ორ ფეხზე სიარული, შესაძლოა, ვარსკვლავური აფეთქებების შედეგი იყოს
ბიპედალიზმის განვითარებამ ჩვენი სახეობის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა. როდესაც ადამიანის მსგავსი სხვა მაიმუნები ოთხი კიდურით გადაადგილდებოდნენ, ადამიანის წინაპარი წელში გაიმართა, ორ ფეხზე დადგა, შემდეგ კი მთელი დედამიწა დაიპყრო.
აფრიკულ სავანაში ორ ფეხზე გადაადგილების უპირატესობები ცალსახაა, თუმცა ბევრად უფრო ბუნდოვანია, პირველ რიგში რამ და როგორ განაპირობა ბიპედალიზმის განვითარება. ამერიკელმა მეცნიერებმა ამ საკითხის ასახსნელად რადიკალური თეორია წამოჭრეს. მათი თქმით, ბიპედალიზმის განვითარება, შესაძლოა, სუპერნოვებს, ანუ ზეახალი ვარსკვლავების დაბადებას უკავშირდებოდეს.
მეცნიერების თქმით, ირმის ნახტომის, ანუ ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთ რეგიონში დაახლოებით შვიდი მილიონი წლის წინ სუპერნოვების სერია დაიწყო, რომელიც რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში გაგრძელდა.
ზეახალი ვარსკვლავის ანთებისას, ანუ სუპერნოვის დროს ყველა მიმართულებით კოსმოსური სხივების დიდი რაოდენობა იტყორცნება. დედამიწაზე კი ამ აფეთქებების შედეგად გამოტყორცნილმა რადიაციის მაქსიმალურმა დოზამ დაახლოებით 2,6 მილიონი წლის წინ მოაღწია.
მეცნიერთა თქმით, დედამიწაზე რადიაციის მომატებულმა დონემ მოვლენათა კასკადს ჩაუყარა საფუძველი — კოსმოსური სხივების მომატებული რაოდენობა ატმოსფეროს იონიზებას გამოიწვევდა, რაც მას უკეთეს გამტარად აქცევდა. ეს კი, თავის მხრივ, ელვებისა და მეხის ჩამოვარდნის სიხშირეს გაზრდიდა. კვლევაში ახსნილია, რომ გახშირებული უამინდობა აფრიკის ტყეებში ხანძრების გაჩენას გამოიწვევდა, რაც ხეებით დაფარულ ლანდშაფტს მდელოებად აქცევდა. ხეების რაოდენობის შემცირება ევოლუციურ წნეხს შექმნიდა, ორ ფეხზე მოსიარულე სახეობებმა კი ახალ პირობებში გამრავლება უკეთ შეძლეს.
პირველი სახეობა, რომელიც ორ ფეხზე გადაადგილდებოდა საჰელანთროპუსი იყო. ეს სახეობა დაახლოებით 6 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ბიპედალიზმის ჩამოყალიბების ერთ-ერთი წამყვანი თეორიის მიხედვით, აფრიკის ლანდშაფტი კლიმატურმა ცვლილებებმა გარდაქმნა, რის შედეგადაც ტყეების ნაცვლად მდელოები და სავანები ჩამოყალიბდა.
კვლევის ერთ-ერთი ავტორი, კანზასის უნივერსიტეტის პროფესორი ადრიან მელოტი აცხადებს, რომ ადამიანის წინაპრები ორ ფეხზე გადაადგილებას მანამდეც ცდილობდნენ, ვიდრე ზეახალი ვარსკვლავების მიერ გამოსხივებული რადიაცია დედამიწამდე მოაღწევდა. თუმცა, მისი თქმით, ვარსკვლავურმა აფეთქებებმა ამ ყველაფერს ხელი კიდევ უფრო შეუწყო.
"მანამ, სანამ ადამიანი ცეცხლის მართვას ისწავლიდა, ელვა ხანძრებისა და ცეცხლის მთავარი გამომწვევი წყარო იყო. ხანძრების მომატებასთან ერთად იმატებს განადგურებული ტერიტორიაც. ტყეების სავანებით ჩანაცვლებამ კი ბიპედალიზმი უპირატესი გახადა, რადგან ამ დროს ხიდან ხემდე გადაადგილებაა საჭირო. ისევე როგორც წელში გამართული სიარული, რათა ბალახის ზემოდან დანახვა და მტაცებლების დაფიქსირება შეძლო", — აცხადებს მელოტი.
დედამიწიდან 164 სინათლის წლით დაშორებულ სუპერნოვას შეუძლია, რომ დედამიწის ატმოსფერო 50-ჯერ უფრო იონიზებული გახადოს. კოსმოსური სხივები, როგორც წესი, ატმოსფეროს მხოლოდ ზედა ფენების იონიზებას ახდენს, თუმცა განსაკუთრებით მასშტაბური სუპერნოვების დროს წარმოქმნილმა რადიაციამ, შესაძლოა, დედამიწის ზედაპირამდეც მოაღწიოს.
"ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ელვის სიხშირეს გაზრდიდა", — აცხადებს ადრიან მელოტი.
თუ მეცნიერები მართლები არიან, სუპერნოვებმა დედამიწაზე ტყის ხანძრები, შესაძლოა, ახლაც გამოიწვიონ. თუმცა, ამ ეტაპზე ამის საშიშროება არ ჩანს. დედამიწასთან ყველაზე ახლოს მყოფი ვარსკვლავი, რომელიც მომავალი ერთი მილიარდი წლის განმავლობაში შეიძლება აფეთქდეს, ბეთელჰეიზი და ის ჩვენგან 642 სინათლის წლითაა დაშორებული.
მეცნიერთა თქმით, აუცილებლად უნდა გადამოწმდეს კავშირი კოსმოსურ სხივებსა და ელვას შორის, რადგან ეს თეორია სრულად ამ დაშვებას ეყრდნობა.
კომენტარები