ხანძარმა, რომელიც ნოტრ-დამში მძვინვარებდა, ყველას გვაიძულა, კათედრალისათვის სხვა თვალით შეგვეხედა. თუ ოდესმე პარიზში გიმოგზაურიათ, დიდი შანსია, ახლა წარსულის მოგონებებში აღელვებულები აფათურებდეთ ხელს, ხელახლა იხსენებდეთ მისი ნახვით მოგვრილ შთაბეჭდილებას და მომავალზეც დარდობდეთ.

1914 წელს, კატასტროფული ომის დაწყებამდე სულ რაღაც თვეებით ადრე, ანრი მატისიც ზუსტად იმავეს აკეთებდა.

იმ წელს მხატვარმა და მისმა მეუღლემ, ამელიმ, მაროკოში გამგზავრების გეგმები გადადეს და, სანაცვლოდ, პარიზში ახალ ადგილას გადავიდნენ საცხოვრებლად. მათი მოკრძალებული ბინიდან ნოტრ-დამის ხედი იშლებოდა.

მატისი იმ დროს 44 წლის იყო. ეს გარემო მისთვის უჩვეულოდ ახლობელი გახლდათ. 1899 წლიდან მოყოლებული ის იმავე შენობაში, ერთი სართულით მაღლა დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა. ოჯახური ცხოვრების შვიდ წელს თუ არ ჩავთვლით, მატისმა მთელი ზრდასრულობა მდინარე სენასა და პარიზის ყველაზე ცნობილი კათედრალის ხედის შემყურემ გაატარა.

ანრი მატისის პირველი "ნოტრ-დამის ხედი", 1914 წელი

ფოტო: M. Flynn / Alamy

ახალი საუკუნის გარიჟრაჟზე ნოტრ-დამის პეიზაჟი პირველად მან ფუნჯთა წყვეტილი, იმპრესიონისტული მონასმებით უკვდავყო (შესაძლოა, მხატვარი მაშინ კლოდ მონეს მიერ შესრულებულ რუანის კათედრალის ფასადის პეიზაჟებით იყო შთაგონებული). მატისის ამ ნახატზე კათედრალი გაცრეცილი ლურჯი ცის ქვეშ ლანდისებური, მოიისფერო სილუეტის სახით მოჩანს. კათედრალის ეს ვერსია დეტალებისგან დაცლილია, რაც უცნაურად ზედაპირული მხატვრული გადაწყვეტა იყო ისეთი დიადი ნაგებობისათვის, როგორიც ნოტრ-დამია. მატისის ამ არჩევანში რადიკალისტი მხატვრის ერეტიკული უდარდელობა კი იგრძნობოდა, მაგრამ, ამასთან, მხოლოდ შეყვარებულთათვის დამახასიათებელი უშუალობაც გამოსჭვიოდა. მსგავსი ინტიმურობა მაშინ ჩნდება, როცა რაიმეს იმდენად ახლოს იცნობ, რომ შესისხლხორცებული გაქვს. ასეთ დროს შეგიძლია, ტურისტული, გაუბედავი მოწიწების გარეშე მოეპყრა დიად შენობას - თითქოს ამის ბუნებრივი, თანდაყოლილი უფლება გქონოდეს მონიჭებული.

როცა მატისი ნოტრ-დამის თემას მეორედ დაუბრუნდა, იმდენად შთამბეჭდავი ნახატი შექმნა, რომ რთულია, პარიზში მიმდინარე ბოლო ორი დღის მოვლენების ფონზე ის გონებაში არ ამოგიტივტივეს.

მატისი ბედნიერი იყო, რომ პარიზის იმ ნაწილს დაუბრუნდა, რომელიც ასე უყვარდა; იმდენად ბედნიერი, რომ ქრონიკული უძილობის სიმპტომებიც კი შეუმსუბუქდა. როგორც მისი ბიოგრაფიის ავტორი, ჰილარი სპარლინგი წერს, მხატვარს სურდა, "ცხოვრებისს არსს დაბრუნებოდა".

თავპირველად მატისმა აკვარელს დამსგავსებული ზეთის საღებავებით ზუსტად იმავე ადგილიდან გადაშლილი ხედი დახატა, რომელიც წინაზე აირჩია. და ამჯერადაც მდინარე სენამ იმავე დიაგონალური ხაზით გადაკვეთა ტილოს ქვედა ნახევარი.

ამის მერე მხატვარმა იმდენად რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო, რომ მისი მნიშვნელობის გაგება თავადაც კი გაუჭირდა. საბოლოოდ, მისი შიშები გამართლდა და ნახატს კრიტიკოსებმა "დაუსრულებელი ესკიზი" უწოდეს, "რომელსაც მატისმა ხელი უპასუხისმგებლოდ მოაწერა". შედეგად, მხატვარს მეორე, 1914 წლის "ნოტრ-დამის ხედი" დახატვიდან 35 წლის განმავლობაში არ გამოუფენია.

ანრი მატისის მეორე "ნოტრ-დამის ხედი", 1914 წელი

ფოტო: Artepics / Alamy

ამ ნამუშევარში მატისს კათედრალი გარსამდე, შენობის ხაზოვან ჩონჩხამდე აქვს დაყვანილი. ეს ჩონჩხი მან იმდენგზის დახატა და გადახატა, რომ თითქოს მისი ძირითადი სტრუქტურის დასწავლა სცადაო. იგი წაშლილი ხაზების კვალს ტილოზე ტოვებდა და ახალ ფენებს ამატებდა, თითქოს ნახატი არა სურათი, არამედ პალიმფსესტი იყო - მოგონებებისა და შეგრძნებების გროვა. შემდეგ მხატვარმა მთელი ტილო ცისფერი საღებავის თხელი ფენით დაფარა. ცისფერისა და შავის ტონალობათა გარდა ერთადერთი ფერი, რომელსაც მატისმა ამ ტილოზე ყოფნის უფლება მისცა, ოვალური ფორმის მწვანე ლაქაა, რომელიც კათედრალის წინ მდებარე ხეს ან დიდ ბუჩქს უნდა განასახიერებდეს.მთელ ტილოზე, განსაკუთრებით კი ნოტრ-დამის შენობის გარშემო, კვლავ შეინიშნება ესკიზების წაშლისას კაწვრისა და ფხეკისაგან დარჩენილი კვალი - ხაზები, რომლებიც ტილოს ზედაპირს სერავს.

მატისის ამ ნაშრომს ნოტრ-დამის ფერწერულ პეიზაჟს ვერ ვუწოდებთ. თუმცა, ეს მისი არც აბსტრაქტული გადაწყვეტაა.

მატისისთვის ეს ნახატი მოგონებების მსგავსი რამ იყო: ძნელად მოპოვებული, დაწრეტილი და ცეცხლის ენებში გამოვლილი. ის მუდმივ შენებასა და განახლებას საჭიროებდა და გამუდმებით იცვლებოდა მათ გონებაში, ვისაც ის ეხილა და შეჰყვარებოდა.

"ყველაფერი უნდა კონსტრუირდეს", - განუცხადა ერთხელ მატისმა კოლექციონერ სარა სტაინს, - "აშენდეს ნაწილებისაგან, რომლებიც ერთიანობას ქმნიან... ადამიანის სხეული, ვითარცა კათედრალი".

უმთავრესად კი, შეიძლება ითქვას, მატისს იმ პროცესის გადმოცემა სურდა, რომლის ნაწილიც ახლა თავად ვართ - როცა ადამიანების რწმენის, ერთობის, გენიისა და გრანდიოზული მშვენიერების იმ ტრიუმფის გათავისებას ვცდილობთ, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ არსებობდა.

და რა არის ეს პროცესი? რა და, წარსულ განცდათა გადმოსვლა აწმყოში.

ამ დინებაში, რაღა თქმა უნდა, არის იმედიც.