რატომ აქვთ ქალებს კაცებზე ნაკლები ანაზღაურება
განვითარებულ მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია ქალებსა და კაცებს შორის შემოსავლების სხვაობასა და ამის მიზეზებზე. თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე ხშირი შემთხვევაა, როდესაც საკითხი ინდივიდუალური პოლიტიკური გემოვნებისა თუ იდეოლოგიის ჭრილში განიხილება. მიუხედავად ამისა, დაგროვილი მონაცემების ჯეროვანი ანალიზის, ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებისა და საკითხისადმი სწორად მიდგომის შემთხვევაში შესაძლებელია მივიღოთ მეტ-ნაკლებად რეალისტური პასუხი კითხვაზე, რატომ გამოიმუშავებენ ქალები კაცებზე ნაკლებს.
საკითხის გამოკვლევისას ორ მიდგომას იყენებენ. პირველ შემთხვევაში დასაქმების მაჩვენებელი და ხელფასების მონაცემები ჯამდება და ამის შედეგად მიღებულ სურათზე მსჯელობენ. მეორე მიდგომა გულისხმობს საკითხის გამოკვლევას სამუშაოს ტიპების, პოზიციებისა და დასაქმების სფეროების მიხედვით. ამ მიდგომით მანიპულაციის რისკი მნიშვნელოვნად მცირდება.
დასაქმებული ქალები საქართველოში 41 პროცენტით ნაკლებს გამოიმუშავებენ ვიდრე კაცები. ამის შესახებ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალი კვლევაშია ნათქვამი.
არსებული სხვაობის მიზეზებად გაერო ქალთა ორგანიზაცია ასახელებს შრომის სეგრეგაციას, ტრადიციული გენდერული როლებისა და ქალების დატვირთვას არაანაზღაურებადი შრომით, კერძოდ, კი ოჯახური მოვალეობებით. კვლევის მონაცემებით სამუშაო ასაკში მყოფ ქალთა 17 პროცენტი თავის ძირითად საქმიანობად დიასახლისობას მიიჩნევს.
საქართველოში ჩატარებული კვლევის გარდა, ქალებსა და კაცებს შორის ეკონომიკურ უთანასწორობაზე საერთაშორისო კვლევებიც მეტყველებს. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ 36 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგებით აღმოჩნდა, რომ დასაქმებული ქალების ჯამური ანაზღაურება კაცების ანაზღაურების 85 პროცენტია.
მიუხედავად პოპულარული აზრისა, რომ ქალებს სამსახურებში ნაკლებს უხდიან, მონაცემების დამუშავების შემდეგ აშკარა ხდება, რომ სხვაობის მიზეზი უმთავრესად ქალებსა და კაცებს შორის განსხვავებული სამუშაოა.
ამერიკული ანალიტიკური ორგანიზაციის, Korn Ferry-ის კვლევის შედეგად გამოჩნდა, რომ ერთსა და იმავე დამსაქმებელთან ერთსა და იმავე სამუშაოს შემთხვევაში ქალებს ანაზღაურება კაცების ანაზღაურებას მხოლოდ ორ პროცენტით ჩამოუვარდება. შესაბამისი კვლევა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ 25 სახელმწიფოში ჩატარდა.
როგორც წესი, კაცები უფრო ხშირად მუშაობენ ხელმძღვანელ პოზიციებზე, რომლებიც მაღალ ანაზღაურებადია, ქალების დასაქმების ძირითადად სფეროს კი წარმოადგენს ისეთი სამუშაოები, რომლებიც ხშირად დაბალ ანაზღაურებადია. ქალები მნიშვნელოვნად ჭარბობენ კაცებს ადმინისტრაციული, სამდივნო და მომსახურების სფეროებში. მაგალითად, ამერიკაში სკოლის მასწავლებლების, სამედიცინო და სამდივნო დამხმარე პერსონალის 80 პროცენტი ქალია. ეს ტრენდი უმნიშვნელო სხვაობით იგივეა მსოფლიოს სხვა წამყვან და განვითარებად სახელმწიფოებში. ამგვარად გამოდის, რომ ის სფეროები სადაც ყველაზე მეტი ქალია დასაქმებული ტრადიციულად დაბალანაზღაურებადია როგორც ქალებისთვის, ასევე კაცებისთვისაც.
2018 წლის გაზაფხულიდან ბრიტანული კომპანიები, რომლებშიც 250 და მეტი ადამიანია დასაქმებული ვალდებულები არიან გამოაქვეყნონ ორგანიზაციაში დასაქმებული ქალებისა და კაცების ხელფასებს შორის არსებული სხვაობა. 2017 წლამდე მსგავსი კანონი მოქმედებდა აშშ-შიც. ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პერიოდში ქალებს ქონდათ უფლება გაეგოთ, მის სამუშაო პოზიციაზე დასაქმებული ექვსი კაცი კოლეგის ანაზღაურების რაოდენობა. კანონი დონალდ ტრამპის ინიციატივით გაუქმდა.
პირველადი მონაცემებით ყველაზე მაღალი სხვაობა ბრიტანელ ქალებისა და კაცების რომის ანაზღაურებას შორის საფინანსო საბანკო სფეროში ფიქსირდება, სხვაობა 29-დან 44 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა. ეს მონაცემები არის დაჯამებული და არ არის დაყოფილი სამსახურებრივი პოზიციის და კვალიფიკაციის მიხედვით. თუკი ერთსა და იმავე კომპანიაში, ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებული კაცებისა და ქალების ხელფასების სხვაობას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ სხვაობა ხშირად მიზერულია: დიდი ბრიტანეთში 1 პროცენტი, აშშ-ში 5 პროცენტი, გერმანიაში 3 პროცენტი და საფრანგეთში 3 პროცენტი.
როგორც მონაცემები გვაჩვენებს, კაცების შედარებით მაღალი ხელფასები განსხვავებული და უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაოს ტიპით არის გამოწვეული. საფრანგეთში, გერმანიასა და ბრიტანეთში აღმასრულებელ პოზიციების 80-90 პროცენტს სწორედ კაცები იკავებენ. ამგვარად, გამოდის, რომ ქალებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი მაღალანაზღაურებად, აღმასრულებელ სამუშაო პოზიციებზე, ამასვე ადასტურებს სხვადასხვა ქვეყნების დასაქმების სტატისტიკა სფეროების მიხედვით.
მიუხედავად ამ მონაცემებისა აღსანიშნავია, რომ სხვაობის შემცირების მიმართულებით დინამიკა მეტად დადებითა. მაგალითად, 1963 წელს, როცა აშშ-ში "თანაბარი ხელფასის აქტი" მიიღეს, ქალების ჯამური ხელფასი კაცების ჯამური ხელფასის მხოლოდ 60 პროცენტს შეადგენდა. დღევანდელი მონაცემებით იგივე მაჩვენებელი 80 პროცენტს უტოლდება.
სხვაობა ხელფასებს შორის არსებობს ისეთ ქვეყნებშიც კი, რომლებიც მსოფლიოში მაქსიმალური თანასწორობით არიან ცნობილები. სკანდინავიის სახელმწიფოებში სხვაობა კაცებისა და ქალების ხელფასებს შორის 15 პროცენტს შეადგენს.
აღმასრულებელ პოზიციებზე ქალების სიმცირე და დასაქმების განსხვავებული სფეროები მნიშველოვნად მოქმედებს საბოლოო სურათზე, თუმცა არსებობს სხვა უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორებიც. მიზეზი, რის გამოც ქალები ნაკლებად მუშაობენ აღმასრულებელ და მაღალ ანაზღაურებად პოზიციებზე და რის გამოც მათი შემოსავალი კაცებთან შედარებით ნაკლებია, უმთავრესად არის ის, რომ ქალების უმრავლესობა ცხოვრების რაღაც ეტაპზე მშობელი ხდება.
ზემოთ განხილული კვლევები აჩვენებს, რომ დედობა და ოჯახური საქმიანობა არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ქალები ნაკლებად ახერხებენ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე მუშაობას და რის გამოც მათი შემოსავალი უფრო ნაკლებია ვიდრე კაცებისა.
ბავშვის დაბადების მომენტიდან ქალები თავისი დროის უდიდეს ნაწილს შვილთან ატარებენ, ამიტომაც ქალების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს იმუშავოს იმდენივე საათი რამდენსაც შვილის დაბადებამდე მუშაობდა. დედები ცდილობენ ისეთ სამუშაოზე დასაქმდნენ, რომელიც დროში განსაზღვრული იქნება და ხელს არ შეუშლის დედობრივი მოვალეობის შესრულებაში. ბავშვებზე ზრუნვისა და ოჯახური საქმიანობის ტვირთი უმთავრესად ქალებს აწვება, ამასვე ადასტურებს სხვადასხვა სახელმწიფოების სტატისტიკაც.
ბრიტანული გამოცემა Ecnomist-ის მონაცემებით ქალების რიცხვი, რომელთაც ბავშვის დაბადების შემდეგ შეამცირეს მუშაობა, გაცილებით დიდია, ვიდრე კაცების. დიდ ბრიტანეთში პირველი ბავშვის დაბადების შემდეგ სამსახურებრივ აქტივობას და წინსვლას ქალების 70 პროცენტი ამცირებს, კაცებში იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 11 პროცენტია. საფრანგეთში ქალების 55 პროცენტი და კაცების 13 პროცენტი, ავსტრალიაში ქალების 56 პროცენტი და კაცების 19 პროცენტი. დეკრეტული შვებულებიდან სამსახურში დაბრუნებული ქალები 4 პროცენტით უფრო ნაკლებ ხელფასს იღებენ, ვიდრე მიიღებდნენ იმ შემთხვევაში, ბავშვი რომ არ ყოლოდათ.
საქართველოს მსგავს ქვეყნებში ქალები გაცილებით რთული და მძიმე გამოწვევების წინაშე დგანან. საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული გენდერული მიდგომებისა და გავრცელებული პატრიარქარული წესრიგის გამო ქალებისთვის მაღალანაზღაურებადი სამუშაოს პოვნა გაცილებით უფრო რთულია.
ქალთა გაძლიერების და ეკონომიკური ჩართულობის ამაღლების პროექტის ფარგლებში გაეროს ქალთა ფონდის მიერ მომზადებული კვლევის შედეგებით, ქართველი ქალები სახლისა და ოჯახის საქმეებში გაცილებით უფრო მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე ევროპსა და ამერიკაში დასახლებული ქალები. თბილისში მცხოვრები, დასაქმებული ქალები ოჯახის საქმეებზე კვირაში, დაახლოებით 43 საათს ხარჯავენ, ანაზღაურებადი სამუშაო კვირა კი სულ 40 საათია. ოჯახურ საქმიანობაზე და შვილების მოვლაზე კიდევ უფრო მეტ დროს ხარჯავენ ქალები რეგიონულ ქალაქებში ხშირად ეს მაჩვენებელი კვირაში 50 საათსაც აჭარბებს. ამის პარალელურად საქართველოში კაცები ოჯახურ საქმიანობას საშუალოდ მხოლოდ 15 საათს უთმობენ.
კომენტარები