1961-დან 2016 წლამდე დედამიწაზე არსებულმა მყინვარებმა ცხრა მილიონი მეტრული ტონა ყინული დაკარგეს. მეცნიერების საერთაშორისო გუნდმა კვლევისთვის, რომელიც ჟურნალ Nature-ში ორშაბათს გამოქვეყნდა, თანამგზავრული ფოტოები და საველე დაკვირვებები გამოიყენა.

ეს მაჩვენებელი ნიშნავს იმას, რომ საშუალოდ, დედამიწა ყოველწლიურად 335 მილიარდ მეტრულ ტონა ყინულს კარგავს.

"სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველწლიურად დედამიწა ევროპის ალპებში არსებულ ყინულზე სამჯერ მეტს კარგავს. ეს კი ზღვის დონის მატების ამჟამინდელი მაჩვენებლის 30 პროცენტს განაპირობებს", - აცხადებს კვლევის მთავარი ავტორი მაიკლ ზემპი.

ქვემოთ მოცემულ რუკაზე ყინულის დნობის გეოგრაფიული გადანაწილება ჩანს.

ფოტო:

European Space Agency / Zempt et al. 2019 Nature / World Glacier Monitoring Service

ჩრდილოეთში არსებული გამოკვეთილი და ძლიერი დნობა გასაკვირი სულაც არ არის, არქტიკაში ტემეპრატურის მატება და ყინულის დნობა სამჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე დედამიწის დანარჩენ წერტილებში.

55 წლის განმავლობაში გამდნარმა ცხრა მილიარდმა მეტრულმა ტონა ყინულმა კი ზღვის დონის 27-მილიმეტრიანი მატება გამოიწვია.

კვლევაში მიღებული მონაცემები ადასტურებს, რომ 1960 და 1970-იან წლებში მყინვარებს სტანდარტული სეზონური ცვლილებები ახასიათებდათ, ისინი ზაფხულში ყინულს კარგავდნენ, ზამთარში კი მას უკან იბრუნებდნენ. 1990-იანი წლებიდან კი მყინვარები მუდმივად იმაზე მეტ ყინულს კარგავენ, ვიდრე იძენენ.

სტატიის დასკვნაში ავტორები აცხადებენ, რომ ევროპის, ამერიკისა და ახალი ზელანდიის გარკვეულ რეგიონებში მყინვარები 2100 წლისთვის სრულად გაქრება.