საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს ყველა შესაბამის უწყებას, უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება პანკისის ხეობაში, რათა მათ დროულად და ადეკვატურად შეძლონ მოვლენის გაშუქება.

"მნიშვნელოვანია სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების მობილიზება, რათა დაშავებულებმა მიიღონ დროული დახმარება. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უწყებებმა უზრუნველყონ ჟურნალისტებისთვის დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდება, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასწორი და სპეკულაციების შემცველი ცნობების გავრცელება", — ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

დღეს, 21 აპრილის დილას პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი მედიის პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულია რამდენიმე მოქალაქე. ადგილობრივები ამბობენ, ჰესების, კერძოდ მდინარე ალაზანზე "ხადორი 3"-ის მშენებლობის გაგრძელების უფლებას არავის მისცემენ.

გრძელდება ასობით ადამიანის პროტესტი, კვლავ მობილიზებულია სპეცრაზმი და პოლიციის ტექნიკა, მათ შორის წყლის სატყორცნი მანქანები.