1972 წელს ამერიკელი ასტროფიზიკოსი კარლ სეიგანი ადამიანების კოსმოსში გასაგზავნად ემზადებოდა. პროექტი ნასას პროგრამის, პიონერის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო. მართალია, პიონერის კოსმოსურ მისიებში ადამიანები არ მონაწილეობდნენ, მაგრამ ამ ერთი კონკრეტული აფრენისათვის ნასას რაღაც განსაკუთრებული ჰქონდა ჩაფიქრებული. მათ სეიგანს სთხოვეს, შეექმნა დედამიწის მაცხოვრებელთა გამოსახულება იმ შემთხვევისთვის, თუ კოსმოსურ ხომალდს უცხოპლანეტელები გადაეყრებოდნენ და ადამიანთა მოდგმით დაინტერესდებოდნენ. სეიგანმა თავისი ცოლის, ლინდა სალცმან სეიგანისა და მეგობრის, ფრენკ დერეკის დახმარებით, ადამიანის ორი შიშველი ფიგურა გამოსახა. კარლი იხსენებს, რომ ლინდას ნახატზე გამოსახულ ქალს აზიური გარეგნობის მახასიათებლები ჰქონდა, ხოლო მამაკაცს - აფრიკული. თუმცა, საბოლოოდ, ფიგურები საეჭვოდ დაემსგავსნენ ევროპული გარეგნობის სხეულებს, 70-იანი წლებისათვის დამახასიათებელი ვარცხნილობებით. მამაკაცის ფიგურა თავად კარლ სეიგანსაც კი ჩამოჰგავდა.

ფოტო: NASA

სეიგანები არ იყვნენ პირველები, ვინც მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. ყოველთვის, როდესაც მკვლევარებს ან მეცნიერებს ადამიანთა სახეობის წარმოჩენა სჭირდებოდათ, ისინი მთლიანი კაცობრიობის ერთი ტიპის ნიმუშში მოქცევის პრობლემის წინაშე დგებოდნენ.
სწორედ ასე თავსატეხი გაუჩნდათ 2003 წელს ვიკიპედიის რედაქტორებსაც - ელექტრონული სტატიების წერასა და შესწორებაზე მომუშავე მოხალისეები საგონებელში ჩაცვივდნენ, როცა "ადამიანის" სტატიისთვის დასჭირდათ ილუსტრაცია. თეორიულად, მსგავსი ტიპის ენციკლოპედიისთვის, რომლის შევსებაშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რეპრეზენტაციის პრობლემა მოხსნილი უნდა იყოს; ვერც ერთი ავტორი ბოლომდე ვერ გააკონტროლებს, როგორ იქნება ესა თუ ის საკითხი წარმოჩენილი, მაგრამ როცა საქმე იმ ფოტოს შერჩევაზე მიდგა, რომელიც ადამიანის შესახებ სტატიას დაასურათებდა, პრობლემა აშკარა გახდა. ვერც ერთი ფოტოსურათი ბოლომდე ვერ მოიცავდა იმ მრავალფეროვნებასა და კულტურულ ნიუანსებს, რომელსაც კაცობრიობა აერთიანებს.

თავდაპირველად რედაქტორებმა გვერდისთვის სწორედ სეიგანის მიერ პიონერის კოსმოსური მისიისთვის შექმნილი ილუსტრაცია შეარჩიეს. სურათი დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში ინარჩუნებდა თავის პოზიციას ვიკიპედიის გვერდზე, მაგრამ რედაქტორები არ იყვნენ გადაწყვეტილებით ბოლომდე კმაყოფილები. ამ თემის განხილვას ასობით გვერდი დაეთმო და გამოჩნდა, რომ ადამიანთა გარკვეული ნაწილი ცდილობდა, დაეძლია ის მიკერძოებულობა, რომლის არსებობის შესახებ აქამდე არც კი დაფიქრებულიყო.

რამდენიმეწლიანი კამათის შემდეგ რედაქტორებმა გადაწყვიტეს, სეიგანის ილუსტრაცია შეეცვალათ. დღეისათვის უკვე 10 წელია, რაც ჩვენი, კაცობრიობის წარმომადგენელი ინტერნეტ სივრცეში ტაილანდელი წყვილია. ისინი ფართო გორაკების ფონზე, მწვანე მინდორში დგანან. მამაკაცი წითელ ქუდს ატარებს და შეჭმუხნული წარბები აქვს, ხოლო ქალი მსუბუქად იღიმის და თავზე თეთრი ნაჭერი აქვს შემოკრული. სწორედ ეს წყვილია დღეისათვის ადამიანის სახეობის ციფრული ნიმუში.

ჯერ კიდევ 2003 წელს, სეიგანის დაფა იდეალურად ასრულებდა თავის დანიშნულებას: თუ ის საკმარისად კარგი იყო უცხოპლანეტელთათვის, რატომაც არ გამოდგებოდა ინტერნეტის მომხმარებლებისთვის?!

მაგრამ 2004 წლის 23 თებერვალს ვიკიპედიას რედაქტორმა, მიშაკმა აღნიშნა, რომ სეიგანის დაფაზე დახატული სუბიექტები თეთრკანიანებს განასახიერებდნენ: "მხოლოდ მამაკაცის თმა გამოდგება იმის მტკიცებულებად, რომ ეს ადამიანები ნამდვილად არ არიან სუბსაჰარული, ავსტრალიის აბორიგენული ანდა აღმოსავლეთ აზიური წარმომავლობისანი". მის კომენტარს გამოხმაურება არ მოჰყოლია, თუმცა ის პირველი რედაქტორი იყო, რომელმაც ეს მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭრა. მსოფლიოს 7,2 მილიარდი მოსახლედან მხოლოდ მილიარდზე ნაკლები ადამიანი არის ევროპელი ან ევროპული წარმომავლობის. ეს მარტივი არითმეტიკა იყო: ვიკიპედიას გვერდზე ადამიანის შესახებ დაწერილი სტატიის მთავარი ფოტო თანამედროვე კაცობრიობის შესახებ უმცირესობის შეხედულებებს ასახავდა.

2004 წლის შემოდგომისთვის დიალოგი ობიექტურობის შესახებ აქტუალური გახდა. რედაქტორებს სურდათ, კაცობრიობა ერთ სახეობად წარმოეჩინათ, მაგრამ, ამავე დროს, მისი ტიპური რეპრეზენტაციაც ეპოვათ. ამ თემამ მალე დიდი გაურკვევლობა გამოიწვია. რედაქტორები, ტომი და რედნბლუ თვლიდნენ, რომ არჩეულ ფოტოში ადამიანებს აუცილებლად უნდა სცმოდათ ტანსაცმელი, რადგან ჩაცმულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია იმ ევოლუციური განსხვავებებისა, რომელიც ადამიანს სხვა სახეობებს შორის გამოარჩევს. რედაქტორ დაბის საპირისპირო პოზიცია ჰქონდა, რადგან ადამიანები თავიანთი არსებობის ისტორიის ყველაზე ხანგრძლივ მონაკვეთში მონადირე ტომებად ცხოვრობდნენ და ტანის დასაფარად ტანისსამოსს არ იყენებდნენ. პარადოქსულია, რომ მოგვიანებით ამავე რედაქტორმა სტატიის მთავარი ფოტოსთვის კანდიდატად ვიკიპედიას დამფუძნებელი, ჯიმი უეილსი წამოაყენა. გაგიკვირდებათ და, უეილსი ფოტოებში და საჯაროდ გამოჩენისას მუდამ შემოსილია ხოლმე.

რედაქტორების მიერ შეთავაზებულ ვარიანტებს შორის იყვნენ ჯონ ლენონი იოკო ონოსთან ერთად და ალბერტ აინშტაინი. ცნობილი ადამიანების ფოტოების გამოყენების იდეა ისტორიულად იმაზე გამართლებულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. სწორედ ასე მოიქცნენ კარლ ლინეს, თანამედროვე ტაქსონომიის ფუძემდებლის, მოსწავლეები და მიმდევრები. ადამიანის სახეობის აღწერისას ლინემ მხოლოდ ერთი ლათინური ფრაზა გამოიყენა, რომელიც ითარგმნება, როგორც ადამიანო, შეიცან თავი შენი. მაგრამ 1959 წელს, უილიამ სტერნმა, ბრიტანელმა ბოტანიკოსმა, სწორედ ლინე დაასახელა ადამიანთა სახეობის ნიმუშად. მისი თქმით, "რადგან ნომენკლატურული მიზნებისთვის სახეობის ტიპურ წარმომადგენლად აღიარებული უნდა იყოს ყველაზე ზედმიწევნით შესწავლილი ნიმუში, ცხადი ხდება, რომ ჰომო საპიენსის ტიპის რეპრეზენტატორად უნდა აირჩეს თავად ლინე, რომელიც ერთობ გატაცებული იყო ავტობიოგრაფიული ჟანრით". მაგრამ რადგან ლინეს სხეული კვლავ მშვიდად განისვენებს შვედეთში და მისი ექსჰუმაცია არავის უფიქრია, სიკვდილის მერე მინიჭებული მისი ეს სტატუსი უფრო ფორმალურია, ვიდრე პრაქტიკული.

თუკი ტაქსონომიის სპეციალისტები კარლ ლინეს ადამიანთა სახეობის საპატიო წარმომადგენლად აღიარებენ, მაშინ, რატომ არ შეიძლება, რომ ჯიმი უელსმა შეასრულოს იგივე როლი ვიკიპედიასთვის? თანაც, ეს არჩევანი რედაქტორებს იმ თავსატეხსაც მოუხსნიდა, საავტორო უფლებების დაურღვევლად კარგი ხარისხის ფოტოს მოპოვებასთან რომაა კავშირში. მაგრამ ეს არგუმენტი არ აღმოჩნდა საკმარისად დამაჯერებელი ინტერნეტ ნერდებისთვის, რომლებიც ციფრული სამყაროს ყველაზე პოპულარულ ენციკლოპედიას აკონტროლებენ. 2004 წლის შემოდგომაზე ვიკიპედიაზე მომუშავე გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, არსებული ილუსტრაცია ორი ამერიკელი გოგოს ფოტოთი ჩაენაცვლებინა.

ფოტო: Gordon Parks

არჩეული ფოტო იდეალურისაგან ნამდვილად შორს იყო. რედაქტორებმა გააპროტესტეს, რომ ამერიკელი ფოტოგრაფის, გორდონ პარკსის ეს კადრი, რომელიც მას 1943 წლის სამთავრობო პროექტის ფარგლებში გადაეღო, ზედმეტად მიკერძოებულ ხედვას გამოხატავდა. მათი აზრით, ის არ ასახავდა რეალურ რასობრივ მდგომარეობას შტატებში. გადასაღებად გამოყენებული ფირი კი ისეთ ეფექტს იძლეოდა, რომელიც ხელს უშლიდა ფოტოზე გამოსახული ადამიანების კანის ფერის გარჩევას.

მომდევნო, 2004-2008 წლებში ვიკიპედიას რედაქტორები ამ ორი, არასრულყოფილი ილუსტრაციის მომხრეთა ბანაკებში გადანაწილდნენ. სიტუაციას ის ართულებდა, რომ სტატიაში ცვლილების შეტანა ყველას შეეძლო და ისინიც უკონტროლოდ ცვლიდნენ და ამატებდნენ ფოტოებს. ზოგჯერ გვერდის მთავარ ფოტოდ ისევ სეიგანის დაფა ჩნდებოდა, ზოგჯერ კი - ორივე ფოტო ერთად.

გვერდის რედაქტორები ისევ და ისევ უბრუნდებოდნენ სეიგანის ფირფიტაზე გამოსახული სხეულების ანატომიური უზუსტობების განხილვას: ქალის სხეულს გენიტალიები აკლდა, ნახატი არ იყო ფერადი და მასზე არც ბავშვები და არც ასაკოვანი ადამიანები არ ჩანდნენ. შემოთავაზებულ სხვა ფოტოთა შორის იყო სიფრთხილით შერჩეული შიშველი ოჯახის კადრი, რომელზეც ბავშვი და ორსული ქალი ჩანდნენ. ვიკიპედიის გუნდის წევრებმა ისიც კი იფიქრეს, რომ თუ სტატიის მთავარ ფოტოდ ანიმაციურად შექმნილ სახეს აირჩევდნენ, თავიდან აიცილებდნენ სხვადასხვა სახის დაპირისპირებას. როდესაც კამათი გამწვავდა, ერთ-ერთმა რედაქტორმა კონსულტაციის მისაღებად თავად უეილსს მიმართა, პასუხად კი ეს მიიღო: "მას შემდეგ, რაც საკითხს მოკლედ გავეცანი, დისკუსიას სასარგებლოს ვერაფერს შევმატებ, ის უჩემოდაც წარმატებით და საუკეთესო ტრადიციების დაცვით მიმდინარეობს".

დროთა განმავლობაში უელსმა ამ დისკუსიის მნიშვნელობა ეჭვქვეშ დააყენა. როდესაც მოგვიანებით ამ თემასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს, მან უპასუხა: "არ ვარ დარწმუნებული, რომ სტატიის მთავარი ფოტოს შესახებ დებატები საინტერესო, ან თუნდაც რაიმე სახით საკამათო იყოს. ფოტოზე ადამიანები უნდა იყვნენ ასახულნი და თუ ფოტოთა მრავალფეროვნებას ითხოვთ, სტატია უამრავ ფოტომასალას შეიცავს. უბრალოდ, ერთ-ერთი მათგანი რიგით პირველი უნდა იყოს და მერე რა?"

წლების გასვლის მიუხედავად, რედაქტორები ისევ ჯიუტად ცდილობდნენ ამ საკითხის სამართლიანად გადაწყვეტას. რამდენიმე წელი და განხილვების ასობით გვერდი დასჭირდა შეთანხმებამდე მისვლას. საბოლოოდ კი კონსესუსს მიაღწიეს.

2007 წელს მომხმარებელმა, სახელით საილენსი, ვიკიპედიას სტატიებს შორის იპოვა ფოტო, რომელიც რედაქტორებს შესთავაზა. ფოტოზე ასახული იყო ტაილანდელი მამაკაცისა და ქალის წყვილი აკჰას თემიდან. ფოტო გერმანელმა ფოტოგრაფმა, მანუელ ჯობიმ გადაიღო და 2006 წელს გერმანულ ვიკიპედიაზე ატვირთა, 2007 წელს კი საერთო ვიკიმედიაშიც დაამატა.

საილენსმა ვიკიპედიას ხშირად დასმული კითხვების განყოფილებაში დაწერა, რომ სურათი ერთი მიზეზით აარჩია: ის ანბანური თანმიმდევრობით განლაგებულ ფოტოთა შორის ერთ-ერთი პირველი იყო, რადგან ტომის სახელი აკჰა ანბანის პირველი ასოთი იწყება. ეს ფოტო აღარავის შეუცვლია, შეიძლება იმიტომ, რომ არ სურდათ, საილენსისა და სხვა რედაქტორების მიერ შემოთავაზებულ ამომწურავ არგუმენტებს შეწინააღმდეგებონენ. ამგვარად, წლების განმავლობაში მიმდინარე დებატების დამთავრება ვიკიპედიას ჯგუფმა არბიტრალური შერჩევითობის საშუალებით მოახერხა. "მსგავსი სახის ხანგრძლივი დისკუსიის დროს, ვფიქრობ, ძალიან ადვილად შეიძლება, საკუთარ შეხედულებებს მიეჯაჭვო", - აღნიშნა რედაქტორმა სედარსმა, - "ამიტომ, საბოლოოდ, შემთხვევით ნაპოვნი ფოტო შევარჩიეთ".

როგორც სეიგანების მიერ შექმნილი ნახატი მიაწვდიდა უცხოპლანეტელებს ადამიანთა მოდგმის შესახებ მრავალ საჭირო ცნობას, - მაგალითად იმას, რომ წელში გამართულად გადავაადგილდებით და გვაქვს თითები, - ასევე, მანუელ ჯობის ფოტო გვეუბნება ბევრს აკჰას ტომზე, რომელიც სულ რაღაც შვიდასი ათას მოსახლეს ითვლის და მდინარე მეკონგის მიმდებარე ტერიტორიაზეა დასახლებული. ანთროპოლოგმა მიკა მორტონმა, რომელიც გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა ტომთან და შეისწავლიდა მათ ტრადიციებს, დაადასტურა, რომ ფოტოზე გამოსახული წყვილი ნამდვილად აკჰას ტომიდანაა. მისი თქმით, ამაზე მეტყველებს ქალის მხარზე გადაკიდებული ჩანთა და წელზე შემორტყმულ ქამარზე დამაგრებული მაჩეტე, რომელიც, სავარაუდოდ, ბანანის ხეების მოსაჭრელად გამოიყენეს, მოჭრილ ხეს კი მამაკაცი ეზიდება. სავარაუდოდ, სახლში დაბრუნებულებმა, ხის ფოთლები დაჭრეს და ღორების საჭმელად გამოიყენეს.

მრავალ თაობათა მანძილზე აკჰას ტომს ბრინჯის კულტურა მოჰყავდა. ტრადიციის თანახმად, თითოეული მაცხოვრებელი წელიწადში თორმეტჯერ ბრინჯის შეწირვით სცემს პატივს წინაპართა ხსოვნას. თუმცა, დღესდღეობით ისინი უფრო მომგებიან კულტურებსაც ზრდიან, მათ შორის ჩაის, ყავას და რეზინის ხეებს. ახალგაზრდების უმრავლესობა სავალდებულო საჯარო სკოლებში სწავლობს, ხშირად ისინი ქალაქებში გადადიან საცხოვრებლად. შეიძლება, ტრადიციებისა და ცვლილებების მსგავსი სინთეზი ნიშნავს, რომ ეს ფოტო, სხვებთან შედარებით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს ადამიანის ხანრძლივი არსებობის პერიოდს. ამ მიზეზით ის ადამიანის შესახებ შექმნილი ვიკიპედიას გვერდის მთავარი ფოტოობის განსაკუთრებით შესაფერისი კანდიდატურაც კია.

არც ფოტოგრაფი და არც ფოტოზე ასახული სუბიექტები არ დათანხმებულან, რომ ეს კადრი ადამიანის ციფრულ ნიმუშად ქცეულიყო. როგორც მუზეუმში განთავსებული ცხოველის ერთი ფიტული ასახავს მთელს სახეობას, ასევეა ეს წყვილი მთელი კაცობრიობის წარმომადგენელი.

ალბათ, მარტივია ვიკიპედიის რედაქტორების ამ ამბის ანტიგმირებად შერაცხვა იმ მიკერძოებულობის გამო, რომელსაც ისინი დებატებისას იჩენდნენ. ღია რედაქტირების დადებითი მხარეები, საბოლოო ჯამში, მხოლოდ თეორიულია, რადგან რედაქტორთა უმრავლესობა ტექნოლოგიებში გათვითცნობიერებული მამაკაცია. ალბათ, ესეც იყო სეიგანის დაფის თავდაპირველი პოპულარობის მიზეზი.

"კომენტარების კითხვისას, ვფიქრობ, მიკერძოებული ვიყავი იმ იკონოგრაფიის მიმართ, რომელიც კაცობრიობის ამ დიად ტექნიკურ მიღწევას უკავშირდებოდა", - ამბობს დევიდ მერთზი, რედაქტორი, რომელიც თავდაპირველად მხარს სწორედ სეიგანების დიზაინს უჭერდა, - "დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩემი მოსაზრება კულტურულად მიკერძოებული შეიძლება ჩანდეს".

ყველაფრის მიუხედავად, რედაქტორების აუნაზღაურებელი ენთუზიაზმი თვითანალიზისადმი, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში იჩენდნენ, ნამდვილად დასაფასებელია. ტაქსონომიის გამოწვევები ჯერ კიდევ დასაძლევია. მომავალში მეცნიერებს მოუწევთ არა - უცხოპლანეტელებს, არამედ კომპიუტერებს ასწავლონ, თუ როგორ ამოიცნონ ადამიანის გამოსახულება. ამჟამად პროგრამული უზრულველყოფის ინჟინრები მუშაობენ ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც მილიონობით სახის ნახვის შემდეგ შეძლებს ადამიანის ამოცნობას. მაგრამ ვისი სახეებია შერჩეული ამისთვის?

ახლა უკვე კომპიუტერულ მეცნიერებს უწევთ გენდერის, რასისა და კულტურის ისეთ საკითხებთან გამკლავება, როგორებსაც თავის დროზე ვიკიპედიას რედაქტორები შეეჯახნენ. ერთზე მეტი ფოტოს გამოყენების შესაძლებლობა დიკუსიას კი წინ სწევს, მაგრამ ეს სწორი პასუხების მოძებნის გარანტია მაინც არაა.