როგორ მოხვდა მკვდარი ვეშაპი ამაზონის ჯუნგლებში? მეცნიერები პასუხებს ეძებენ
სამხრეთ ამერიკის ჯუნგლები დედამიწაზე ბიომრავალფეროვნებით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია, თუმცა, როდესაც მეცნიერებმა შუა ჯუნგლებში უზარმაზარი კუზა ვეშაპის კარკასი აღმოაჩინეს, ცხადი იყო, რომ აქ რაღაც უცნაურობასთან გვქონდა საქმე.
პარასკევს ბრაზილიის ჩრდილოეთში არსებულ მანგროს ტყეებში საკონსერვაციო ჯგუფმა 8-მეტრიანი კუზა ვეშაპის კარკასი იპოვა.
დაახლოებით ერთი წლის ვეშაპი მარაჟოს კუნძულის სანაპიროდან დაახლოებით 15 მეტრში აღმოაჩინეს. სავარაუდოა, რომ ვეშაპმა მდინარე ამაზონის შესართავში შეცურა, შემდეგ კი მიქცევისა და მოქცევის გამო ის წყალში ვეღარ დაბრუნდა.
შაბათ-კვირას ვეშაპის კარკასს ნიმუშების ასაღებად მეცნიერთა ჯგუფი ეწვია, რათა დადგინდეს, თუ რამ გამოიწვია ვეშაპის დაღუპვა.
კუზა ვეშაპი უკბილო ვეშაპთა ერთ-ერთი სახეობაა, რომლის სიგრძეც 16 მეტრს აღწევს. ამჟამად მათი პოპულაცია იზრდება, თუმცა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაში აღნიშულ სახეობას კვლავ საფრთხეში მყოფის სტატუსი აქვს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ კუზა ვეშაპების პოპულაციები ძალიან ფრაგმენტული და ერთმანეთისგან განსხვავებულია.
ზოგი მეცნიერი იმასაც კი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ წყნარ ოკეანეში, ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანეში და სამხრეთ ნახევარსფეროში მცხოვრები კუზა ვეშაპები სხვადასხვა სახეობად უნდა იქნეს აღიარებული, რადგან ისინი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან.
კუზა ვეშაპები მსოფლიოს ოკეანეების უმეტეს ნაწილში ბინადრობენ, მათ შორის ამაზონის შესართავთანაც. კუზა ვეშაპები პოლარულ წყლებში იკვებებიან, შემდეგ კი გასამრავლებლად უფრო თბილ წყლებში ინაცვლებენ, საბოლოო ჯამში ყოველწლიურად ისინი ათი ათასობით კილომეტრს გადიან.
თუმცა, კუზა ვეშაპების ამ რეგიონში პოვნა წლის ამ დროს ძალიან უცნაურია. ამიტომ მეცნიერები ფიქრობენ, რომ ახალგაზრდა ვეშაპი საკუთარ ჯგუფს მიგრაციისას შემთხვევით გამოეყო, შემდეგ კი სტრესის გამო დაიღუპა.
წყლის ძუძუმწოვრები ხმელეთზე სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება გამოირიყონ, მაგალითად, ცუდი ამინდის ან დაავადების გამო.
ერთ-ერთი საინტერესო თეორიის მიხედვით, ვეშაპების გამორიყვას შესაძლოა მზის ქარიშხლებიც იწვევდეს, ამ დროს მზიდან წამოსული ელექტრომაგნიტური ენერგია შესაძლოა ვეშაპების ბიოლოგიური კომპასის მოშლას იწვევდეს.
ვეშაპების გამორიყვის ერთ-ერთ მიზეზად ხშირად სახელდება სონარიც, რომელსაც გემები საორიენტაციოდ იყენებენ. სონარი წყალქვეშ სხვადასხვა ობიექტების აღმოსაჩენი სისტემაა, რომელიც მაღალი სიხშირის ბგერებს იყენებს. ეს ბგერები კი ვეშაპებში სტრესს იწვევს, რაც მათი ყვინთვის სიხშირის ცვლილებით და საბოლოოდ დეკომპრესიის ავადმყოფობით სრულდება.
კომენტარები