შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წყალტუბოში რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები ტელეკომპანიის ჟურნალისტსა და ოპერატორს სოფელ მესხეთში ჯგუფურად თავს დაესხნენ და საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

მათივე ინფორმაციით, გამოიკითხა ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, მათ შორის ჟურნალისტი და ოპერატორი, რომლებმაც მათზე მოძალადე ორი პირი ამოიცნეს. უწყების ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე თავდასხმაში სხვა პირთა მონაწილეობა არ დასტურდება.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტითა და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ძალადობასა და ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელის შეშლას გულისხმობს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი წყალტუბოში იმ გოგოს ოჯახში იმყოფებოდა, რომელიც 7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

"დაკავებულის ახლობლებმა და მეზობლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს, მას შემდეგ კი, როდესაც ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე ავტომობილში სხდებოდნენ, მათ თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა", — აღნიშნავენ ტელევიზიაში.