"კონდიციონერის ომები" — ცივი ოთახი, შესაძლოა, ქალების პროდუქტიულობას ამცირებდეს
ზაფხული მოდის და საუბარს იმაზე, თუ ოთახის რა ტემპერატურაა ყველასათვის მისაღები, უფრო და უფრო ხშირად შეხვდებით.
ამ საკითხთან თქვენი პირადი გამოცდილება, შესაძლოა, განსხვავებული იყოს, მაგრამ ოფისებში კონდიციონერის ტემპერატურა ხშირად ისეთ ნიშნულზე ყენდება, რომელიც ქალებისთვის ზედმეტად დაბალია.
ერთ-ერთ კვლევაში მეცნიერები მიანიშნებდნენ იმაზეც, რომ ქალებში მეტაბოლიზმის სიჩქარე უფრო დაბალია. ათწლეულების წინ შემუშავებული ფორმულა, რომლითაც სამუშაო სივრცეებში ტემპერატურა დგინდება, დიდწილად კაცების კომფორტზეა მორგებული. ქალები, შესაძლოა, იმაზე 35%-ით უფრო ნაკლებ სითბოს გამოიმუშავებდნენ, ვიდრე ეს ფორმულა ითვალისწინებს.
ერთი საინტერესო საკითხი ისაა, ახდენს თუ არა ტემპერატურა კაცების და ქალების პროდუქტიულობაზე განსხვავებულ გავლენას. ოთხშაბათს ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ დაბალ ტემპერატურაზე ვერბალურ და მათემატიკურ ტესტებში კაცები ქალებზე უფრო მაღალ ქულებს იღებდნენ, თუმცა ქალების მიერ მიღებული ქულები ტემპერატურის მომატებისთანავე მნიშვნელოვნად იზრდებოდა.
რა თქმა უნდა, საჭიროა კვლევების გამეორება და ამ საკითხის კიდევ ერთხელ გადამოწმება, თუმცა შედეგები მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენი სამუშაო და სასწავლო სივრცეების შექმნისა და მოწყობისას მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ინფორმაცია გამოიყენება.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 500 სტუდენტს ერთი საათის განმავლობაში სხვადასხვა ტემპერატურის (16-დან 32 გრადუსამდე) მქონე ოთახში ტესტები გააკეთებინეს. სტუდენტებს შეზღუდულ დროში სხვადასხვა მარტივი მათემატიკური პრობლემები კალკულატორის გარეშე უნდა გადაეჭრათ, ასოებისგან კი რაც შეიძლება მეტი სიტყვა უნდა აეწყოთ. ტესტებში ლოგიკური ამოცანებიც იყო გადასაჭრელი.
როდესაც მეცნიერები ქალებსა და კაცებს ერთ ჯგუფად აფასებდნენ, ტემპერატურის ცვლილება მათ შედეგებზე დიდად არ აისახებოდა, ხოლო როდესაც მეცნიერებმა ჯგუფი ქალებად და კაცებად გაყვეს, მათ ცალსახა კანონზომიერება დაინახეს. ლოგიკური პრობლემების გადაწყვეტაზე ტემპერატურა გავლენას ვერ ახდენდა, თუმცა ქალებში მათემატიკური და ვერბალური ქულები ტემპერატურაზე მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული.
"თუ ტემპერატურა დაბალია, კაცები ქალებზე ბევრად უკეთეს შედეგს აჩვენებენ. საქმე გენდერულ სხვაობასთან გვაქვს. თუმცა, როდესაც ტემპერატურა იმატებს, მათემატიკის ტესტებში კაცებსა და ქალებს შორის აღნიშნული სხვაობა ქრება, მომატებულ ტემპერატურაზე კი ვერბალურ ტესტებში ქალებმა კაცებსაც აჯობეს", — აცხადებს ბერლინის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის (WZB) ქცევითი ეკონომიკის მკვლევარი ეინა კაიაცკაიტე.
ტემპერატურის ერთი გრადუსით მომატებისას ქალების მათემატიკური შედეგები 1,76 პროცენტით უმჯობესდებოდა.
"როდესაც ტემპერატურა 21 გრადუსზე დაბალი იყო, ქალები წარმატებით თავს 8,31 მათემატიკურ დავალებას ართმევდნენ, ხოლო თუ ტემპერატურა 26 გრადუსს აღემატებოდა, ეს მაჩვენებელი 10,56-მდე იწევდა. ეს ნიშნავს, რომ მათი შედეგები 27%-ით უმჯობესდებოდა", — აცხადებს კაიაცკაიტე.
ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი იმას, რომ არსებობს რაღაც იდეალური ტემპერატურა, რომელზეც ქალებისა და კაცების უნარები თანაბარია?
კაიაცკაიტეს თქმით, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა კვლევით, რომელიც ცდისპირებს მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში აკვირდებოდა, შეუძლებელია. ჩვენ ოფისებსა და საკლასო ოთახებში ერთ საათზე ბევრად უფრო დიდ დროს ვატარებთ, შედეგები კი რამდენიმე საათის ან სრული დღის პირობებში, შესაძლოა, განსხვავებული იყოს, ანუ დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია. ამისათვის დამატებითი კვლევებია საჭირო.
მეცნიერებმა მათემატიკის ტესტებში ერთი საინტერესო ფაქტიც დააფიქსირეს. ტემპერატურის მატებასთან ერთად ქალების შედეგები არა მხოლოდ იმიტომ უმჯობესდებოდა, რომ ისინი დავალებებს სწორად აკეთებდნენ, არამედ იმიტომაც, რომ ისინი უფრო ბევრი ტესტის გაკეთებას ასწრებდნენ. რა შეიძლება განაპირობებდეს ამას?
"ქალები თავს უკეთ გრძნობენ, როდესაც უფრო თბილა. შესაბამისად, ეს მათ ძალისხმევასა და მონდომებაზეც აისახება. კარგი დღის შემთხვევაში შენ უფრო პროდუქტიული იქნები, ცუდი დღის შემთხვევაში კი, ნაკლებად", — ამბობს კაიაცკაიტე.
კომენტარები