ჩემი პირველი თერაპიული სესია
თანამედროვე სამყაროში ცხოვრების აჩქარებულ ტემპსა და სტრესულ გარემოს არაერთი ადამიანი მიუყვანია ფსიქოლოგის კაბინეტამდე. ის კი, ვინც არასოდეს მჯდარა თერაპევტის სავარძელში, ალბათ ერთხელ მაინც დაფიქრებულა, რას იტყოდა, რას იგრძნობდა და, საერთოდ, რა ემოციებით დატვირთული გამოვიდოდა მისი კაბინეტიდან. თუმცა, ზოგჯერ ეს ერთი საათი თერაპევტისთვის პაციენტზე არანაკლებ მძიმედ გადის ხოლმე. ამერიკელი ფსიქოთერაპევტი და ჟურნალისტი, ლორი გოტლიბი თავის პირველ პაციენტთან გატარებულ ერთ საათზე ისე გვიყვება, რომ ეს ისტორია ფსიქოთერაპიის ფენომენს ახლებური რაკურსით გვანახებს.
მაგისტრატურაში სწავლის ბოლო წელს კლინიკურ მედიცინაში ტრენინგის კურსი უნდა გამევლო. ეს იმ 3,000-საათიანი სტაჟირების გამარტივებული ვერსიაა, რომლის შესრულებაც სტუდენტებს მოგვიანებით უწევთ და ლიცენზიის მისაღებადაა საჭირო. იმ დროისათვის მე უკვე მომზადებული მქონდა საკურსო დავალებები, მონაწილეობა მიღებული მქონდა საკლასო დადგმებში და ნანახი მქონდა გამოჩენილი თერაპევტების მიერ ჩატარებული სესიების უამრავი ვიდეოჩანაწერი. ხშირად ცალმხრივი სარკის უკანაც ვმჯდარვარ და რეალურ დროში მიმდინარე, გამოცდილი პროფესორების მიერ წარმართული თერაპიული სესიებისთვისაც მიყურებია.
ახლა კი იმის დრო მოსულიყო, რომ ოთახში საკუთარ პაციენტებთან შევსულიყავი. სტუდენტთა უმრავლესობის მსგავსად, წვრთნა საზოგადოებრივ კლინიკაში, ზედამხედველის კონტროლის ქვეშ უნდა გამევლო - დაახლოებით ისე, როგორც მედიცინის სტაჟიორები იღებენ გამოცდილებას სასწავლო საავადმყოფოებში.
პირველივე დღეს, საორიენტაციო შეხვედრის დასრულებისთანავე, ზედამხედველი ანკეტების დასტას მაწვდის და მეუბნება, რომ სულ ზედა ჩემს პირველ პაციენტს ეკუთვნის. ანკეტა მხოლოდ ძირითად ინფორმაციას შეიცავს: სახელი, დაბადების თარიღი, მისამართი, ტელეფონის ნომერი. პაციენტი სახელად მიშელი, რომელიც ოცდაათი წლისაა და საგანგებო სიტუაციაში დასაკავშირებლად შეყვარებულის ნომერი აქვს მითითებული, ერთ საათში მოვა (კონფიდენციალურობის დასაცავად, რა თქმა უნდა, პაციენტის ნამდვილ სახელს არ ვიყენებ).
თუკი გეუცნაურათ, რომ მე, არანაირი გამოცდილების მქონე სტუდენტს, მაძლევენ უფლებას, ვინმეს ვუმკურნალო, გეტყვით, რომ თერაპევტები სწორედ ასე იწვრთნებიან. სამედიცინო სკოლაც - სადაც ასევე მივლია, მაგრამ ხარისხი არ ამიღია - სწორედ ასე, შუა ზღვაში სამაშველო რგოლის გარეშე ჩაგდებით ამზადებს მომავალ ექიმებს. აქ სტუდენტები "დააკვირდი, შეასრულე, ასწავლე" მეთოდით იწვრთნებიან. სხვა სიტყვებით, უყურებ ექიმს, რომელიც ხელით ამოწმებს მუცლის ღრუს, მერე შენ თავად ამოწმებ მუცლის ღრუს, ბოლოს კი სხვას ასწავლი, როგორ შეამოწმოს მუცლის ღრუ. ვაშა! უკვე მუცლის ღრუს შემოწმების სპეციალისტი ხარ.
მოკლედ, მიშელის შესახვედრად მოსაცდელი ოთახისკენ მივდივარ და დიდადაც არ ვნერვიულობ. პირველი 50-წუთიანი სესია, ფაქტობრივად, შესავალია, რაც ნიშნავს, რომ მის ისტორიას შევიტყობ და შევეცდები ვაგრძნობინო, რომ მისი მესმის. მხოლოდ ის მევალება, რომ წინასწარგანსაზღვრული კითხვების დასმით პაციენტზე ინფორმაცია მოვაგროვო და შემდეგ ეს ჩანაწერი ზედამხედველს წარვუდგინო, რათა მკურნალობის მეთოდზე შევჯერდეთ. რა პრობლემაა - მე ხომ წლებია, ჟურნალისტად ვმუშაობ და უცხო ადამიანებისთვის გამომძიებლური შეკითხვების დასმისა და მათთან კომფორტული ატმოსფეროს შენარჩუნების მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს.
რთული რა უნდა იყოს, - ვფიქრობ მე.
მიშელი მაღალი და ზედმეტად გამხდარია. ტანსაცმელი აჩაჩული აქვს, თმა - დაუვარცხნელი, კანი - ფერმკრთალი. ვსხდებით და ჩემი პირველი კითხვაა, აქ მოსვლა რამ აიძულა. ის მპასუხობს, რომ ბოლო დროს ტირილის გარდა ვერაფერს აკეთებს. ამას ამბობს თუ არა, ტირილსაც იწყებს. ოღონდ ტირილში ისეთ მოთქმას ვგულისხმობ, როგორიც უსაყვარლესი ადამიანის გარდაცვალების ამბის გაგებისას თუ აღმოხდებათ ხოლმე. ქვითინი ერთაბაშად, შეუმზადებლად იწყება - წინასწარ არც თვალები აცრემლიანებია და არც ნიკაპი აკანკალებია. პირდაპირ ცუნამი მოვარდა. მიშელი მთელი სხეულით კანკალებს, ცხვირიდან ლორწო მოედინება, ყელიდან ქოშინი ამოსდის და, გულწრფელად, ვერ ვხვდები, სუნთქვას როგორ ახერხებს.
სულ რაღაც ოცდაათი წამია, დავიწყეთ. სასწავლო სიმულაციებში ასეთი რამეები ნამდვილად არ ხდებოდა.
თუკი თავად არ მჯდარხარ ჩუმ ოთახში მოქვითინე უცნობთან, არ გეცოდინება, ეს ერთდროულად როგორი უცნაური და ინტიმური შეგრძნებაა. სიტუაციას ის ამძიმებს, რომ ატირების მიზეზის აზრზე არ ვარ, რადგან ისტორია ჯერ არ გამომიკითხავს. ერთი სიტყვით, არაფერი ვიცი ჩემ წინ ერთნახევარი მეტრის მანძილზე მჯდომი ამ ძალიან უბედური ადამიანის შესახებ.
წარმოდგენა არ მაქვს, რა მოვიმოქმედო, ან თუნდაც სად გავიხედო. თვალებში თუ შევხედავ, იქნებ, უფრო დაითრგუნოს. თუ გვერდზე გავიხედავ, შეიძლება, გულგრილი გამოვჩნდე. გამოველაპარაკო თუ დაველოდო ტირილის დასრულებას? იმდენად შევწუხდი, რომ მეშინია, ნერვული სიცილი არ ამიტყდეს. ვცდილობ, აზრები მოვიკრიბო, ჩემს შეკითხვებზე ვიწყებ ფიქრს. ვიცი, რომ ახლა ამ კითხვებს უნდა ვსვამდე: რამდენი ხანია, თავს ასე გრძნობს (ახლანდელი მდგომარეობის წინარე-ისტორია), რამდენად მძიმე მდგომარეობაში იყო (გადატანილი გამოცდილება), რაიმე ისეთი ხომ არ მომხდარა, რამაც ეს ყველაფერი გამოიწვია (დამაჩქარებელი ფაქტორი). მაგრამ არაფერს ვაკეთებ. ვნატრობ, ჩემი ხელმძღვანელიც აქ იყოს. თავს სრულიად გამოუსადეგარად ვგრძნობ.
ცუნამს დასასრული არ უჩანს. ვფიქრობ, მალე ცრემლი დაეშრიტება და მერე კი იქნება მზად საუბრისთვის; აი, როგორც ჩემს ვაჟიშვილს სჩვეოდა ხოლმე, პატარაობისას ტანტრუმებს რომ მართავდა. მაგრამ მიშელი მოთქმას მაინც აგრძელებს. და აგრძელებს. საბოლოოდ, ვწყვეტ, რაიმე ვთქვა, მაგრამ რა წამსაც სიტყვები ჩემს ტუჩებს ტოვებენ, მაშინვე ვხვდები, რომ თერაპიის არსებობის ისტორიაში ყველაზე სულელური რამ წამოვროშე, - "კეთილი, დეპრესიაში ჩანხართ".
თავს მომენტალურად საშინლად ვგრძნობ. ეს უბედური, ოცდაათი წლის დეპრესიაში მყოფი ქალი შემაძრწუნებელ ტკივილს განიცდის და აქ იმისთვის ნამდვილად არ მოსულა, რომ სტაჟიორმა თავის პირველ დღეს, უბრალოდ, აშკარა მოცემულობა აღნიშნოს. შეცდომის გამოსწორებაზე ფიქრისას იმასაც ვუშვებ, რომ ახლავე სხვა თერაპევტის მოყვანას მოითხოვს. დარწმუნებული ვარ, ნამდვილად არ უნდა, მის დახმარებაზე ვინმე ჩემნაირმა იზრუნოს.
მაგრამ, სანაცვლოდ, მიშელი ტირილს წყვეტს. ისევე სწრაფად, როგორც მოთქმა დაიწყო, ცრემლებს ცხვირსახოცით იწმენდს და ღრმად ამოსუთქვის მერე ცალყბად იღიმება.
"ჰო", - ამბობს ის, - "საშინელ დეპრესიაში ვარ". ამის თქმა თითქოს სიამოვნებს. მეუბნება, რომ პირველი შემთხვევაა, როცა მისი მდგომარეობა სიტყვა დეპრესიით დაახასიათეს.
მიამბობს, რომ წარმატებული არქიტექტორია და გუნდთან ერთად რამდენიმე ცნობილი შენობაც დაუპროექტებია. ყოველთვის მელანქოლიური იყო, მიყვება ის, მაგრამ არავინ არ იცის, რამდენად ფესვგამჯდარია მასში ეს მდგომარეობა, რადგან ზოგადად აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. ერთი წლის წინ კი რაღაც ცვლილება შეამჩნია. ენერგიის დონე და მადა დაუქვეითდა. დილით ლოგინიდან ადგომაც კი დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. ცუდად ეძინა.
მეგობარი ბიჭი, რომელთან ერთადაც ცხოვრობს, აღარ უყვარს, მაგრამ ამის მიზეზი დაზუსტებით არ იცის: იქნებ, მისი ცუდად ყოფნაა საბაბი ან, უბრალოდ, ის არ აღმოჩნდა შესაფერისი ადამიანი. რამდენიმე თვეა, ყოველ ღამით, როცა მის მეგობარ ბიჭს სძინავს, სააბაზანოში ჩუმად ტირის. არავის თვალწინ უტირია ისე, როგორც ახლა ჩემთან იტირა.
ცოტას კიდევ ტირის და აცრემლებული ამბობს, - "ეს… ემოციურ იოგას ჰგავს".
მიმხელს, აქ იმან მოიყვანა, რომ შრომისუნარიანობა დაუქვეითდა, რაც მისმა უფროსმაც შეამჩნია. საქმეზე კონცენტრირება უჭირს, რადგან მთელი მისი ენერგია ტირილის შეკავებას ხმარდება. როდესაც დეპრესიის ნიშნების დამოუკიდებლად გამოკვლევა დაიწყო, აღმოაჩინა, რომ ყველა სიმპტომი ემთხვეოდა. თერაპიაზე არასოდეს ყოფილა, მაგრამ იცის, რომ დახმარება სჭირდება. არავინ, - მეუბნება ის და თან თვალებში მიყურებს, - არც მეგობრებმა, არც შეყვარებულმა, არც ოჯახმა არ იცის, როგორ დეპრესიაშია. არავინ, ჩემ გარდა.
ჩემ გარდა - სტაჟიორის, რომელსაც აქამდე თერაპია არასოდეს ჩაუტარებია.
(თუ იმის მტკიცებულება გჭირდებათ, რომ ხალხი სოციალურ ქსელებში თავიანთ ცხოვრებას შელამაზებულად წარმოგვიჩენენ, თერაპევტი უნდა გახდეთ და თქვენი პაციენტები დაგუგლოთ. მოგვიანებით, როცა მიშელის ბედზე შეწუხებულმა, მისი სახელი ინტერნეტში დავძებნე, უმალ მივხვდი, რომ ამას აღარასდროს გავაკეთებდი; ყოველთვის აჯობებს, პაციენტები თავად დარჩნენ საკუთარი ისტორიის ერთადერთ მთხრობელებად. გუგლმა მისი სურათები ამომიგდო: ერთ ფოტოზე მიშელს პრესტიჟულ ჯილდოს გადასცემენ. მეორეზე რაღაც ღონისძიებაზეა და სიმპათიური ბიჭის გვერდით დგას. ჟურნალის სტატიაში დართულ სურათებზე კი გაღიმებული, მშვიდი და თავდაჯერებული ჩანს. ინტერნეტ-სივრცეში მიშელი არანაირად არ ჰგავდა ადამიანს, რომელიც კლინიკის ოთახში ჩემ გვერდით იჯდა).
მიშელთან მის დეპრესიაზე საუბარი განვაგრძე; დავინტერესდი, თვითმკვლელობაზე თუ უფიქრია; უნდა გავიგო, რამდენად პროდუქტიულია, როგორია მისი თავდაცვის სისტემა და როგორ ცდილობს სიტუაციასთან გამკლავებას. ვიცი, რომ ვალდებული ვარ, ისტორია ხელთ მქონდეს და ჩემს ხელმძღვანელს გადავცე - აღნიშნული ინფორმაცია კლინიკასაც სჭირდება შესანახად. მაგრამ ყოველთვის, როცა რაიმეს ვეკითხები, მიშელს საუბარი სხვა თემაზე გადააქვს. მე ფრთხილად ვუბრუნდები მთავარ კითხვებს, მაგრამ ისევ სადღაც სხვა ადგილას ვყოფთ თავს და ვხვდები, რომ ისტორიის სრულყოფილად ჩაწერასთან ახლოსაც ვერ მივდივარ. ვწყვეტ, რომ ცოტა ხნით, უბრალოდ, მოვუსმინო, მაგრამ ჩემს ფიქრებს მთლიანად ვერ ვბლოკავ: სხვა სტაჟიორებმა თუ იციან, პირველ ჯერზე, როგორ უნდა მოიქცნენ? შეიძლება, რომ პირველივე დღეს გამათავისუფლონ? და როცა მიშელი ისევ იწყებს ტირილს: შემიძლია თუ არა, სანამ წავა, ისეთი რამის გაკეთება, რაც ოდნავ მაინც დაეხმარება… მოიცა, რამდენი წუთი დარჩა?
სავარძლის გვერდით, მაგიდაზე დადებული საათისკენ თვალს ვაპარებ.. ათი წუთი გასულა.
არა, ვფიქრობ მე. ნამდვილად ათ წუთზე მეტია, აქ ვართ. ალბათ, სადღაც ოცი ან ოცდაათი წუთია, ან… არ ვიცი. მხოლოდ ათი წუთი გავიდა? ახლა მიშელი დაწვრილებით ჰყვება, თუ როგორ აერია ცხოვრება. ისევ ვუგდებ ყურს, შემდეგ საათზე გადამაქვს მზერა: კვლავ ათი წუთის გასვლაზე მიმითითებს.
ახლაღა ვხვდები: საათი გაჩერებულია! ელემენტი დაჯდებოდა. ჩემი მობილური სხვა ოთახშია. მიშელს კი ექნება თავისი ჩანთაში, მაგრამ დროის გასაგებად თხრობას ვერ შევაწყვეტინებ.
შესანიშნავია! ახლა რა ვქნა? ასე ჰაი-ჰარალეზე უნდა გამოვაცხადო, ჩვენი დრო დამთავრდა-მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, ოცი წუთი გავიდა, ორმოცი თუ სამოცი? რა მოხდება, თუ სესიას ზედმეტად ადრე ან გვიან შევწყვეტ? ამის შემდეგ ჩემს მეორე პაციენტს ვხვდები. მოსაცდელ ოთახში ხომ არ არის და ფიქრობს, რომ მასთან დათქმული შეხვედრა დამავიწყდა?
დავპანიკდი, მიშელს ყურს კარგად ვეღარ ვუგდებ. და უცებ მესმის, - "უკვე დასრულდა? უფრო სწრაფად გავიდა დრო, ვიდრე ველოდი".
"ჰმმ?" - ვამბობ მე. მიშელი სადღაც ჩემ უკან მიმითითებს. თავს ვატრიალებ და ვხედავ, რომ ოთახში კიდევ ერთი საათია, ჩემ უკან, რათა პაციენტებს თავდაც შეეძლოთ დროისთვის თვალის მიდევნება.
აჰ. წარმოდგენაც არ მქონდა და ვიმედოვნებ, მიშელსაც არ აქვს წარმოდგენა, რომ მე არ მქონდა წარმოადგენა. ერთადერთი ის ვიცი, რომ გული აჩქარებულად მიცემს და, მიუხედავად იმისა, რომ მიშელისთვის წუთები სწრაფად გავიდა, ჩემთვის დრო უსასრულოდ გაიწელა. მხოლოდ გამოცდილება შემაძლებინებს, ინსტიქტურად მივხვდე სესიის რიტმსა და თითოეული წუთის ფუნქციას; ყოველ საათს ერთნაირი დრამატურგია აქვს: ყველაზე ემოციური ნაწილები დროის შუა მესამედში უნდა მოექცეს, ბოლო დაახლოებით სამი, ხუთი, ან ათი წუთი კი პაციენტის დამშვიდებას უნდა მოახმარო. ამისათვის განკუთვნილი ზუსტი დრო პიროვნების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, სასაუბრო თემასა და კონტექსტზეა დამოკიდებული. წლები სჭირდება იმის სწავლას, თუ როდის რა უნდა და რა არ უნდა თქვა და როგორ გამოიყენო დარჩენილი დრო ეფექტიანად.
მიშელს ოთახიდან ვაცილებ. თავს შერცხვენილად ვგრძნობ, რომ პაციენტთან დავიბენი და გონება გამეფანტა, ამასთან, ისტორიის ჩაწერაც ვერ მოვახერხე და ჩემს ხელმძღვანელს ცარიელი ხელებით უნდა შევხვდე. მაგისტრატურის სტუდენტები მოუთმენლად ველოდებოდით, როდის დადგებოდა ის დიდი დღე, როცა თერაპევტულ უბიწოებას დავკარგავდით, მაგრამ ჩემი გამოცდილება სასიამოვნოს ნაცვლად სამარცხვინო აღმოჩნდა.
მოგვიანებით, ცოტა მომეშვა: როცა სესიას ხელმძღვანელთან განვიხილავდი, მითხრა, რომ დაუდევრობის მიუხედავად, საქმეს თავი კარგად გავართვი. უბედურ მიშელთან ვიჯექი, და ვუსმენდი, რაც მსგავს მდგომარეობაში მყოფი ბევრი ადამიანისთვის უჩვეულო და შთამბეჭდავი გამოცდილება შეიძლება იყოს. მომდევნო სესიებზე აღარ ვინერვიულებ იმაზე, რომ რაღაც უნდა მოვიმოქმედო პაციენტის თხრობის შესაჩერებლად. იქ იმისთვის ვიჯდები, რომ მისი დეპრესიის სამძიმო საიდუმლოებანი მოვისმინო. თერაპიის ენაზე თუ ვიტყვი, "პაციენტს იქ შევხვდი, სადაც იყო" - ჭირსაც წაუღია ისტორიის ჩაწერა.
წლების შემდეგ, როცა უკვე ათასობით პირველი სესია მექნება ჩატარებული და ინფორმაციის შეგროვება ჩემს მეორე ბუნებად გადაიქცევა, შეხვედრის წარმატებულობის შესაფასებლად სხვა ბარომეტრს გამოვიყენებ: იგრძნო თუ არა პაციენტმა, რომ მისი მესმის? ყოველთვის გამაოცებს ის, თუ როგორ შეუძლია ადამიანს, უცნობთან ოთახში შევიდეს და ორმოცდაათი წუთის მერე იქაურობა იმ გრძნობით დატოვოს, რომ მას გაუგეს. არადა, ეს თითქმის ყოველ ჯერზე ხდება. ხოლო როცა არ ხდება, პაციენტები აღარ ბრუნდებიან. და ვინაიდან მიშელი დაბრუნდა, რაღაც სწორად გამიკეთებია.
რაც შეეხება დროსთან დაკავშირებულ გაუგებრობას, ჩემი ხელმძღვანელი შეულამაზებლად მეუბნება, - "პაციენტების გასულელებას შეეშვი".
ჯერ დროს მაძლევს გასააზრებლად და შემდეგ მიხსნის: თუ რაიმე არ ვიცი, უბრალოდ უნდა ვთქვა, რომ არ ვიცი. თუ დროის გაგება მსურს, უნდა ვუთხრა მიშელს, რომ ოთახიდან ერთი წუთით გავალ, რათა მუშა საათი შემოვიტანო და გონება აღარ გამეფანტოს.
მე გულწრფელად ვღელავდი მიშელზე, მინდოდა დავხმარებოდი და მაქსიმალურად შევეცადე, მომესმინა - ურთიერთობის დასაწყებად ყველა საჭირო ინგრედიენტი გამოვიყენე. მადლობას ვუხდი ჩემს ხელმძღვანელს და კარისკენ ვიწყებ მოძრაობას. "მაგრამ", - ამატებს ის, - "შეეცადე, შემდეგ კვირებში ისტორია ხელთ გქონდეს".
მომდევნო სესიებზე წარმატებით მოვიპოვე ინფორმაცია, რომელიც კლინიკებს რუტინული ფორმის შესავსებად სჭირდებათ, მაგრამ ახლა უკვე ჩემთვის სრულიად ნათელია - ეს უბრალო დოკუმენტია. ხალხს სჭირდება დრო, რათა თავიანთი ამბები მოგითხრონ, და დრო სჭირდებათ თერაპევტებსაც, რათა მოუსმინონ პაციენტთა ისტორიებს. ხოლო მონაყოლის უმეტესობა - ჩემის ჩათვლით - აბდა-უბდას ჰგავს, სანამ ბოლომდე გაირკვევა, რა არის ამბის შინაარსი.
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
-
გადახედვათავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს
-
გადახედვა21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს 21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი! მამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი!
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
-
გადახედვაგიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს
კომენტარები