საქართველოში ყოველწლიურად, საშუალოდ, 200 ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზით. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს დაავადება მესამე ადგილზეა, ძუძუსა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემდეგ.

მოზრდილობისას, პაპილომა ვირუსით გამოწვეული სიმსივნური დაავადების პრევენციისთვის საქართველოში მოზარდ გოგოებს უკვე ერთ წელზე მეტია უფასოდ უკეთებენ აცრას თბილისში, იმერეთსა და აჭარაში. ვაქცინა ორდოზიანია, რის შემდეგაც, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე გვეუბნება, ქალი მთელი ცხოვრება დაცული იქნება საშვილოსნოს ყელის კიბოსგან. პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინას იყენებენ მოზარდი ბიჭებისთვისაც, რაც ამ ეტაპზე ფასიანია.

როგორ ვლინდება ადამიანის პაპილომა ვირუსი

ადამიანის პაპილომა ვირუსი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა და მისი ზოგიერთი ტიპი საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღწერს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც პაპილომა ვირუსმა ანუსის, ქალისა და კაცის სასქესო ორგანოებისა და საყლაპავი მილის სიმსივნე გამოიწვია. ხოლო, დანარჩენი სახეობები გენიტალურ მეჭეჭებს იწვევს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ვირუსი ვრცელდება პირდაპირ, კანიდან კანზე, დაინფიცირებულ არესთან კონტაქტისას. იგი შეიძლება ნებისმიერი ინტიმური კავშირის დროს გავრცელდეს, იქნება ეს სქესობრივი აქტი, თუ გენიტალიებზე შეხება.

რას აკეთებს ვაქცინა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ვაქცინა შეიცავს პატარა ნაწილაკებს, რომლის სტრუქტურა ვირუსის ყველაზე გავრცელებული შტამების მსგავსია. ამ ნაწილაკებს არ შეუძლიათ ინფექციის გამოწვევა, მაგრამ ვაქცინის ინექციის შემდეგ ორგანიზმის იმუნური სისტემა ამ ნაწილაკებს ვირუსის მსგავსად პასუხობს. ამ ნაწილაკების წინააღმდეგ გამომუშავებული ანტისხეულებით, ორგანიზმი ქმნის დამცავ სისტემას, რომელსაც ინფიცირების შემთხვევაში, ნამდვილი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლია.

უწყება განმარტავს, რომ ეს სისტემა იმდენად კარგად მუშაობს, თითქმის 100 პროცენტით შესაძლებელია ინფიცირების პრევენცია.

ჯანმოს ინფორმაციით, 2017 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 71-მა ქვეყანამ ვაქცინა იმუნიზაციის ეროვნულ კალენდარში შეიტანა მხოლოდ გოგონებისთვის, ხოლო 11-მა ქვეყანამ გოგოებისთვის და ბიჭებისთვის ერთად.

"რამდენადაც არსებობს რისკი, ვაქცინა მაღალი დონის დაცვაა"

მარიამ დიდებაშვილი გვიყვება, რომ 9 წლის გოგოსთის პაპილომა ვირუსის ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა ოჯახის ექიმმა ურჩიათ. ამბობს, რომ ექიმს არ ენდო და ახლობლის რჩევით, მოზარდის აცრისგან თავი შეიკავეს:

"ოჯახის ექიმი გვეუბნება რომ ბავშვი უნდა აიცრას, თუმცა მე მისი ნაკლებად მწამს და მჯერა, ანუ, არ ვაყენებ არავის შეურაცხყოფას, მისი მოვალეობაც ეს არის".

მარიამი ამბობს, რომ ახლობელი, რომელმაც რჩევა მისცა, ექიმი არ არის, თუმცა "სფეროში ერკვევა". მისივე დარიგებით, ფიქრობს, რომ 9-10 წლის ბავშვი პაპილომა ვირუსის ვაქცინისთვის პატარაა და არჩიეს ეს საქმე სამომავლოდ გადაედოთ.

ყველამ ერთმნიშვნელოვნად მირჩია, რომ რამდენადაც არსებობს რისკი, ეს ვაქცინა ძალიან მაღალი დონის დაცვას უზრუნველყოფს.

ნინი რობაქიძე

ლელა ჯინჭარაძე საქართველოში შემოტანილი ყველანაირი ვაქცინის ხარისხს აყენებს ეჭვქვეშ და ამბობს, რომ შვილს არც ერთ აცრას არ გაუკეთებს. მიუხედავად ამისა, იქვე აღნიშნავს, რომ ნდობის ხარისხი მეტია ევროპის ქვეყნებთან მიმართებით და "ალბათ, სხვაგან გაუკეთებდა".

"ჩემს გოგოს გავუკეთეთ აცრა, ძალიან მძიმედ იყო და კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, გადარჩებოდა თუ არა. ექიმმა დასვა დიაგნოზი, რომ ეს იყო ვაქცინის ბრალი", — ჰყვება ის და ამბობს, რომ ამ ამბის შემდეგ უკვე ერთ ჭრილში განიხილავს ყველა აცრას.

განსხვავებულად ფიქრობს თამთა ყიფშიძე, რომელმაც პედიატრისგან მიიღო ინფორმაცია, რომ მისი 9 წლის გოგოსთვის პაპილომა ვირუსის აცრა უნდა გაეკეთებინა. მანამდე ვაქცინის შესახებ ცნობები სხვა ექიმებთანაც გადაამოწმა და საბოლოოდ, გაუკეთა. ამბობს, რომ ბავშვს რეაქცია არ ჰქონია:

"ვეძებე ამ საკითხში კომპეტენტური ექიმი, ვისაც ეს ვაქცინა შემოაქვს, იმ კომპანიის მენეჯერია და მითხრა, რომ ყველანაირად დატესტილია. მითხრა, ეს აცრა ევროპაში წლების წინ შემოვიდაო. შემდეგ ახლობელმა პედიატრმა გამაგებინა, ვაქცინა უფასოა, თუ არ ვცდები, 12 წლამდე და მერე ფასიანია ისევო. მე პირადად, ჩემი შვილები რომ იყვნენ მაგ ასაკის ავცრიდიო... რა ვართ ეს ქართველებიო, რაც უფასოა რატომ ჰგონიათ ცუდიო. მოკლედ, მერე კი გადავწყვიტე".

"ყველამ ერთმნიშვნელოვნად მირჩია, რომ რამდენადაც არსებობს რისკი, ეს ვაქცინა ძალიან მაღალი დონის დაცვას უზრუნველყოფს", — გვეუბნება ნინი რობაქიძე, რომელსაც ახლა 5 წლის ბიჭი ჰყავს და გეგმავს, 9-12 წლის ასაკში ბავშვი პაპილომა ვირუსისგან დააზღვიოს. იხსენებს, რომ ერთი წლის წინ, საქართველოში პაპილომა ვირუსის ვაქცინის შემოტანამ მშობლები დააბნია:

"ზოგ მათგანს ექიმი-პედიატრიც კი ეუბნებოდა, სამომავლოდ რას იწვევს არავინ არ იცისო".

გავრცელებული მითების საპირწონედ, პაპილომა ვირუსის აცრაზე ინფორმაცია დამოუკიდებლად შეაგროვა, ნაცნობ ექიმებსაც ჰკითხა აზრი და დაადგინა, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში, ეს ვაქცინა სავალდებულოა, როგორც გოგოებისთვის, ისე ბიჭებისთვისაც:

"თუ გოგოებში იწვევს საშვილოსნოს ყელის სიმსივნეებს, ბიჭების შემთხვევაში იწვევს საყლაპავი მილისა და პირის ღრუს სიმსივნურ დაავადებებს. მერე დავიწყე იმის გარკვევა, რა ასაკში ხდება აცრა, თურმე გოგოებისა და ბიჭების ასაკი ემთხვევა".

"საქართველოში რასაც უფასოდ აძლევ, არ მოსწონთ"

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, არავაქცინირებული ქალებისა და კაცების დაახლოებით 80 პროცენტი აუცილებლად ინფიცირდება სიცოცხლის რომელიმე ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უფასო ვაქცინით სარგებლობა მხოლოდ 9-12 წლის გოგოებს შეუძლიათ, პაატა იმნაძე განმარტავს, რომ პაციენტის ასაკს ზედა ზღვარი არ აქვს და ვაქცინა რეკომენდირებული და ყველაზე ეფექტიანია, ნებისმიერი ქალისათვის, სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე. მისივე თქმით, სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, როგორც გოგოების, ასევე ბიჭებისთვის ვაქცინის ღირებულება 300 ლარამდეა.

პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია საქართველოში 2017 წლის პირველი დეკემბრიდან, პილოტური პროგრამის ფარგლებში მოქმედებს და მისი წარმატების შემთხვევაში იგი სახელმწიფო პროგრამა გახდება, მაგრამ სწორედ მისი წარმატებაა საეჭვო. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, 9 528 გოგო აიცრა, აქედან ყველაზე კარგი შედეგი აჭარასა და იმერეთშია, ყველაზე ცუდი — თბილისში. პაატა იმნაძე ამბობს, რომ დღევანდელი მონაცემები "მთლად ცუდი შედეგი არ არის", თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ "ე.წ. ტროლების ფაბრიკები მეზობელი ქვეყნებიდან" მშობლებზე ზემოქმედებენ:

"საქართველოში რასაც უფასოდ აძლევ, არ მოსწონთ, რაშიც ფულს იხდიან, ის მოსწონთ. ვაქცინაში ფულს თუ იხდიან, არ ეშინიათ ხოლმე. ამერიკაზე და დასავლეთ ევროპის საზოგადოებაზე რომ მოქმედებენ, წარმოიდგინეთ, ჩვენებზე როგორ იმოქმედებენ, როცა აქ უამრავი გამავრცელებელი ჰყავთ, ზოგი თავისი უცოდინრობითა და უვიცობით, ზოგი კიდე დავალებით. უამრავ სისულელეს აზიარებენ და ერთმანეთს გულს უხეთქავენ. ბავშვებს კი სწირავენ ისეთი დაავადებებისთვის, რომელიც ნორმალურ ქვეყნებში აღარ არის პრობლემა".

ბავშვებმა შეიძლება მშობლებს უთხრან, გავიგეთ რომ საშიშროებაა, რომ ჩემს სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე დაემუქროს, თუ ამ ვაქცინას არ გავიკეთებ. ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში კარგი იქნება, თუ ბავშვებიც იქნებიან ამ საქმეში ჩართული.

მამუკა მახათაძე, ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტი

პაატა იმნაძე განმარტავს, რომ საქართველოში "ბრენდული", დასავლური წარმოების ვაქცინა შემოიტანეს, რომელსაც უკუჩვენება საერთოდ არ აქვს. მისივე ცნობით, უკვე ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილებამ აჩვენა, რომ მაქსიმალურად მცირდება პაპილომა ვირუსის ცირკულაცია იმ ქვეყნებში, სადაც დაიწყო გოგოების აცრა:

"ძალიან გული მწყდება, რომ ჩვენი გოგოების მშობლები არ სარგებლობენ".

ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტი მამუკა მახათაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა საერთო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა რიცხვი და ამასთან, დიდ როლს თამაშობს ზოგადი განათლებაც:

"ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ სხვადასხვა რესურსებიდან, მედიიდან მოდის ამ ვაქცინების საწინააღმდეგო ინფორმაცია. მათ შორის, ეკლესიებიდან, გარკვეული ჯგუფებიდან".

მამუკა მახათაძე განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მშობლებს დაავადების საშიშროება აუხსნან ექიმებმა, რომ პაპილომა ვირუსი სიმსივნურ დაავადებებს იწვევს. ამასთან, მისივე აზრით, საჭიროა ამავე საშიშროებებზე ესაუბრონ ბავშვებს სკოლებში:

"ბავშვებმა შეიძლება მშობლებს უთხრან, გავიგეთ, რომ საშიშროებაა, რომ ჩემს სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე დაემუქროს, თუ ამ ვაქცინას არ გავიკეთებ. ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში კარგი იქნება, თუ ბავშვებიც იქნებიან ამ საქმეში ჩართული. შეიძლება თვითონ ვერ გადაწყვიტონ, მაგრამ მათი მხრიდანაც იქნება ზეწოლა".

კომუნიკაციისთვის დახარჯული რესურსი

2017 წლიდან 2019 წლის 29 მარტის ჩათვლით, ჯანდაცვის სამინისტრომ 24 400 ლარი დახარჯა იმ ინფორმაციის მშობლამდე მიტანისთის, რომ პაპილომა ვირუსის ვაქცინა მოზარდებისთის აუცილებელია, მათგან გოგოებს კი ამის მიღება უფასოდ შეუძლიათ. მშობლები ამ ცნობას ძირითადად პედიატრებისგან ან ოჯახის ექიმებისგან იღებენ.

საინფორმაციო კამპანიის წარმოებისთვის, უწყებისგან მიღებული ინფორმაციით, ამ თანხით მოამზადეს ორი ვიდეო რგოლი და ტრენინგებით გადაამზადეს სამედიცინო პერსონალი [907 სპეციალისტი]. კამპანიის ფარგლებში:

  • ატარებდნენ საკომუნიკაციო შეხვედრებს სპეციალისტებთან;
  • ზედამხედველობით ვიზიტებს იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ტარდება ვაქცინაცია;
  • საერთაშორისო ექსპერტებმა ჩაატარეს ვაქცინის დანერგვის შემდგომი შეფასება;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა ეროვნული კონფერენცია — "ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვა";
  • ჩატარდა ფორმალური კვლევა ვაქცინაციაზე და შემუშავდა იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის მხარდასაჭერად ვაქცინის დანერგვისათვის ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგია;
  • დაიბეჭდა საკომუნიკაციო მასალა ვაქცინაციის ინდივიდუალური ბარათები, საინფორმაციო სამახსოვრო მშობლებისთვის მომზადდა ბანერები.

მამუკა მახათაძის შეფასებით, სახელმწიფო პილოტურ პროგარამას ახორციელებს და შესაბამისად, ბევრს ვერ დახარჯავდა, თუმცა მისივე თქმით, უმჯობესია მაქსიმალური გაიღო ასეთ დროს, რათა შემდეგ სახელმწიფო პროგრამის დროს ნაკლები დაიხარჯოს:

"24-ათასიანი კამპანია ცოტა არ არის, მაგრამ როდესაც მათ აქვთ სამიზნედ მილიონი ბავშვისთვის ვაქცინაციის გაკეთება, შესაბამისად სამ მილიონს დახარჯავენ. აქ თუ ვსაუბრობთ, რომ 2-3 ლარი დახარჯეს ადამიანზე, ამ პატარა ჯგუფზე, რა თქმა უნდა, შეიძლება არ იყოს საკმარისი".

2017 წლიდან 2019 წლის 29 მარტის ჩათვლით, საქართველოში 60 400 დოზა ვაქცინა შემოიტანეს, რომლის საერთო ღირებულება 701 606 ლარია. პილოტური პროგრამის დასრულებამდე ცხრა თვეზე ნაკლები დრო რჩება. პაატა იმნაძის თქმით, ვაქცინის არსებულ მარაგს, შესაძლოა, ვადა გაუვიდეს და ამისათვის დამატებითი ზომების მიღებაა საჭირო.

"ჩვენ მაინც იმედი გვაქვს, რომ წელსვე მოვახერხებთ და მშობლებს ავაცრევინებთ ამ ბავშვებს. თუ პილოტი წარმატებული იქნება, ვაქცინასაც დავნერგავთ სახელმწიფო პროგრამით", — ამბობს პაატა იმნაძე.