რუს ჯაშუშად შერაცხული დაკარგული ვეშაპი ადამიანებისგან საკვებსა და ყურადღებას ითხოვს
ნორვეგიის სანაპიროებზე ნაპოვნი აღჭურვილი თეთრი ვეშაპი, რომელიც, ექსპერტების თქმით, შესაძლოა რუსების მიერ გაწრთვნილი ჯაშუში იყოს, ნორვეგიის სანაპიროების დატოვებას, როგორც ჩანს, არ აპირებს.
თეთრი ვეშაპი ნორვეგიელმა მეთევზეებმა პირველად დაახლოებით ერთი კვირის წინ დააფიქსირეს, მათი თქმით, უცნაური ვეშაპი სათევზაო ნავებს დაჟინებით აწუხებდა. მალევე მეთევზეებმა ვეშაპის სხეულზე სპეციალური სამაგრი შეამჩნიეს, რომელზეც მეთეზეებმა შემდეგი წარწერა იპოვეს "Equipment St. Petersburg". ნაპოვნი სამაგრი ნორვეგიის სპეციალური დანიშნულების პოლიციას გადაეცა.
ჯერჯერობით ნორვეგიის პოლიციას ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
ნორვეგიის თევზჭერის დირექტორატის წარმომადგენელი ჯორგენ რი ვიგი The Washington Post-თან აცხადებს, რომ საპატრულო ხომალდიდან პირველი რამ, რაც მან დილით დაინახა, თეთრი ბელუგა იყო. როგორც ჩანს, ვეშაპმა გასული კვირის შემდეგ დაახლოებით 50 კილომეტრი დაფარა, რაც დიდი მანძილი არ არის. ვეშაპი ადამიანებთან განსაკუთრებით მეგობრულია, რაც ვიგის თქმით, ამ სახეობის დამახასიათებელი ქცევა არ არის.
ველური ცხოველებისგან განსხვავებით, თეთრმა ვეშაპმა ბოლო რამდენიმე დღეში ადამიანებს ცხვირზე არაერთხელ მოაფერებინა.
მკვლევარები აცხადებენ, რომ ვეშაპზე მსგავსი აღჭურვილობით იარაღებისა და კამერების მიმაგრებაა შესაძლებელი. არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთის სამხეხრო-საზღვაო ძალები წყლის ძუძუმწოვრებს სამხედრო მიზნით უკვე წლებია წრთვნიან. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მსგავსი პროგრამის არსებობას უარყოფს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მათ 2016 წელს გაავრცელეს განცხადება, რომლითაც ისინი 24 000 დოლარად სამი მამრი და ორი მდედრი დელფინის შესყიდვას ცდილობდნენ.
ტრომსეს უნივერსიტეტის პროფესორი აუდუნ რიკარდსენი აცხადებს, რომ თეთრი ვეშაპები, ისევე როგორც დელფინები და ცელნამგალა ვეშაპები, საკმაოდ ჭკვიანები არიან.
"ისინი სოციალური ცხოველები არიან, მათი გაწრთვნა ისევე შეიძლება, როგორც, მაგალითად, ძაღლის. "ჯაშუში ვეშაპი" ნავებთან ყოველდღიურად გაღებული პირით მოდის და საკვებს ითხოვს. საინტერესოა, შეძლებს თუ არა ვეშაპი ბუნებრივ გარემოში ადაპტირებას და თეთრი ვეშაპების რომელიმე ჯგუფთან შეერთებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ისევ ადამიანებს მოაკითხავს", — აცხადებს ის.
გასულ კვირას რუსეთის მიერ წყლის ძუძუმწოვრების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა აღსანიშნავია, რომ აშშ წყლის ძუძუმწოვრებს სამხედრო მიზნებისთვის 1950-იანი წლებიდან წრთვნის.
აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალები დელფინებსა და ზღვის ლომებს წყალქვეშა ნაღმების აღმოსაჩენად და ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებს.
ნორვეგიას სამხედრო დანიშნულებით გაწრთვნილ ძუძუმწოვრებთან ურთიერთობის გამოცდილება არ აქვს, რის გამოც "ჯაშუში ვეშაპის" ბედი ჯერჯერობით უცნობია.
ვიგის თქმით, არსებობს შანსი, რომ თეთრი ვეშაპი ისლანდიაში არსებულ თავშესაფარში გადაიყვანონ. მისი თქმით, ეს ვეშაპის გადარჩენის შანსებს გაზრდის.
კომენტარები