თინეიჯერობისას მარიხუანის მოხმარება ზრდასრულობისას დეპრესიის მომატებულ რისკთან დაკავშირდა
ახლახან ჩატარებული კვლევის მიხედვით, თინეიჯერობისას მარიხუანის მოხმარება ზრდასრულ ასაკში დეპრესიის განვითარების რისკს ზრდის.
თინეიჯერებში მარიხუანა ალკოჰოლსა და თამბაქოზე უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს. მარიხუანას ლეგალიზებას მხარს მსოფლიოს მასშტაბით უფრო და უფრო მეტი ადამიანი უჭერს, რის გამოც მის უარყოფით თვისებებზე საუბარი ხშირდება.
ოქსფორდისა და მაკგილის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა ჟურნალ Jama Psychiatry-ში გამოქვეყნდა, მასში 11 სხვადასხვა კვლევაა გაანალიზებული, რომლებშიც ჯამში 24 000 თინეიჯერი იღებდა მონაწილეობდა.
კვლევის შედეგად მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ 18 წლამდე მარიხუანის ყოველკვირეულად გამოყენება ზრდასრულ ასაკში დეპრესიის განვითარების რისკს 37 პროცენტით ზრდიდა. უფრო მეტიც, მეცნიერები ფიქრობენ, რომ აშშ-ში თეინეიჯერობისას მარიხუანის მოხმარებით გამოწვეული დეპრესია ჯამში 400 000 ადამიანს აწუხებს.
კვლევის შედეგები ასევე მიუთითებდა იმაზე, რომ თინეიჯერებში, რომლებიც მარიხუანას იყენებდნენ სუიციდს რისკი გასამმაგებული იყო, თუმცა აღნიშნული საკითხი სტატისტიკურად ძლიერად გამყარებული არ იყო.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ეს შედეგები ამ საკითხების ერთმანეთთან ასოციაციას გამოხატავს და არა მათ პირდაპირ მიზეზობრიობას, თანაც აღნიშნულ ანალიზში მხოლოდ 11 კვლევა იყო განხილული.
მეცნიერებმა ჯამში 4 000 სამეცნიერო სტატია შეამოწმეს, რომელთაგანაც შეარჩიეს ის 11, რომელშიც მენტალური ჯანმრთელობა და მარიხუანას გამოყენება პატარა ასაკიდანვე იყო აღწერილი.
აღსანიშნავია, რომ კვლევებში მარიხუანის რაოდენობა და სიძლიერე, რომელსაც თინეიჯერები მოიხმარდნენ, დაკონკრეტებული არ იყო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კვლევები საკმაოდ ძველია - ახლა მარიხუანა ბევრად უფრო ძლიერმოქმედია, ვიდრე ის რამდენიმე ათწლეულის წინ იყო.
"ამ შედეგების ინტერპრეტირება დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს, რადგან ის მცირე რაოდენობის კვლევებს ეყრდნობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, შემჩნეული ტენდენცია საკმაოდ ძლიერია. აღნიშნულმა კვლევამ მარიხუანის პოლიტიკასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს", - აცხადებს კოლუმბიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის ეპიდემიოლოგი გუჰა ლი, რომელიც აღნიშნულ კვლევაში ჩართული არ იყო.
ამჟამად აშშ-ს 33 შტატში სამედიცინო მიზნებისათვის მარიხუანა ლეგალურია, 10 შტატში კი მისი მოხმარება რეკრეაციული მიზნებისთვისაც დაშვებულია. მარიხუანის ლეგალიზებას მხარს უჭერს პოლიტიკოსების დიდი ნაწილიც.
"იმის დადგენას, თუ რა შედეგები ექნება მარიხუანის ლეგალიზებას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, წლები და კიდევ უამრავი კვლევა დასჭირდება", - აცხადებს გუჰა ლი.
კომენტარები