მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უსამართლობა აღმოფხვრილია: ბრიტანული ალტერნატიული როკ ბენდის, The Verve-ის ყოფილ ფრონტმენს, რიჩარდ აშკროფტს მათ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჰიტზე Bitter Sweet Simphony მიკ ჯაგერმა და კიტ რიჩარდსმა საავტორო უფლებები დაუბრუნეს.

მუსიკის მოყვარულებისთვის 90-იანი წლების ამ ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ სიმღერაზე, მიუხედავად იმისა, რომ კავშირი არ ჰქონდათ, საავტორო უფლებები სწორედ Rolling Stones-ის წამყვან მუსიკოსებს ეკუთვნოდათ.

კომპოზიციას ჩახლართული სამართლებრივი ისტორია გააჩნია. თავის დროზე, დებატები წარმოშვა ენდრიუ ლუგ ოლდჰემის 4 ნაწილიანმა საორკესტრო ვერსიის მონაკვეთმა, Rolling Stones-ის სიმღერაზე The Last Time, რომელიც ამ სიმღერის ფონურ არანჟირებაში მეორდება. ხმის ჩამწერმა სტუდიამ ამ მონაკვეთის გამოყენების უფლება მიიღო, თუმცა, მიკ ჯაგერისგან და კიტ რიჩარდსისგან მათი სიმღერის ორიგინალური ვერსიის გამოქვეყნების უფლება არ მიეცა.

როგორც ამ დროს გაირკვა, The Verve-ის ალბომი Urban Hymns უკვე ჩაწერილი და გაყიდვებისთვის გამზადებული იყო და მფლობელ ლეიბლს პოსტ-ფაქტუმ უწევდა ამ პრობლემის მოგვარება. თუმცა, Rolling Stones-ის მენეჯერი, ალენ კლაინი მხოლოდ იმით იყო დაინტერესებული, რომ რიჩარდ აშკროფტს Bitter Sweet Simphony-ს გარშემო ყველანაირ უფლებაზე უარი ეთქვა, მათ შორის სიმღერის ტექსტის ავტორობაზეც.

სიმღერის რეალურმა შემქმნელმა, აშკროფტმა წლების განმავლობაში უდიდესი შემოსავლები დაკარგა, რადგან Bitter Sweet Simphony აქტიურად გადიოდა იმ დროინდელ მუსიკალურ არხებზე, გამოყენებული იყო არაერთ ტელეშოში და ფილმში. სიმღერაზე კი უფლებები ჯაგერს და რიჩარდსს ჰქონდათ.

2009 ალენ კლაინი გარდაიცვალა. მისი სიკვდილიდან 10 წლის შემდეგ კი, მიკ ჯაგერმა და კიტ რიჩარდსმა სიმღერაზე ყველანაირი უფლებები მის რეალურ შემქმნელს, რიჩარდ აშკროფტს გადასცეს.

"მე არასოდეს მქონია პირადული უსიამოვნება Rolling Stones-თან, ეს არის უდიდესი ბენდი როკენროლის ისტორიაში“ - აღნიშნა რიჩარდ აშკროფტმა BBC-სთან საუბარში.