კოსმოსის გავლენა ორგანიზმზე — NASA იდენტური ტყუპების კვლევის შედეგებს აქვეყნებს
სამი წლის წინ ამერიკელი ასტრონავტი სკოტ კელი საერთაშორისო კოსმოსური სადგურზე 340-დღიანი, რეკორდული ხანგრძლივობის მოგზაურობიდან დაბრუნდა, ხოლო მისი იდენტური ტყუპი, მარკ კელი (რომელიც ადრე ასევე ასტრონავტი იყო), მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დედამიწაზე მკაცრი დაკვირვების ქცეშ იმყოფებოდა.
ტყუპებმა ნასას უნიკალური შესაძლებლობა მისცა, რათა შეესწავლათ, თუ რა გავლენას ახდენას კოსმოსი ადამიანის ორგანიზმზე. ამ კითხვაზე პასუხის გაცემით კი შეგვეძლება უკეთ გავიგოთ, თუ როგორ გადაიტანს ადამიანის ორგანიზმი, მაგალითად, მარსისაკენ მოგზაურობას.
ახლა, მისი კოსმოსიდან დაბრუნებიდან სამი წლის შემდეგ, ნელ-ნელა ვიღებთ მონაცემებს, რომლითაც ირკვევა, თუ რა გავლენა მოახდინა უწონადობამ, რადიაციამ და კოსმოსურმა გარეომ სკოტ კელის ორგანიზმზე.
პირველი შედეგები, რომლებიც დღეს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა, იმედისმომცემია.
"ასტრონავტებისა და კოსმოსით დაინტერესებული პირებისათვის დადებითი სიახლეები გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ სკოტ კელის სხეულში დიდი რაოდენობის ცვლილებები დავაფიქსირეთ, დავადგინეთ, რომ ორგანიზმს ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებული მოქნილობის გამოვლენა და დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ ჩვეულ ფორმაში დაბრუნება შეუძლია", - აცხადებს ტყუპების კვლევის მთავარი ხელმძღვანელი კრის მეისონი.
კვლევის ფარგლებში მეცნიერები სკოტისა და მისი ძმის ორგანიზმში სხვადასხვა ბიოლოგიურ მახასიათებლებს აკვირდებოდნენ, იმუნური სისტემით (რომელიც კოსმოსში ისევე მუშაობდა, როგორც დედამიწაზე) დაწყებული, თვალის კაკლის ფორმით (სკოტის მხედველობის ნერვი გასქელდა) დამთავრებული. თუმცა, მკაფიო შედეგები მეცნიერებმა მაშინ დაინახეს, როდესაც ისინი ტყუპების დნმ-სა და გენების ექსპრესიას დააკვირდნენ.
კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერი სუზან ბეილი და მისი კოლეგები სკოტ კელის ტელომერების სიგრძეს და მათთან ასოცირებული ფერმენტების, ტელომერაზების აქტივობას აკვირდებოდნენ. ტელომერები დნმ-ის ბოლოებში არის განთავსებული, მათი სიგრძე კი ორგანიზმის ჯანმრთელობასა და ასაკთანაა დაკავშირებული. დაბერება, სტრესი და რადიაცია ტელომერების სიგრძეს ამცირებს.
რადგანაც კოსმოსში ყოფნის დროს ადამიანები მომატებული რადიაციისა და სტრესის ქვეშ იმყოფებიან, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ სკოტის ტელომერების სიგრძე უნდა შემცირებულიყო.
"ჩვენ სრულად საპირისპირო შედეგი მივიღეთ. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მისვლიდან ორ კვირაში აღებულ ნიმუშებში სკოტის ტელომერები იმაზე უფრო გრძელი იყო, ვიდრე დედამიწაზე ყოფნისას", - აცხადებს ბეილი.
ეს ტრენდი კი მთელი მისიის განმავლობაში შეიმჩნეოდა. მთლიანობაში, მისი ტელომერები დაახლოებით 14,5%-ით დაგრძელდა.
რას შეიძლება ნიშნავდეს ეს? აღსანიშნავია, რომ დედამიწაზე დაბრუნებიდან ერთ კვირაში მისი ტელომერები სიგრძეში კვლავ შემცირდა.
"ეს კონკრეტულად კოსმოსში ყოფნის შედეგად გამოწვეული სწრაფი ცვლილებებია, რომელთა აღმოჩენამაც ძალიან დაგვაბნია და დაგვაფიქრა იმაზე, თუ კონკრეტულად რა მექანიზმებით შეიძლება ხდებოდეს ეს", - აცხადებს ბეილი. სკოტ კელის ტელომერების საშუალო სიგრძე სტანდარტულს დაახლოებით ექვს თვეში დაუბრუნდა, თუმცა, გადაჭარბებული რაოდენობით დაგროვილი მოკლე ტელომერები მის ორგანიზმში კვლავ დარჩა.
ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ტელომერების უჩვეულო ქცევის ახსნა ვერ ხერხდება ისაა, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე დაშვების დროს ინფორმაციის გარკვეული ნაწილი დაიკარგა.
კოსმოსში კელის ორგანიზმიდან აღებულმა ნიმუშებმა დედამიწაზე არსებულ სამიზნე ლაბორატორიამდე 48 საათში მიაღწია, თუმცა ამ მგზავრობის დროს ნიმუშებში ტელომერაზის აქტივობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა, რაც ბუნებრივია, რადგან Soyuz-ის კაფსულაში ბიოლოგიური ნიმუშების შესანარჩუნებლად საჭირო პირობების შექმნა ძალიან რთულია.
სკოტ კელის ორგანიზმში დაფიქსირებული კიდევ ერთი დიდი ცვლილება გენთა ექსპრესიას ეხებოდა. გენთა ექსპრესია ეწოდება პროცესს, რომლის დროსაც გენში ჩაწერილი ინფორმაციიდან გენის საბოლოო პროდუქტები მიიღება.
მკვლევარებმა შეამჩნიეს, რომ კოსმოსში ყოფნისას სკოტის ორგანიზმში მრავალი გენის ჩართვა და გამორთვა ხდებოდა, უმეტესობა მათგანი კი იმუნურ სისტემასა და ცირკულაციასთან იყო კავშირში. ეს აქტივობა მიანიშნებს იმაზე, თუ როგორ ცდილობს ორგანიზმი, რომ კოსმოსის პირობებს მოერგოს.
მეისონი აცხადებს, რომ თითქმის ერთწლიანი მისიის პირველ ნახევარში ექსპრესიის ცვლილება დაახლოებით 1 500 გენთან მიმართებაში დააფიქსირეს. მისიის მეორე ნახევარში კი მსგავსი ცვლილება ექვსჯერ უფრო მეტ გენში მოხდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ორგანიზმი ცვლილებებს კოსმოსში ყოფნისას მუდმივად განიცდის.
ტელომერების მსგავსად, სკოტის დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ მისი გენების ექსპრესია ისევ დარეგულირდა, თუმცა იყო რამდენიმე ასეული გენი, რომელიც საწყის მდგომარეობას არ დაბრუნებია.
უნდა ჩაითვალოს თუ არა ეს დიდ ცვლილებად და რა პირდაპირი გავლენა შეიძლება მოახდინონ ამ გენებმა სკოტის ჯანმრთელობაზე, ჯერჯერობით უცნობია.
კვლევაში მოცემული რიცხვების გაანალიზება რთულია, რადგან არ არსებობს მაგალითები, რომლებთანაც მათ შევადარებთ.
"ეს ჰგავს იმ მომენტს, როდესაც ადამიანებმა არტერიული წნევა პირველად გაზომეს. ამ დროს ჩვენ არ ვიცოდით, თუ რა იყო მაღალი და რა დაბალი, ამის გარკვევა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, როდესაც მრავალი ადამიანის წნევა გავზომეთ", - აცხადებს მეისონი.
მიუხედავად იმისა, რომ სკოტ კელის საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ იმაზე მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადამიანს, მან MIT Technology Review-სთან განაცხადა, რომ ის ამ ინფორმაციით ხელმძღვანელობასა და მასზე დაყრდნობით რაიმე გადაწყვეტილებების მიღებას არ აპირებს.
დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასტრონავტები თავს ცუდად გრძნობენ და სკოტმა ეს პირადადაც გამოსცადა, თუმცა მისი თქმით, ახლა ის საკუთარ ჯანმრთელობასთან მიმართებაში რაიმე მნიშვნელოვან განსხვავებას ვერ ამჩნევს.
"თავს განსხვავებულად ვგრძნობ, თუმცა მცირედით, ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ახლა ოთხი წლით უფრო დიდი ვარ", - აცხადებს ის.
ახლა ბეილის გუნდის შემდეგი მიზანი ტელომერაზის აქტივობის შესასწავლად უფრო ეფექტური მეთოდების შექმნაა. მეისონი კი ფიქრობს იმ ტექნოლოგიაზე, რომლითაც შესაძლოა ნიმუშების ტრანსპორტირება საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე სათანადო პირობებში მოხდეს, რის შედეგადაც გზაში ინფორმაციის დაკარგვა აღარ მოხდება. აღსანიშნავია, რომ ერთ ასტრონავტზე ჩატარებული კვლევა ზოგადი დასკვნების გასაკეთებლად საკმარისი არ არის. მეისონი და ამ სფეროში დასაქმებული სხვა მეცნიერები შეეცდებიან, რომ მსგავსი კვლევები სხვა ასტრონავტებთან მიმართებაშიც ჩაატარონ.
"სურვილის შემთხვეავში, ასტრონავტებს აქვთ შესძლებლობა, რომ ცდაში თავად მონაწილეობა თავად მიიღონ. ასტრონავტებს, ბუნერივია, აქვთ არჩევანი, დათანხმდნენ ან უარი თქვან ამ ტიპის ექსპერიმენტზე. თუმცა, რადგანაც კოსმოსში მოხვედრის შესაძლებლობა ამჟამად მხოლოდ რამდენიმე ადამიანს აქვს, მგონია, რომ მსგავის ტიპის ექსპერიმენტებში მონაწილეობაზე უარი არავინ არ უნდა თქვას", - აცხადებს კელი.
კომენტარები