Toyota მთვარის თვითმავალ "მანქანაზე" მუშაობს
მთვარის მიმართ საერთაშორისო ინტერესი უფრო და უფრო იზრდება, ამ პატარა კოსმოსურ რბოლაში კი Toyota-ც ერთვება.
მანქანების იაპონური მწარმოებელი ასტრონავტებისთვის თვითმავალ როვერს შექმნის, რომლითაც ადამიანებს მთვარეზე გადაადგილება შეეძლებათ. საინტერესო ისაა, რომ მანქანაში ყოფნა ასტრონავტებს სკაფანდრებისა და სპეციალური დამცავი სამოსის გარეშე შეეძლებათ.
იაპონური სააგენტო Kyodo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Toyota და იაპონიის კოსმოსური სააგენტო იმედოვნებენ, რომ თვითმავალი როვერი მთვარეზე 2029-2034 წლებში დაგეგმილი მისიის ნაწილი გახდება.
ექვსბორბლიანი როვერი ამჟამად მეტი არაფერია, თუ არა კონცეფცია, მაგრამ მეცნიერებს როვერის გარკვეული მახასიათებლები უკვე შემუშავებული აქვთ. მისი ენერგიის წყარო ელექტროქიმიური გენერატორი იქნება და ის ორ ადამიანს, საგანგებო შემთხვევაში კი ოთხსაც დაიტევს. საჭიროების შემთხვევაში ასტრონავტებს როვერში ცხოვრება რამდენიმე კვირის განმავლობაში შეეძლებათ. როვერს 10 000-ზე მეტი კილომეტრის გავლა შეეძლება.
"როგორც ინჟინერი, ვამბობ, რომ კოსმოსურ პროექტში მონაწილეობა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელი გამოცდილებაა. მე ძალიან გახარებული ვარ", - აცხადებს ტოიოტას ვიცე-პრეზიდენტი სიგაკი ტერაში.
"ძალიან გვიხარია, რომ კოსმოსის შესწავლის საკითხში ტოიოტა მხარს გვიჭერს. პილოტირებული, ჰერმეტულად დაცული როვერები მთვარის შესწავლაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ", - აცხადებს კოსმოსური სააგენტოს პრეზიდენტი ჰიროში იამაკავა.
იაპონია ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც მთვარის შესწავლის საკითხით ძლიერად არის დაინტერესებული.
ჩინეთი ცოტა ხნის წინ გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მთვარის შორეულ მხარეს ხომალდი დასვა, ერთი თვის წინ კი ისრაელმა მთვარეზე პირველი კომერციული წარმოშობის ხომალდი გაგზავნა.
აშშ კი, რომელმაც მთვარეზე პირველი ადამიანი დასვა, ამჟამად მთვარის ორბიტაზე ბაზის შექმნას გეგმავს, რომლიდანაც ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე, საბოლოოდ კი მარსზე გაემგზავრებიან.
კომენტარები