაც მთელი საზოგადოებები ყავს ჩათრეული.. ამაზე ბოლოში ვიტყვი, ახლა კი, კიდევ ერთ ფენომენზე მოგიყვებით.
2. შეძენილი უსუსურება (Learned Helplessness)
ეს ექსპერიმენტი, საბედნიეროდ, ადამიანებზე ასე პირდაპირ არ ჩატარებულა. ცხოველთა მოყვარულებს გთხოვთ მომიტევოთ. მოკლე შინაარსი ასეთია. ძაღლს ამწყვდევენ გალიაში და ურტყამენ დენს. ცოტა ხანში ძაღლი ადგენს, რომ სიტუაცია მის კონტროლს არ ექვემდებარება. სულ ერთია რას გააკეთებს, სად წავა, დაიყეფებს თუ არა, დენისგან მიყენებული შოკი გარდაუვალია. ის ეგუება ამ მდგომარეობას და შოკის ატანას ან მისგან მაქსიმალურად თავის დაძვრენას სწავლობს ისე, რომ მწარედ არ მოხვდეს დრუნჩში. ესაა და ეს. ექსპერიმენტის მეორე ნაწილში გალიის კარს აღებენ და გასასვლელი გალიის მეორე, უდენო სექციაში იხსნება. ძაღლს შეუძლია სამუდამოდ დაეხსნას დენს, მაგრამ ამის ნაცვლად აგრძელებს თმენას და თავის დაძვრენას. მაშინაც კი, როცა გამოათრევენ და აჩვენებენ, რომ მეორე ოთახში დენს არ ურტყამენ, საცოდავი ძაღლი განმეორებითი ცდის შედეგაც კი ვერ ახერხებს თავისი უსუსურების უკუგდებას.
კომპიუტერულ ნეირონულ ქსელებში ამის ანალოგი ე.წ. ლოკალური მინიმუმის პრობლემაა. ამ სიტუაციაშიც ტვინი რეალურად სწორ პრაგმატულ გამოსავალს პოულობს, მაგრამ არა ყველაზე ხელსაყრელს.
რათქმაუნდა, წკმუტუნი და თავის არიდება ჯობია დენისთვის დრუნჩის შეშვერას, მაგრამ ეს არ არის ყველაზე ხელსაყრელი გამოსავალი — სწორი საქციელია გალიიდან გასვლა, რაც ძაღლს არ ძალუძს, რადგან არჩევანი თავიდანვე უკიდურესად შეუზღუდეს.
შეზღუდული არჩევანი => შეძენილი უსუსურება
პოსტ-საბჭოთა ქვეყნების უმრავლესობას რომ შევხედოთ, მივხვდებით, რომ საზოგადოებებს განვითარების რაღაც მოტოტალიტარულო/მოსოციალისტო გზა აქვთ არჩეული. მოქალაქეები პასიურად წუწუნებენ და ქმედებას კი მთავრობისგან ელიან. ჩემი აზრით, მიზეზი თაობების მანძილზე შეძენილი უსუსურობაა, რომელიც არჩევანის არარსებობის გამო ჩამოგვიყალიბდა. როგორც ბავშვს, მახსოვს არჩევნის არ არსებობა სათამაშოების მაღაზიაში, სადაც უთვალავი თარო სულ რაღაც ორი სახეობის უვარგისი სათამაშოთი იყო შევსებული. არჩევანი არც სკოლაში მქონდა — ოქტომბრელი ისე გავხდი, არც ჩემთვის უკითხავთ და არც მშობლებისათვის. ცხოვრობდი იქ, სადაც ჩაწერილი იყავი, მუშაობდი იქ, სადაც გაგანაწილებდნენ, ამბობდი იმას, რისი გაგონებაც შენგან უნდოდათ. ჰოდა, ასეთი ადამიანებისგან შემდგარ საზოგადოებას იმ საცოდავი ძაღლის მაგვარად უცებ გაეხსნა კარი, წადი, გაშალე ფრთები! მაგრამ არა!
ისევ კალაძისგან ვითხოვთ ავტობუსების შეძენას. ჩვენ კი მხოლოდ მწვანესა და ყვითელს შორის შეზღუდული არჩევანით ვკმაყოფილდებით. შვილებს, ნიჭისა და უნარის მიუხედავად ისევ უმაღლესებში მივერეკებით და მერე სახელმწიფოს უმუშევრობაზე ვეწუწუნებით. დენისა და გაზის ფასზე ისევ მთავრობას ვემდურით.
რამდენი ასეთი ჩამოვთვალო კიდე!
ჩემი მოდელი
ამ ჩემი გამარტივებული მოდელის მიხედვით:
ერთი მხრივ კოგნიტური დისონანსი გვჭირს. გვიჭირს იმის აღიარება, რომ ეს თაობაც, იმის წინაც და იმის წინის წინაც, ჩიხისკენ მივემართებოდით. აი თითქმის კი არა ვააბშე ყველაფერს გამაზულად ვაკეთებდით იმ სექტანტებივით და ახლა მაგიტომ ვართ იქ, სადაც ვართ. ამის აღიარება ძალიან ძნელია და მტკივნეულია. ამიტომ არჩევს ჩვენი საზოგადოებრივი ქვეცნობიერება ხან ერთი დიდი ტყუილის დაჯერებას მორიგი ბელადისგან და ხან მეორის.
მეორე მხრივ, ამას ემატება საბჭოთა ხანაში შეძენილი უსუსურება, რომელიც გვბორკავს და ქვეყნისა და საზოგადოების მოწყობის იმ მოსოციალისტო/მოდიქტატურო ფორმაში გვტოვებს, რომელსაც უკვე თითქმის ასწლეულია მორჩილად ვეგუებით. ღია გალიის კარს ვუგულვებელყოფთ და მეტიც, ძალით თუ გაგვათრიეს უკან შემოვიძურწებით ხოლმე.
გამოსავალი?
ვისაც ეს ყველაფერი ესმის, ზოგი ე.წ. ხალხის უგუნურებას აბრალებს ქართული საზოგადოების არარაციონალურ ქცევებს და გამოსავალს ამავე უგუნურობის კეთილი მიზნებით გამოყენებაში ხედავს. გამარტივებულად რომ ვთქვათ, ასე ფიქრობენ: ჰქონდეთ ამათ ეს თავისი კოგნიტური დისონანსი და მოდი უბრალოდ ახლა ახალ, "კარგ" ტყუილში დავაჯეროთ და ის ვაკეთებინოთ, რაც "მართლა სწორია". ეს ფრაზა ჩემდაგასაკვირად რამოდენიმეჯერ მომისმენია სხვადასხვა წლებში, ამა თუ იმ ეპოქის მმართველი ელიტის წარმომადგენელი ინტელექტუალებისგან.
მე პირადად არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ ჯერ ეს კოგნიტური დისონანსები და შეძენილი უსუსურობები უნდა გადაილახოს და მერე თავისით დალაგდება ყველაფერი. თქვენ რას ფიქრობთ? მე მაქვს ერთი ორი თეორიული მოსაზრება გადალახვის გზების შესახებ. ამჯერად მეტი არ ჩაეტია და სხვა დროს იყოს. დედა აზრი კი ასეთია: ჩვენი გონება ძალზე რაციონალურად და სწორად მოქმედებს და მართლა ბრიყვი მემგონი ძალზედ ცოტაა, უბრალოდ ხანდახან იჭედება და შეცვლილ გარემოებებზე ადეკვატურად ვეღარ რეაგირებს. ასეთ სიტუაციაში ხშირად მცირე, მაგრამ სწორი ბიძგიც კია საკმარისი წონასწორობის დასარღვევად და გაჭედილი მდგომარეობიდან გამოსაყვანად.
კომენტარები