2 მაისს კონფერენცია მედიის ევროპული სტანდარტი — ეთიკა და პასუხისმგებლობა გაიმართა, რომელზეც მაუწყებლებისა და ონლაინმედიის წარმომადგენლებმა, ექსპერტებთან და ევროკავშირის ელჩთან ერთად, ქართულ მედიაგარემოში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს. კონფერენცია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

კონფერენციის ორგანიზატორმა, ქარტიის დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ყველა იმ საკითხის განხილვა, რომელიც ხელს უშლის მედიის თავისუფლებას. მისი თქმით, მაღალი პასუხისმგებლობის მედიას შეუძლია ყველა გამოწვევის დაძლევა, ამიტომ აუცილებელია პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობა.

სარედაქციო დამოუკიდებლობა, თვითრეგულირება, პოლიტიზირებული მედია გარემო, დეზინფორმაცია, პროპაგანდის საფრთხე — ეს ის საკითხებია, რომელიც მოწვეულმა სტუმრებმა და მომხსენებლებმა ქართული მედიის მთავარ პრობლემებად დაასახელეს.

კონფერენციაზე ისაუბრეს ევროკავშირის დირექტივაზე აუდიო ვიზუალური მომსახურების შესახებ. ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს 2019 წლის ბოლომდე ევალება კანონმდებლობა ამ დირექტივის შესაბამისობაში მოიყვანოს. ამ მიზნით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მოამზადა მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები არ ეთანხმებიან. მათ მიაჩნიათ, რომ ახალი ცვლილებები უარყოფით გავლენას მოახდენს სარედაქციო დამოუკიდებლობაზე. კერძოდ, თვითრეგულირების ნაწილზე.

ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მედიის პროგრამის მენეჯერი ხატია ჯინჯიხაძე

ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მედიის პროგრამის მენეჯერი ხატია ჯინჯიხაძე

ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მედიის პროგრამის მენეჯერმა, ხატია ჯინჯიხაძემ განაცხადა, რომ საჭიროა მედიის შიდა რეგულირების მექანიზმის გაძლიერება და არა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა.

"მედიის ადვტოკატირების ფარგლებში ვხვდებით მაუწყებელებს და მათი ნაწილი არის თანახმა რომ ინტენსიური მუშაობა დაიწყოს ამ მიმართულებით. ეთიკის დაცვა მხოლოდ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელში არ უნდა იყოს, ეს არის მაუწყებლის პასუხისმგებლობა", — აღნიშნა მან.

შეხვედრას ესწრებოდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელი ივანე მახარაძე, რომელმაც განაცხადა, რომ კომისია მზად არის თანამშრომლობისა და კანონის ახალი ფორმულირების განხილვისთვის.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსი ივანე მახარაძე

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსი ივანე მახარაძე

"კომისიის მიზანი არ არის თვითრეგულირების ნაწილის გადმოტანა. იმ ექსპერტებმა, რომლებიც ევროკავშირმა მოიწვია საქართველოში, დაადგინეს ხარვეზი ჩვენს კანონმდებლობასა და ევროკავშირის დირექტივას შორის. კომუნიკაცია თუ იქნება, რომ არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობა დირექტივას, ჩვენ მზად ვართ", — განაცხადა მან.

შეხვედრაზე ერთ-ერთ ძირითად პრობლემად მედიაში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საფრთხე დასახელდა. მომხსენებლებმა განაცხადეს, რომ ამ საკითხზე ინტენსიური მუშაობაა საჭირო. მათ, ასევე, განიხილეს და სიტყვის თავისუფლების საფრთხედ შეაფასეს ხელისუფლების ინიციატივა ცილისწამებისა და სიძულვილის ენის კონტროლის შესახებ.

კონფერენციის ერთ-ერთმა მომხსენებელმა, ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო გოგუაძემ განაცხადა, რომ ცილისწამების მედიით გავრცელების საკითხზე მსჯელობა პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა. მისი თქმით, ეს არის საკითხი, რომელიც საჭიროებს განხილვას და ამაზე თავად მედიის წარმომადგენლებმა უნდა ისაუბრონ.

"როცა მსჯელობას იწყებენ პოლიტიკოსები სულ სხვა სივრცეში გადმოდის საკითხი, სადაც მგრძნობელობა ნაკლები არის", — განაცხადა მან.

ფოტო: საქართელოს პარლამენტი

გოგუაძემ განაცხადა, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მუშაობს სპეციალური ჯგუფი, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებას აკვირდება. მისი თქმით, ჯგუფი ამონიტორინგებს ანტიდასავლურ ნარატივების პროპაგანდის სახით გავრცელებას.

"როცა საზოგადოება იღებს ინფორმაციას კამპანიის სახით, მან უნდა იცოდეს საიდან მოდის, ვინ აფინანსებს და რატომ ამ ინფორმაციას. ეს არის ამოცანა რომელზეც, საბოლოოდ, ვიმსჯელებთ, როცა დაასრულებს მოკვლევის ჯგუფი მუშაობას", — განაცხადა გოგუაძემ.

დეზინფორმაციის საკითხზე ვრცლად ისაუბრა სტუდია მონიტორის გამომძიებელმა ჟურნალისტმა გიორგი მგელაძემ. აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ინფორმაციის გავრცელება გამარტივდა, მაგრამ გართულდა გადამოწმება. მისი თქმით, როცა ინფორმაცია მწირია, სწორედ მაშინ იჩენს თავს დეზინფორმაცია.

სტუდია მონიტორის ჟურნალისტი გიორგი მგელაძე

სტუდია მონიტორის ჟურნალისტი გიორგი მგელაძე

ფოტო: სტუდია მონიტორი

"ჩვენნაირ ქვეყანაში დეზინფორმაცია უფრო მეტად ვრცელდება, ვიდრე სხვაგან, რადგან სხვა ქვეყნებში ხელისუფლების წარმომადგენლები საჭირო ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას. ჩვენთან ეს არ ხდება. მაგალითად, პანკისში მიმდინარე მოვლენების დროს რამდენიმე საათი წარმოდგენა არ გვქონდა რა ხდებოდა ისევე, როგორც გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს", — განაცხადა მან.

ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირება გავლენას ახდენს მედიაზე, რაც განსაკუთრებული პოლარიზებით ვლინდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების თავმჯდომარემ, მიხეილ ბენიძემ აღნიშნა, რომ დეზინფორმაცია ისევე, როგორც სიძულვილის ენა აქტიური იარაღი იყო წინასაარჩევნო პერიოდში.

სამართლიანი არჩევნების თავმჯდომარე მიხეილ ბენიძე

სამართლიანი არჩევნების თავმჯდომარე მიხეილ ბენიძე

ფოტო: პირველი არხი

მისი თქმით, პოლარიზაციის პროცესში გაძლიერდა არამხოლოდ მედიის, არამედ სოციალური მედიის როლიც. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ფეისბუქგვერდები აქტიურად ეწეოდნენ ძირითადი კანდიდატების დისკრედიტაციას.

"დიდი თანხები იხარჯებოდა ამ პოსტების დასპონსორებაში, მაგრამ არსად არ არის დეკლარირებული, თუ საიდან მოდიოდა ეს ხარჯები. შეიქმნა არამხოლოდ ცრუ გვერდები, არამედ ცრუ მედიებიც. მათი ძირითადი მახასიათებელი მსგავსი დიზაინი და ერთნაირი კონტენტი იყო", — განაცხადა მან.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმაზეც, რომ ხელისუფლება ცდილობს მაუწყებლებზე გავლენის მოპოვებას. მაგალითად მათ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები მოიყვანეს.

სულხან სალაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე

სულხან სალაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე

ფოტო: საია

არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ განაცხადა, რომ მთავრობა საკანონდებლო ცვლილებებითა და სხვა გზებით ცდილობს მედიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას.

"ხელისუფლებას შეიძლება ჰქონდეს ინტერესი არასაკანონმდებლო ცვლილებებით, არამედ სხვანაირად მოიპოვოს გავლენა. მაგალითად, TV პირველზე იყო საუბარი ჩინოვნიკების გავლენაზე, კანონის შეცვლას არ აპირებდა მაშინ არავინ. საგულისხმოა აჭარის ტელევიზიის მაგალითიც, სადაც, ასევე, გამოიკვეთა პოლიტიკური ინტერესები. არც ერთი კითხვა არ დაუსვამს საბჭოს გენერალური დირექტორისადმი იმ პრობლემებზე, რომელიც დაასახელეს. ეს ნათელს ხდის, რომ წინა და ახალ ხელისუფლებას აქვს მედიის კონტროლის მცდელობა", — განაცხადა სალაძემ.

ევროპული ინიციატივა ლიბერალური აკადემიის თბილისის დირექტორი ლაშა ტუღუში

ევროპული ინიციატივა ლიბერალური აკადემიის თბილისის დირექტორი ლაშა ტუღუში

ეს აზრი გაიზიარა კონფერენციის ერთ-ერთმა მომხსენებელმა, ევროპული ინიციატივა ლიბერალური აკადემიის თბილისის დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა. მან განაცხადა, რომ აჭარის ტელევიზია პოლიტიკური პროცესების მსხვერპლი გახდა, რადგან იყო ნეიტრალური.

"ნათია [კაპანაძე] არ იყო პოლიტიკური თამაშის მონაწილე, რადგან იყო ნეიტრალური. თუ ხარ ნეიტრალური, მითუმეტეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაწილში, იქ არ არის შენი ადგილი, ეს გვითხრა პოლიტიკურმა რეალობამ", — განაცხადა ტუღუშმა.

კონფერენციაზე განიხილეს მედიის მდგრადობის ინდექსი და დამოუკიდებელი მედიის განვითარების გზებიც. ონლაინმედიის წარმომადგენლებმა კი იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რასაც დაფინანსების სიმწირე და არასტაბილური შემოსავალი იწვევს.