გერმანული მძიმე როკის ბენდმა Rammstein მსმენელთა ნაწილის რისხვა დაიმსახურა, გუშინ გამოქვეყნებული კლიპისთვის Deutschland.

მუსიკალურ ვიდეო-რგოლში გერმანიის ისტორიის სხვადასხვა ეპოქაა წარმოდგენილი, ბენდის წევრები კი ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრების ფორმებში არიან გამოწყობილნი.

9-წუთიან ვიდეოში შესულია სცენები, რომელშიც ბენდის წევრებს კისერზე ყულფი უკეთიათ.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ რამშტაინმა ნაცისტური ეპოქა და ჰოლოკოსტი ცინიკურად გაიხსენა, რათა მედიის ყურადღება მიეპყრო.

"სირცხვილია, რომ რამშტაინი კლიპში ჰოლოკოსტს სარეკლამო მიზნებისთვის იყენებს. ეს უადგილოა. ჩვენ ვუერთდებით უამრავ ადამიანს, რომლებიც მის სასწრაფო წაშლას მოითხოვს", - წერს ტვიტერზე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერი ემანუელ ნაჰშონი.

კლიპში ბენდის ერთ-ერთი წევრი ყვითელ ექვსქიმიან ე.წ. დავითის ვარსკვლავს ატარებს. მსგავსი ნიშანის ტარებას ებრაელებს ნაცისტები აიძულებდნენ.

ფოტო: YouTube / Rammstein

ვიდეოში ჩანს, რომ პატიმრები სახეში ესვრიან შუცშტაფელის რაზმის წევრებს.

გერმანიის მთავრობის ანტი-სემიტიზმის კომისიის წევრი ფელიქს კლეინი ამბობს, რომ, თუ ჰოლოკოსტი ვიდეოში მხოლოდ წარმატებული გაყიდვებისთვის იყო გამოყენებული, მაშინ კლიპი "ხელოვნების თავისუფლების უგემოვნო ექსპლუატაციაა".

1998 წელს, რამშტაინმა კლიპში ნაცისტების 1936 წლის პროპაგანდული ფილმის Olympia-ს სცენები გამოიყენა. ბენდის ვიდეოების, ტექსტისა და ალბომის ყდის შინაარსი ხშირად უკავშირდება ნეკროფილიას, სადომაზოხიზმსა და სექსუალურ ძალადობას.