ანტარქტიდას შესაძლოა ნიუ-იორკზე ორჯერ დიდი აისბერგი მოსწყდეს
NASA აცხადებს, რომ ანტარქტიდაზე არსებულ ბრანტის შელფურ მყინვარს მალე შესაძლოა ნიუ-იორკზე ორჯერ დიდი აისბერგი მოსწყდეს, რაც ადგილზე მყოფ მეცნიერებს საფრთხეს შეუქმნის.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წარმოქმნილი ნაპრალი 2012 წლის შემდეგ ყოველწლიურად ოთხი კილომეტრით იზრდება. ახლა კი ის მალე მეორე მსგავს ბზარს შეიძლება შეუერთდეს, რომელსაც ჰელოუინის ნაპრალი ეწოდება. ამ ნაპრალის ზრდას მეცნიერები 2016 წლიდან აკვირდებიან.
ქვემოთ ბრანტის შელფური მყინვარის ორ გაერთიანებულ ფოტოს ხედავთ, ერთ-ერთი მათგანი 1986 წელს არის გადაღებული, რომელზეც აღნიშნული ნაპრალები არსად ჩანს, მეორე კი 2019 წლის ფოტოა და მასზე ჰელოუინის ნაპრალსა (ფოტოს ზემოთა ნაწილში) და 2012 წელს გაჩენილ ბზარს ცხადად ვხედავთ.
"ბრანტის შელფური ყინულის ბედი დიდი ალბათობით იმაზეა დამოკიდებული, თუ სად შეერწყმება ორი ნაპრალი ერთმანეთს. არსებობს შანსი, რომ მოხდეს ბრანტის შელფური მყინვარის დესტაბილიზაცია", - აცხადებს ნასას გეოლოგი ჯო მაკგრეგორი.
ნასა აცხადებს, რომ მყინვარებს აისბერგები ყოველთვის სწყდებოდა, თუმცა ახლა ეს პროცესი ბევრად უფრო დაჩქარებულია.
თუ ბრანტის შელფურ მყინვარს აისბერგი მართლაც მოსწყდება, მისი ზომა შესაძლოა 1 700 კვადრატულ კილომეტრს აღემატებოდეს. ეს ორჯერ უფრო დიდია, ვიდრე ნიუ-იორკი. ყველაზე დიდ აისბერგს, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა, B-15 ეწოდება, მისი ზომა კი 11 000 კვადრატულ კილომეტრს აღემატებოდა.
ახლა ყველაზე დიდი საფრთხე ამ ზონაში არსებულ სამეცნიერო ბაზასა და იქ მყოფ მეცნიერებს ემუქრებათ. ბრანტის შელფურ მყინვარზე ჰეილის სამეცნიერო სადგურია განთავსებული, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს. თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ რეგიონში მომხდარი ცვლილებების გამო ბაზამ ფუნქციონირება ორჯერ შეწყვიტა. ხოლო თუ ბრანტის შელფურ მყინვარს აღნიშნული აისბერგი მართლაც მოსწყდება, სამეცნიერო ბაზას დიდი ალბათობით ადგილის შეცვლა კიდევ ერთხელ მოუწევს.
კომენტარები