კაცები ტესტოსტერონს კარგავენ — შესაძლო მიზეზები
აშშ-ში ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევის საფუძველზე გაირკვა, რომ ტესტოსტერონის საშუალო მაჩვენებელი ყოველწლიურად ერთი პროცენტით იკლებს.
ცნობილია, რომ ორგანიზმში ტესტოსტერონის რაოდენობა ასაკის მატებასთან ერთად ბუნებრივად კლებულობს, თუმცა კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ 1987 წელს 65 წლის კაცს დაახლოებით 17 პროცენტით უფრო მეტი ტესტოსტერონი ჰქონდა, ვიდრე იგივე ასაკის კაცს 2004 წელს.
თანაც აღნიშნული ტრენდი მოლოდ ამერიკელებზე არ ვრცელდება, მსგავსი შედეგებია მიღებული დანიაში ჩატარებულ კვლევაშიც. სექსოლოგი იან კერნერი CNN-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მასთან უფრო და უფრო ხშირად მიდიან ახალგაზრდები, რომლებსაც დაქვეითებული ლტოლვა და ერექციის პრობლემები აწუხებთ — საკითხები, რომლებიც თავს ძირითადად დიდ ასაკში იჩენს ხოლმე.
ეს ყველაფერი ისეთი საგანგაშო არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. კლების მიუხედავად, კაცების უმეტესობას ორგანიზმში ტესტოსტერონის ჯანსაღი რაოდენობა აქვთ, თუმცა, თუ ტესტოსტერონი ზედმეტად დაეცემა, ამ შემთხვევაში მისი გავლენა უკვე აშკარად შეიმჩნევა. ტესტოსტერონი მონაწილეობას იღებს ყურადღებაში, მეხსიერებასა და სივრცით აზროვნებაში. ის ასევე განაპირობებს სექსუალურ ლტოლვასა და კუნთის მასის მატებას.
როდესაც ორგანიზმში ტესტოსტერონის რაოდენობა მნიშვნელოვნად იკლებს, კაცები დაღლილობას, შემცირებულ სექსუალურ ლტოლვას, წონის მომატებასა და კუნთების მასის დაკარგვას განიცდიან. ასევე არსებობს კავშირი ტესტოსტერონის დაბალ დონესა და დეპრესიას შორის.
2018 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ადამიანებს, რომლებსაც ტესტოსტერონის ნაკლებობა აწუხებთ, ჭარბწონიანობის, გულ-სისხლძარღვთა პრობლემების, მაღალი წნევის, დიაბეტისა და სხვა დაავადებების მომატებული რისკი აქვთ.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ კორელაციას აღნიშნავს, ხოლო იმის დამტკიცება, რომ დაბალი ტესტოსტერონი ორგანიზმზე მსგავს უარყოფთ გავლენას ახდენს, რთულია, თუმცა ალბათობა იმისა, რომ იმ აქტივობებმა, რომლებიც ტესტოსტერონის მომატებას ემსახურება, ამ დაავადებების განვითარების რისკიც შეამციროს, დიდია.
რა იწვევს ტესტოსტერონის კლებას?
სამწუხაროდ გაურკვეველია, თუ ზუსტად რა იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დონის სტაბილურ კლებას, თუმცა არსებობს გარკვეული მოსაზრებები.
ტესტოსტერონის კლების ერთ-ერთი უჩვეულო მიზეზი შესაძლოა სიგარეტის მოხმარების შემცირება იყოს. სიგარეტი ორგანიზმზე ძალიან დიდ უარყოფით გავლენას ახდენს, თუმცა ის ორგანიზმში ტესტოსტერონის მატებას იწვევს.
80-იან წლებში კი სიგარეტის მოწევა პრაქტიკულად ნორმად იყო ქცეული, თუმცა ტესტოსტერონის მოსამატებლად სიგარეტის მოხმარებას არ გირჩევთ, ეს ძალიან ცუდი იდეაა.
ტესტოსტერონის კლებაში როლი შესაძლოა ჭარბწონიანობასაც ჰქონდეს. 1999-დან 2016 წლამდე ამერიკაში მცხოვრებ ზრდასრულ ადამიანებში ჭარბწონიანობა 10 პროცენტით გაიზარდა. წონაში მატება და ტესტოსტერონის კლება ერთმანეთთანაა კავშირში: ჭარბწონიან კაცებს დაბალი ტესტოსტერონი აქვთ, ხოლო დაბალი ტესტოსტერონის მქონე კაცებს კი ჭარბწონიანობისაკენ აქვთ მიდრეკილება.
ტესტოსტერონის კლებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამნაშავე, სავარაუდოდ, დაბინძურებაა. კვლევები აჩვენებს, რომ ის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც მედიკამენტებსა და პესტიციდებში გამოიყენება ტესტოსტერონს ამცირებს. ეს ქიმიური ნივთიერებები კი ოკეანეებსა და ზღვებშიც ხდება, რაც გავლენას თევზების რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზეც ახდენს.
მკვიდრი ამერიკელების მონაწილეობით ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ კაცების ორგანიზმში ნახევრადქლორილებული ბიფენილების (PCB) არსებობა ტესტოსტერონის შემცირებასთან იყო კავშირში. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ PCB-ები ჯანმრთელობისთვის საზიანოა, თუმცა ეს ნივთიერებებ ბუნებაში ძალიან დიდი ხანი რჩება. PCB-ს გარდა ტესტოსტერონზე უარყოფით გავლენას ახდენს ბისფენოლ A-ც, ეს ნივთიერება პლასტმასის ნივთების დასამზადებლად გამოიყენება. ცნობილია, რომ ადამიანის ჰორმონალურ სისტემაზე გავლენას ტრიკლოზანიც ახდენს, რომელიც გავრცელებული ანტიბაქტერიული ნაერთია. ამ ნივთიერებების გარემოშ გავრცელების შემდეგ, ეკოსისტემებიდან მათი ამოღება ძალიან რთულია.
რისი გაკეთება შეგვიძლია?
ტესტოსტერონის კლების მიზეზებისა და მექანიზმების ახსნა და შესწავლა ხანგრძლივი და რთული საკითხია, მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ ამ პრობლემასთან ბრძოლა არც ისეთი რთულია, როგორც წარმოგიდგენიათ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები, ივარჯიშეთ და გამოისწორეთ ძილის რეჟიმი. თუ ეს საკითხი უფრო მეტად გაღელვებთ, სცადეთ, რომ პლასტმასის კონტეინერებში შენახული საკვები და სასმელი არ მიიღოთ. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ მხარი დაუჭიროთ და გვერდში დაუდგეთ იმ ადამიანებს, რომლებიც გარემოს დაცვაზე ზრუნავენ.
კომენტარები