მოქალაქეების ნაწილმა პეტიცია შექმნა, რომლითაც სურთ საქართველოს მთავრობას მიმართონ და მსოფლიოს ნაციზმზე (ფაშიზმზე) გამარჯვების დღედ 9 მაისის ნაცვლად 8 მაისი გამოცხადდეს. მათივე სურვილია, რომ 9 მაისი იქცეს ევროპის დღედ.

"საქართველოში, ეს დღე უნდა აღინიშნოს, არა როგორც "დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე", რადგან დამოუკიდებელი საქართველო არ აღიქვამს საბჭოთა კავშირს თავის სამშობლოდ, არამედ როგორც მსოფლიოს ნაციზმზე (ფაშიზმზე) გამარჯვების დღე. საბჭოურ-რუსული 9 მაისი უნდა ჩაანაცვლოს 8 მაისმა - გერმანიის მიერ კაპიტულაციაზე ხელმოწერის ნამდვილმა დღემ, ისევე როგორც ეს აღინიშნება დასავლურ სამყაროში", - ვკითხულობთ პეტიციაში.

"1945 წლის 7 მაისს ქალაქ რეიმსში გერმანელმა გენერალმა ალფრედ იოდლმა გერმანიის შეიარაღებული ძალების სახელით ხელი მოაწერა საერთო კაპიტულაციას მოკავშირეთა წინაშე, რომელიც ძალაში მომდევნო დღეს - 8 მაისს უნდა შესულიყო. სტალინის მოთხოვნით, იდენტური შინაარსის კაპიტულაციას ხელმეორედ მოეწერა ხელი ქალაქ ბერლინში საბჭოელთა შტაბბინაში, ამჯერად ხელშეკრულებას გერმანიის მხრიდან ხელს აწერდა ფელდმარშალი კაიტელი, საბჭოთა კავშირის მხრიდან კი - მარშალი ჟუკოვი. გერმანული ძალების სამხედრო აქტივობა 8 მაისს, საღამოს 23:01 წუთზე ოფიციალურად შეწყდა. შესაბამისად, ნაცისტური გერმანია სწორედ 8 მაისს დამარცხდა.

საინტერესო ისტორია აქვს 9 მაისის დღესაც. სტალინმა გადაწყვიტა გამარჯვების დღედ 9 მაისი აღენიშნათ სსრკ-ში, რადგან მოსკოვის დროით გერმანიის 8 მაისის 23:01 საათი უკვე 9 მაისია, საბჭოთა მოსახლეობის დიდი ნაწილი კი ინფორმაციულ ვაკუუმში იყო, რადგან საბჭოთა მედიაში არ იწერებოდა 7 მაისის მიღწეული შეთანხმების შესახებ. 9 მაისი უქმე დღედ ბრეჟნევმა გამოაცხადა 1965 წელს ცივი ომის მიმდინარეობისას. საბჭოთა მმართველობას სჭირდებოდა ამ დღის ინსტრუმენტალიზაცია და საკრალიზაცია რეგრესის გზაზე მდგარი სსრკ-სთვის მყარი იდეოლოგიის შესაქმნელად. 1965 წლიდან მოყოლებული, 9 მაისი გახდა ერთერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაული ჯერ საბჭოთა კავშირში, შემდეგ კი - რუსეთში", - ამონარიდი პეტიციიდან.